ირანის ხელისუფლებამ, ქვეყნის რამდენიმე ქალაქში, საჯარო სივრცეებში ძაღლების გასეირნება აკრძალა.
აკრძალვის მიზეზად სახელდება საზოგადოებრივი წესრიგის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების საკითხები.
1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ ირანში ძაღლების ყოლა ნაწილობრივ აიკრძალა, რადგან ხელისუფლება ძაღლებს „უწმინდურ“ არსებებად და დასავლური კულტურული გავლენის მემკვიდრეობად მიიჩნევს.
თუმცა, როგორც BBC წერს, ხელისუფლების მცდელობების მიუხედავად, იზრდება ახალგაზრდების რიცხვი, რომლებსაც ძაღლი ჰყავს. ეს ირანის შემზღუდავი რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტის ფორმად აღიქმება.
საინფორმაციო სააგენტო AFP-ის ცნობით, აკრძალვა დაწესდა ისეთ ქალაქებში, როგორიცაა ისპაჰანი და ქერმანი.
„ძაღლების გასეირნება საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ ჯანმრთელობას, სიმშვიდესა და კომფორტს“, - განუცხადა სახელმწიფო გაზეთ „ირანს“ დასავლეთით მდებარე ქალაქ ჰამედანის პროკურორმა აბას ნაჯაფიმ.
ყოფილა შემთხვევები, რომ საზოგადოებრივ ადგილებში ძაღლის გასეირნების გამო, პატრონები დაუპატიმრებიათ და შინაური ცხოველი ძალის გამოყენებით ჩამოურთმევიათ.
ამასთან, ირანის კულტურისა და ისლამური ხელმძღვანელობის სამინისტრომ 2010 წელს შინაური ცხოველებისა და შინაური ცხოველების პროდუქტების რეკლამა აკრძალა.