უკვე მესამე დღეა აშშ-ში, კერძოდ ლოს-ანჯელესში ქუჩაში გამოსულ ხალხსა და პოლიციას შორის შეტაკებები მიმდინარეობს.
საიმიგრაციო პოლიტიკით უკმაყოფილო ათასობით ადამიანი ქუჩებში მას შემდეგ გამოვიდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია უსაბუთო მიგრანტების დაკავებებისა და საიმიგრაციო რეიდების შესახებ.
მომიტინგეები უსაფრთხოების ძალებს ქვებსა და ჯოხებს ესვრიან, ბარიკადებს აგებენ და ქალაქის ძირითად გზებს ბლოკავენ.
გადამწვარია ქუჩები, ისმის აფეთქებების ხმა, დაშავდნენ ჟურნალისტები.
პოლიცია და ეროვნული გვარდია კი მომიტინგეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიებსა და ცრემლსადენ გაზს იყენებს.
მოვლენების გაშუქებისას დაშავდა რამდენიმე ჟურნალისტი. ინტერნეტში ვრცელდება ვიდეოც, სადაც ავსტრალიელ ჟურნალისტს საპროტესტო აქციების გაშუქებისას რეზინის ტყვია შემთხვევით ხვდება.
ლოს-ანჯელესში მასობრივი არეულობა 6 ივნისს, ქალაქ პარამაუნტში დაიწყო და მასშტაბურ გამოსვლებში გადაიზარდა.
როგორც მედია წერს, ქუჩებში ძირითადად ლათინოამერიკელი მოსახლეობა გამოვიდა. მთელი ამ დღეების განმავლობაში დემონსტრანტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის დაპირისპირება არ შეწყვეტილა.
დააკავეს 100-ზე მეტი მომიტინგე. რამდენიმე პოლიციელი დაშავდა.
ნიუსომმა ტრამპი კრიზისის შექმნის მცდელობასა და კალიფორნიის შტატის სუვერენიტეტის დარღვევაში დაადანაშაულა.
„ოფიციალურად მოვითხოვე ტრამპის ადმინისტრაციისგან, გააუქმოს ჯარების უკანონო განლაგება ლოს-ანჯელესის ოლქში. არ გვქონია პრობლემა, სანამ ტრამპი არ ჩაერთო. ეს არის შტატის სუვერენიტეტის სერიოზული დარღვევა. გააუქმეთ ბრძანება. დაუბრუნეთ კონტროლი კალიფორნიას“, - განაცხადა ნიუსომმა.
მისი მტკიცებით, ტრამპის ქმედებები დიქტატორის ქმედებებია და არა პრეზიდენტის.
„ძალადობის წაქეზება და პროვოცირება, მასობრივი ქაოსის შექმნა, ქალაქების მილიტარიზაცია, ოპონენტების დაპატიმრება - ეს დიქტატორის ქმედებებია და არა პრეზიდენტის“, - დაწერა მან X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
თეთრმა სახლმა ნიუსომის კომენტარი გააპროტესტა და განაცხადა, რომ „ყველამ დაინახა ქაოსი, ძალადობა და უკანონობა“.
ამასთან, როგორც ცნობილი გახდა, დონალდ ტრამპმა აქციებზე ნიღბების ტარება აკრძალა.
“ამიერიდან, საპროტესტო აქციებზე ნიღბების ტარება აკრძალული იქნება“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, ლოს-ანჯელესში საიმიგრაციო რეიდების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით წერს.
“ორდღიანი ძალადობის, შეტაკებებისა და არეულობის შემდეგ, ლოს-ანჯელესში ეროვნულმა გვარდიამ შესანიშნავი სამუშაო შეასრულა. ჩვენ გვყავს არაკომპეტენტური გუბერნატორი (ნიუსომი) და მერი (ბასი), რომლებიც, როგორც ყოველთვის სამუშაოს შესრულებას ვერ ახერხებენ“, - წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.
დონალდ ტრამპის თქმით, მისი ადმინისტრაცია „რადიკალურ მემარცხენე საპროტესტო აქციებს, რომლებშიც ადამიანები ანაზღაურების სანაცვლოდ მონაწილეობენ, არ მოითმენს“.
„ასევე, ამიერიდან, საპროტესტო აქციებზე ნიღბების ტარება აკრძალული იქნება. რა აქვს ამ ხალხს დასამალი და რატომ??? კიდევ ერთხელ, მადლობა ეროვნულ გვარდიას“, - აღნიშნავს დონალდ ტრამპი.