ავტორი:

"ექიმების ოჯახიდან არ ვარ... ჩემი პირველი პაციენტი წლების შემდეგ მოხვდა იმ კლინიკაში, სადაც მე ვმუშაობ..." - "სახალხო ინტერვიუ" ივანე ჩხაიძესთან

"ექიმების ოჯახიდან არ ვარ... ჩემი პირველი პაციენტი წლების შემდეგ მოხვდა იმ კლინიკაში, სადაც მე ვმუშაობ..." - "სახალხო ინტერვიუ" ივანე ჩხაიძესთან

Ambebi.ge-სა და „პალიტრანიუსის“ ერთობლივი პროექტის "სახალხო ინტერვიუ" ძირითადად მკითხველის კითხვებზეა აგებული. როგორც იცით, პრინციპი ასეთია - დაუსვი შეკითხვა რესპონდენტს Ambebi.ge-ს კომენტარების ველში და დაელოდე მის პასუხს "პალიტრანიუსის" ტელეეთერში.

  • "სახალხო ინტერვიუს" მორიგი სტუმარია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი და იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე.

გთავაზობთ გადაცემიდან საინტერესო ეპიზოდებს, ხოლო "სახალხო ინტერვიუს" სრული ვერსიის ნახვას ქვემოთ მითითებულ ბმულზე შეძლებთ.

სოფო

- მოგესალმებით. ბატონო ვანიკო, მედიცინა რატომ აირჩიეთ თქვენი საქმიანობის სფეროდ და შემდგომ უკვე პედიატრია? ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილი ხართ?

- რა თქმა უნდა, ამ არჩევანით კმაყოფილი ვარ. ხშირად სვამენ ხოლმე კითხვას, - დრო უკან რომ დაბრუნდეს, იმავე გადაწყვეტილებას მიიღებდით თუ არა? დიახ, ზუსტად იმავე გადაწყვეტილებას მივიღებდი. მე არ ვარ ექიმების ოჯახიდან, ჩემი მშობლები და არც ახლო ნათესავები მედიცინის სფეროში არ მოღვაწეობდნენ. ასე რომ, ეს გადაწყვეტილება ჩემი პირადი სურვილი იყო და ამაში დიდი როლი ითამაშა ერთმა წიგნმა. ეს იყო არჩიბალდ გრონინის „ციტადელი,“ სადაც ექიმის ცხოვრებაა აღწერილი. ამ წიგნმა, თვით ექიმის ცხოვრებამ იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ ჩემი გადაწყვეტილება, მომავალში საქმიანობის სფეროდ მედიცინა ამერჩია, აქედან მოდის.

ნიკა

- რა არის დღეს თქვენი კლინიკისთვის მთავარი გამოწვევა და რატომ?

- ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა "იაშვილისთვის“ იყო ისეთი მნიშვნელოვანი სადიაგნოსტიკო აპარატის ქონა, როგორც არის მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია - MRT კვლევა. ჩვენ, რამდენიმე დღეში, პირველ პაციენტს ჩავუტარებთ ამ კვლევას, რომელიც ძალზე მნიშვნელოვანი და ინფორმატიული კვლევაა. ეს დიაგნოსტიკური გამოწვევა, რომელიც აქამდე გვქონდა, უკვე აღარ არსებობს, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ძირითადი გამოწვევა, რომელიც დარჩა, ეს ეხება არა მარტო სამედიცინო პერსონალს და არა მხოლოდ ჩვენს კლინიკას, აქ ვგულისხმობ, საშუალო სამედიცინო პერსონალის საკითხს. ეს მართლაც სერიოზული დეფიციტია. ძირითადი კადრი, რომელიც ჩვენთან მუშაობს, განსაკუთრებით კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, სამედიცინო უნივერსიტეტების სტუდენტები არიან. მათ უფლება აქვთ, მეოთხე კურსიდან, სამი წლის განმავლობაში მონაწილეობა მიიღონ პაციენტის მართვაში. სამი წლის შემდეგ ისინი სამედიცინო საქმიანობას იწყებენ და ამ თვალსაზრისით აღარ შეუძლიათ კლინიკაში ამ პოზიციაზე მუშაობა. ეს საკითხი არა მარტო საქართველოში, ბევრ ქვეყანაში სერიოზული გამოწვევაა.

დალი აბაშიძე

- რას ფიქრობთ, ბავშვების გახშირებულ ავადობაზე. ვგულისხმობ სეზონურ ვირუსებს, რომელიც ზამთრის განმავლობაში ბავშვებს ხან 12-ჯერ ხვდებათ. ხომ ფაქტია, რომ ადრე ასე არ იყო...

- მნიშვნელოვანია, რომ ეს სიხშირე მართლაც ასეა. სავსებით შესაძლებელია, გვიანი შემოდგომიდან დაწყებული, ზამთრის ბოლომდე ბავშვების ავადობის სიხშირე ზუსტად ასეთი იყო - ბავშვი 10-12-ჯერ გახდეს ავად. ეს არ მიგვაჩნია განსაკუთრებულ მოვლენად, რადგან მნიშვნელოვანი არ არის, რამდენჯერ გახდება თქვენი შვილი ავად. მნიშვნელოვანია ავადობის სიმძიმე. შეიძლება 12-ჯერ გახდეს ავად და ვირუსი სახლში, გადაიტანოს, უბნის ექიმის, თუნდაც სატელეფონო კონსულტაციის ფონზე.

თუ 2-ჯერ გახდება წლის განმავლობაში ავად, ორივეჯერ ფილტვების ანთება ექნება და მოგიწევთ მისი საავადმყოფოში მოთავსება, ეს გაცილებით საყურადღებოა. მნიშვნელოვანია მისი შემდგომი გამოკვლევა და მონიტორინგი, ვიდრე იმ პაციენტის, რომელიც 12-ჯერ გახდა ავად.

2-ჯერ ფილტვების ანთების შემთხვევაში ვფიქრობთ, უკვე იმუნური სისტემის დეფიციტზე. ამიტომ უმჯობესია აქცენტი გვქონდეს არა ავადობის სიხშირეზე, არამედ, იმაზე რით გახდა ავად, დაგვჭირდა თუ არა საავადმყოფოში მოთავსება, ანტიბიოტიკები, განსაკუთრებით ინტრავენური. ხომ არ იყო ამ შემთხვევებს შორის ფილტვის ანთების ეპიზოდი, ჩირქოვანი ანგინისა თუ ჩირქოვანი ოტიტის ეპიზოდები... რაც შეეხება იმას, ადრე ასე იყო თუ არა, გეტყვით, რომ სულ ასე იყო, არაფერი ახალი ამაში არ არის.

ბავშვების იმუნური სისტემის ფიზიოლოგიური მდგომარეობა როგორც ახლა - 21-ე საუკუნეში, ისეთივე იყო მე-20-შიც. ვირუსების რაოდენობა არ გაზრდილა, თუ არ დავამატებთ, კორონავირუსს. მოკლედ, ეს სტანდარტული მდგომარეობაა და ასე იქნება წლების შემდეგაც.

ნიკუშა

- პატარებში სიმსივნით ავადობის მაჩვენებელი როგორც ვიცი, არც ისე დაბალია. თქვენი დაკვირვებით, სამეცნიერო კვლევებით, რა იწვევს პატარებში ამას და რამდენად ექვემდებარება განკურნებას?

- ამ სერიოზული და მძიმე დაავადების განკურნების შესაძლებლობა ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტია. ყოველწლიურად მატულობს დიაგნოსტიკური შესაძლებლობები, მათ შორის, ადრეული დიაგნოსტიკა, სკრინინგი. ასევე მეტი ეფექტური მედიკამენტი ხვდება ფარმაცევტულ ბაზარზე და გამოსავლის თვალსაზრისით, სტატისტიკა არის გაუმჯობესებული. დაავადება, რომელიც ყველაზე გავრცელებულია ბავშვთა ასაკში ონკოლოგიურ დაავადებებს შორის, არის მაინც ლეიკემია და მისი მორჩენის მაჩვენებელიც მაღალი. განვითარებულ ქვეყნებში 90%-მდე ადის და ზოგიერთი დიაგნოზის შემთხვევაში, უფრო მეტიც. ასე რომ, დაავადებების მკურნალობა და პრევენცია ონკოლოგიურ დაშვებების ყოველწლიურად უმჯობესდება - შედეგი სახეზეა.

ცნობილია, რომ სიმსივნურ პროცესების ჩამოყალიბებისას შეიძლება იყოს გენეტიკური ფაქტორი, ასევე გარემო ფაქტორი, ინფექციური ფაქტორი, რადიაცია. სამწუხაროდ ყოველთვის ამ მიზეზის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ადრეული დიაგნოსტირება და ამის შესაძლებლობები წინა წლებთან შედარებით ბევრად მეტია. იმედი გვაქვს, რომ ახლო მომავალში როგორც დიაგნოსტირების, ასევე მკურნალობის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი პროგრესი გვექნება.

თამარი

- ვირუსული ინფექციები ამ ეტაპზე რა ფაზაშია - გასულ ზამთარს როგორ შეაფასებთ - როგორ დაიძლია ის? რა გამოწვევები იყო?

- ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში გვაქვს 200.000 დოზა უფასო ვაქცინა შემოტანილი. გვაქვს შესაძლებლობა, შევთავაზოთ რისკის ჯგუფებს და მათ შორის ბავშვებსაც. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველაზე სერიოზული გამოწვევად რჩება, რომელიც ათვისებული არ არის, თუმცა ისიც მნიშვნელოვანია, რომ თანდათან მეტი და მეტი ადამიანი რწმუნდება საკუთარი გამოცდილების მაგალითზე რამდენად ეფექტურია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. მთავარი ის არის, რომ ჩვენ მაინც ვერ მივაღწიეთ იმას, რომ გრიპის ვაქცინაცია ჩვენი სამედიცინო თუ პრევენციული კულტურის შემადგენელი ნაწილი გახდეს.

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ეხება ბავშვებს, ორსულებს, ქრონიკული დაავადებების მქონეებს, 60 წელს გადაცილებულ მოსახლეობას. ის რომ, ქვეყანაში ეს საკითხი მაინც გამოწვებად რჩება, ამის მიზეზი ალბათ ადამიანების ნაკლები ინფორმირება და ექიმების ნაკლები აქტიურობაა. თებერვლის მერე ნახევარში და გრიპის ვირუსი მოცირკულირე ვირუსების 80%-ზე მეტს შეადგენდა. საბედნიეროდ ამ ვირუსებმა ნაკლებად მძიმედ ჩაიარა - ვგულისხმობ გარდაცვალების მაჩვენებელს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, წელს გარდაცვალების სულ ერთეული შემთხვევა იყო.

ნინო

- თუ არსებობს რაიმე სტატისტიკა, კოვიდის დროს რამდენი ბავშვი დაიღუპა საქართველოში და რატომ ვერ მოხერხდა მათი გადარჩენა?

- 17.000 ადამიანი დაიღუპა პანდემიის დროს ჩვენს ქვეყანაში. საკმაოდ მაღალი ციფრია. ამ 17.000 პაციენტს შორის, ბოლო სტატისტიკის მიხედვით, 9 პედიატრიული იყო. ამ თვალსაზრისით პედიატრიული ლეტალობა ქვეყანაში ძალიან დაბალი გახლდათ. ამ 9-ვე პაციენტის შემთხვევაში თანარსებული მძიმე მდგომარეობა გახლდათ, რამაც ასეთი მძიმე გამოსავალი განაპირობა. ამ ბავშვებთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია გვაქვს და ვიცით, რომ მათი გარდაცვალება შეუძლებელი იყო. პანდემიის უკან ის მძიმე გართულება აღმოჩნდა, რაც განსაკუთრებით პანდემიის პირველ წელს ახასიათებდა.

ანა

- გახსოვთ თქვენი პირველი პაციენტი? რა დიაგნოზი ჰქონდა და როგორ წარიმართა შემდგომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

- სამედიცინო უნივერსიტეტი 1980 წელს დავამთავრე. პირველივე წლიდან ჩავირიცხე კლინიკურ ორდინატურაზე. ეს მაძლევდა იმის საშუალებას, მემუშავა როგორც კათედრაზე, ისე საავადმყოფოში, კერძოდ, ბავშვთა პირველ საავადმყოფოში... პირველი პაციენტი, რომელიც ნამდვილად კარგად მახსოვს, წლამდე ასაკის ბავშვი გახლდათ, სეფსისით, საკმაოდ მძიმე პაციენტი იყო. თავიდან ბოლომდე ვმართე კათედრის ხელმძღვანელის, ბატონ ნოდარ ხერხეულიძის დახმარებით. პაციენტმა საკმაოდ დიდხანს დაყო კლინიკაში და გამოჯანმრთელებული გაეწერა. შემდეგ ოჯახთან გარკვეული ურთიერთობა მქონდა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ამ პაციენტს, წლების შემდეგ, ჩვენს კლინიკაში, როგორც კლინიკის თანამშრომელს, ტექნიკური პერსონალს ისე შევხვდი. დღეში შეიძლება რამდენჯერმე შევხვდე მას, - ძალიან აქტიური, ენერგიული ახალგაზრდაა. ეს არის იშვიათი გამონაკლისი, როდესაც ასეთი თანხვედრაა, პირველი პაციენტი, რომელიც წლების შემდეგ მოხვდა იმ კლინიკაში, სადაც მე ვმუშაობ.