ავტორი:

"ხან მგონია, რომ აფრიკაში კი არა, სამეგრელოში გავთხოვდი... ოჯახში მზარეული ჩემი მეუღლეა, ცხრაკლიტულში გვიწევს ცხოვრება" - ქართველი ქალის საინტერესო ცხოვრება უცხო კონტინენტზე

"ხან მგონია, რომ აფრიკაში კი არა, სამეგრელოში გავთხოვდი... ოჯახში მზარეული ჩემი მეუღლეა, ცხრაკლიტულში გვიწევს ცხოვრება" - ქართველი ქალის საინტერესო ცხოვრება უცხო კონტინენტზე

ადამიანის შესაძლებლობები განუსაზღვრელია და თუ მოინდომებს, მყარად დასახულ მიზანს აუცილებლად მიაღწევს. ეს ყველაფერი ია მირიანაშვილის მაგალითზე ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ. ის წლებია ოჯახთან ერთად აფრიკაში ცხოვრობს, არის ინგლისურის ენის ცენტრის Smartlings Education-ის დამფუძნებელი და ცნობილი ვლოგის MiAfrika-ს ავტორი, ასევე აფრიკაში ტურების ორგანიზატორი.

ამ წარმატებული ადამიანის ამბავი კი ასე იწყება:

დაიბადა გურჯაანში, დაამთავრა სოფელ ველისციხის საჯარო სკოლა. მოგვიანებით სასწავლებლად თბილისში გადმოვიდა. პედაგოგების ოჯახში დაბადებული გოგონა იმ ღირებულებებზეა გაზრდილი, რაც შეიძლება ქართულ ტრადიციულ ოჯახში იყოს.

"ვარ ღვთის მოშიში, ადამიანების ერთგული, უღალატო, ჰუმანური, ემპათიური, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით... სკოლის დირექტორმა მამამ ბავშვობიდან დიდი პასუხისმგებლობა დამაკისრა. საერთოდ, მშობლებმა შთამაგონეს, რომ უნდა ვყოფილიყავი მაგალითის მიმცემი, როგორც მთელი სკოლისთვის, ისე უმცროსი დედმამიშვილებისთვის.

მეც ენერგიას არ ვიშურებდი, რომ ყველა საგანი ერთნაირად კარგად მესწავლა. მერვე კლასიდან რეგიონულ ოლიმპიადებში ვმონაწილეობდი, მაქვს უამრავი დიპლომი... მასწავლებლები დღემდე ინახავენ ჩემ დაწერილ თემებს და მომავალ თაობებს აჩვენებენ სამოტივაციოდ. ბავშვობის წლებმა, ვფიქრობ, დიდი გავლენა იქონია ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში. მასწავლა შრომისმოყვარეობა, რკინის ნებისყოფა და დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა განმივითარა.

ამას ემიგრაცია დაემატა, რამაც უფრო გამაძლიერა როგორც მორალურად, ისე - ფიზიკურად. მუდმივი ზრდა და განვითარება გახდა ჩემი მთავარი ამოცანა. კონკურენტუნარიან გარემოში ცხოვრებით, სტრესული სიტუაციების მართვა ვისწავლე,“ - აღნიშნავს ია მირიანაშვილი.

- მამას ხათრი არ გაუტეხეთ, სამედიცინოზე ჩააბარეთ, მაგრამ თავს ექიმად ვერ წარმოიდგენდით. რატომ?

- ჩემი ბავშვობა და ახალგაზრდობა, ისეთ დროს დაემთხვა, როცა ყველა კარგი აკადემიური მოსწრების ბავშვი ექიმი უნდა გამხდარიყო, - მოდაში იყო. მოდას აყოლა არ მჩვევია. იმის გამო, რომ ვარ გულისხმიერი, მაქსიმალისტი და დეტალებზე ორიენტირებული, მამას სჯეროდა, რომ ძალიან კარგი ექიმი ვიქნებოდი და ისიც ავად არასოდეს გახდებოდა. სწორედ, მისი სურვილის გათვალისწინებით, სამწლიანი თავდაუზოგავი შრომის შემდეგ 2005 წელს ი. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო საქმეზე ჩავაბარე.

მამის დიდი ხათრი მქონდა, მაგრამ ექიმობა ჩემი მოწოდება არასოდეს ყოფილა. ინგლისური ენის მიმართ დიდმა სიყვარულმა თავისი გაიტანა და შევიცვალე პროფესია. დავიწყე ენის საფუძვლიანად შესწავლა და მამაც დავარწმუნე, რომ ჩემით ისე იამაყებდა, რომ ცუდად ყოფნის მიზეზი არასოდეს ექნებოდა. მგონი, გამომივიდა...

- ახალგაზრდა თაობის სწავლა-განათლების მიმართულებით რატომ მოგწონდათ საქმიანობის გაგრძელება და პედაგოგიური კუთხით საქმიანობა რატომ გადაწყვიტეთ?

- "თუ იმას აკეთებ, რაც გიყვარს, ერთი დღეც არ მოგიწევს მუშაობა’’ - მარკ ტვენის ეს სიტყვები მახსენდება. ყველა ადამიანის მთავარი საზრუნავი უნდა იყოს გამოარკვიოს, რისი კეთება უყვარს და ამ მხრივ განავითაროს თავისი ცხოვრება. ადრეული ასაკიდან მივხვდი, რომ მასწავლებლად ვიყავი დაბადებული და დავიწყე ზრუნვა საერთაშორისო ასპარეზზე, სხვადასხვა ქვეყანაში მიმეღო სწავლების გამოცდილება, დავუფლებოდი თანამედროვე სწავლების მეთოდოლოგიას და მისი ადაპტაცია მომეხდინა ძველ ტრადიციულ მეთოდებთან საუკეთესო შედეგის მიღების მიზნით.

- ჩინეთში გამგზავრების სურვილი საიდან და რატომ გაგიჩნდათ და რას საქმიანობდით იქ?

- პროფესიონალ მასწავლებლად ჩამოყალიბების გზაზე მყოფმა აღმოვაჩინე, რომ ჩინეთი არის ქვეყანა, სადაც „განათლება“ ეხება „მთლიან ბავშვს“ - თითოეული მოზარდის ფიზიკურ, სოციალურ - ემოციურ, კოგნიტურ აზროვნებასა და ენობრივ პროგრესს. იმ ქვეყანაში გავეშურე, სადაც ხალისით სწავლისთვის ყველა პირობაა შექმნილი და მასწავლებლის პროფესია დაფასებულია. იქ ბავშვები განებივრებულები არიან საინტერესო და ეფექტურად დაგეგმილი აქტივობით, რის გამოც ხდებიან ინტელექტუალურად ცნობისმოყვარეები და სოციალურად თავდაჯერებულები. ასევე ეს მტკიცე საფუძველს აძლევს სიცოცხლის მანძილზე სწავლისთვის. მიზეზი, თუ რატომ ექცევა ჩინეთში განათლებას ამხელა ყურადღება, არის ის, რომ 1979 წელს დაიწყო „ერთი ბავშვის პოლიტიკა“.

ოჯახებს ერთ შვილზე მეტის ყოლის უფლება არ ჰქონდათ. ბევრმა მშობელმა შეშფოთება იმის გამო გამოხატა, რომ მათი ერთადერთი შვილი მარტოსული იყო და კარგავდა საკმაოდ ღირებულ - სოციალური ურთიერთობის შესაძლებლობას. ეს მშობლები უფრო და უფრო მნიშვნელოვან როლს ანიჭებდნენ მომავალი თაობის სოციალურ განვითარებას. შესაბამისად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ, ადრეული განათლების სპეციალისტებმა, მშობლებმა დაიწყეს განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა ბავშვის ადრეული განათლებისადმი. ბავშვის განათლება - განვითარება და ჯანმრთელობა, ინტელექტის განვითარება და სოციალურ ემოციური კეთილდღეობა გახდა ყველას ძირითადი საზრუნავი ჩინეთში. მოკლედ, „ერთი შვილის ყოლის პოლიტიკამ“ გააძლიერა აქცენტი ადრეულ განათლებაზე, ოჯახების ჩართულობასა და ინვესტირებაზე მათ ერთადერთ შვილში.

ჩინეთში ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა, ყირაზე დააყენა ყველა ჩემი მოსაზრება და თეორია სწავლა-განათლებასთან დაკავშირებით. დიდი სიხარულით ჩავერთე მათი განათლების სისტემაში, 7 წლის განმავლობაში ვმუშაობდი უამრავ სკოლაში, როგორ სახელმწიფო, ისე კერძოში. ბოლოს საკუთარი სკოლის გახსნის ლიცენზიაც მოვიპოვე. ქალაქ შენჟენში, ჩინეთის ერთ-ერთ მეგაპოლისში ავიხდინე ოცნება - რომლის ასრულება საქართველოშიც კი წარმოუდგენლად მეჩვენებოდა. მოვიპოვე საკუთარი სასწავლო ცენტრის ლიცენზია ჰონგ-კონგში და ქალაქ შენჟენში დავაარსე საკუთარი ინგლისური ენის სასწავლო ცენტრი. ჩემი პირველი შვილიც ჩინეთშია დაბადებული.

- მომავალი მეუღლე იქ ხომ არ გაიცანით? რას გვეტყვით მასზე?

- მომავალი მეუღლე საქართველოში გავიცანი. 2010 წელს, როდესაც მაგისტრატურას ვასრულებდი და პარალელურად მოსწავლეები მყავდა ინგლისურ ენაში, ,,ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად“ პროექტის ფარგლებში საქართველოს ინგლისურენოვან მასწავლებელთა ჯგუფი ესტუმრა. ინგლისურენოვანი მასწავლებლები ცხოვრობდნენ მასპინძელ ოჯახებში და ასწავლიდნენ საჯარო სკოლებში. მათ შორის იყო ჩემი მომავალი მეუღლეც, ჩვენ გახლდით კახეთში მისი მასპინძელი ოჯახი. საბოლოოდ, 2013 წელს მივიღეთ გადაწყვეტილება, ბედი ერთმანეთისთვის დაგვეკავშირებინა, რაშიც დიდი როლი პროფესიის სიყვარულმა და საერთო ინტერესებმა ითამაშა. ორივეს გვიყვარს მოგზაურობა და ჩვენი ცოდნის გაზიარება. ენდი საქართველომდე სხვა ქვეყნებშიც ასწავლიდა ინგლისურ ენას, მათ შორის, იყო ჩინეთი.

ჩემი მეუღლის წინაპრები აფრიკაში ევროპიდან ჩამოვიდნენ. ენდის მამა ჰოლანდიელია, დედა კი - გერმანელი. სამხრეთ აფრიკაში ჩამოსული ჰოლანდიელები "ბურები“-ს სახელით არიან ცნობილნი, რადგან ისინი წლების განმავლობაში საუკეთესო მიწათმოქმედებად ჩამოყალიბდნენ.

ჩემი მეუღლეც პროფესიით მასწავლებელია. ერთად ვასწავლით ინგლისურ ენას დისტანციურ რეჟიმში ქართველ და ჩინელ ბავშვებს. მეუღლის მეორადი პროფესია ტურიზმია და საუკეთესო გიდად ჩამოყალიბდა. ერთად ვმასპინძლობთ აფრიკის ტურზე ჩამოსულ ქართველებს.

- ამჟამად სამხრეთ აფრიკაში ხართ. როგორია მაგ გარემოში თქვენი ცხოვრება?

- საკუთარი ინგლისური ენის შემსწავლელ ცენტრში დასაქმებული მყავს როგორც ქართველი, ისე ინგლისურენოვანი მასწავლებლები. ჩვენთან ინგლისურს სწავლობენ ქართველი ბავშვები მსოფლიოს 25 ქვეყნიდან. აქტიურად ვმოგზაურობ სამხრეთ აფრიკაში და საინტერესო ვიდეოებს ვთავაზობ ჩემს გამომწერებს.

- ყველაზე მეტად რა გიადვილებთ ემიგრაციას?

- ის, რომ მუდმივად მაქვს ურთიერთობა ქართველ აუდიტორიასთან, ენაც აღარ მავიწყდება. თავს მშვიდად ვგრძნობ, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნიდან აგერ უკვე 11 წელია, წასული ვარ, ონლაინ ვახერხებ ვემსახურო და სასიკეთო წვლილი შევიტანო ბავშვების ინგლისურენოვანი განათლების მიღების საქმეში.

- ქართული და აფრიკული ყოფის შედარება შეგვიძლია?

- აფრიკული ყოფა ბევრად ფერადი და საინტერესოა, სახალისო, სოციალური აქტივობებით დატვირთული. საქართველოში ჩამოსულს ყველაფერი ნაცრისფრად მეჩვენება. ხალხი არ იღიმის, არ გესალმება, არანაკლები საზრუნავი აქვთ აფრიკაში, მაგრამ ღიმილი მათი კულტურის ნაწილია. ის არის, რომ კრიმინალის მაღალი დონე საკმაოდ დიდ სირთულეს ქმნის. ნივთებს უყურადღებოდ ვერ დატოვებ და ამავდროულად ცხრაკლიტულში გვიწევს ცხოვრება, ფეხით სეირნობა არც ისე უსაფრთხოა.

- მოლოდინი როგორი იყო სამხრეთ აფრიკაში გამგზავრებამდე და რა დაგხვდათ იქ?

- თუ სამხრეთ აფრიკა უაღრესად განვითარებული იქნებოდა, მართლა არ ველოდი. იგი არის მულტიკულტურული და ისტორიულად უნიკალური ქვეყანა ძლიერი ეკონომიკით, მრავალფეროვანი ლანდშაფტით და აფრიკული და დასავლური გავლენების ნაზავით. ეს მას განასხვავებს დანარჩენი კონტინენტისგან.

ძლიერი ინფრასტრუქტურა, ფინანსური მომსახურება და მრეწველობა (სამთო, წარმოება, ტექნოლოგია). იოჰანესბურგი არის აფრიკის ყველაზე მდიდარი ქალაქი, სადაც მრავალი საერთაშორისო კომპანიაა თავმოყრილი. აქ მდებარეობს ერთ-ერთი უდიდესი საფონდო ბირჟა მსოფლიოში (JSE).

აფრიკა მრავალი ქვეყნისგან განსხვავებით, სოფლის მეურნეობას ეყრდნობა. სამხრეთ აფრიკას აქვს 11 ოფიციალური ენა (მაგ., ზულუ, ქსოზა, აფრიკაანსი, ინგლისური).

გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ ხშირად იკრიბებიან და დროს საუკეთესოდ ატარებენ, დაბადების დღეებზე საკუთარი საჭმელ-სასმელით მიდიან, ყველა თანაბრად იღებს მონაწილეობას სუფრის გაწყობასა და ჭურჭლის რეცხვაში. პრაქტიკული ხალხია და ადვილად პოულობენ გამოსავალს ყველაფრიდან...

გამორჩეული დღესასწაული შობაა, როცა უფროსს თაობასთან ერთად ატარებენ ტრადიციულ კერძებს ამზადებენ, მაგრამ აქაც იცავენ ზომიერებას. მათთვის მთავარი სასიამოვნო მოგონებების შექმნაა გადაღლის გარეშე.

- აფრიკული სამზარეულოც გავაცნოთ ჩვენს მკითხველს...

- აფრიკული სამზარეულოთი მოხიბლული ვარ, ქართულთან ძალიან ახლოს არის, განსაკუთრებით მეგრულთან. გურმანები არიან, ძალიან უყვართ ხორცი, განსაკუთრებით სტეიკი. ხორციანი კერძები აქვთ ოსტრის და ჩაქაფულის მსგავსი, ღომი სუფრის მთავარი ატრიბუტია. პურის ცხობის ტრადიციაც აქვთ ჩვენსავით. ხანდახან მგონია, რომ აფრიკაში კი არა, სამეგრელოში ვარ გათხოვილი. ჩვენს ოჯახში მთავარი მზარეული ჩემი მეუღლეა და გვანებივრებს აფრიკული კერძებით.

- გაგვაცანით თქვენი შვილები. იციან ქართული ენა?

- მყავს ორი შვილი. გოგო 9 წლის არის და ჩინეთშია დაბადებული. ბიჭი 3 წლის არის და საქართველოში დაიბადა. ორივე მათგანს ქართულად ვესაუბრები. გოგონა ონლაინ სწავლობს ქართულ ენას, წერს და კითხულობს ქართულ ენაზე.

- ისე, უცხო ქვეყნებში პედაგოგიური საქმიანობა თქვენთვის ასეთი მიმზიდველი რატომ აღმოჩნდა?

- უცხო ქვეყნების განათლების სისტემის გაცნობა და მასზე დაკვირვება საინტერესოა, ძალიან ბევრი ახალი მეთოდის სწავლა და გადმოღებაა შესაძლებელი. ჩემს სასწავლო ცენტრში სხვადასხვა ქვეყნაში ნასწავლი ახალი და ეფექტიანი სწავლების მეთოდები დავნერგე... სკოლა საქართველოში დავამთავრე და ძალიან კარგად ვიცნობ და ვაცნობიერებ ტრადიციული მეთოდებით სწავლის დადებით მხარეებს, თუმცა მიმაჩნია, რომ თანამედროვე მიდგომებთან კომბინაციით (რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ვისწავლე) საუკეთესო შედეგის დადებაა შესაძლებელი. აქტიურად ვიყენებ იმ მეთოდებს, რომელიც თავად დამეხმარა ენა საფუძვლიანად შემესწავლა. ბალანსირებისთვის კი აუცილებელია ორივე მიდგომის ცოდნა და საჭიროებისამებრ გამოყენება.

ჩვენი მოსწავლეები განებივრებულები არიან სხვადასხვა სახალისო აქტივობებით: დებატები, როლური თამაშები, კომიქსები, პრეზენტაციები და სხვა. გაკვეთილზე ვიყენებ ენის აპლიკაციებს, ინტერაქტიულ პლატფორმებსა და მულტიმედიურ ხელსაწყოებს. მიმაჩნია, რომ ტექნოლოგიებთან დაახლოებამ ინგლისური ენის დაუფლება ბევრად მარტივი, სახალისო და ეფექტიანი გახადა. აღნიშნული პრაქტიკა ხელს უწყობს ბავშვების გამოფხიზლებას და მოტივაციის გაზრდას, სრულიად იცვლება ბავშვის დამოკიდებულება ინგლისური ენის მიმართ.

გარდა ამისა ჩვენი მიზანია, შევქმნათ მეგობრული გარემო, სადაც ბავშვს შეცდომების დაშვების არ შეეშინდება. ვინაიდან ბევრი ბარიერი არსებობს უცხო ენაზე კომუნიკაციისას, სიყვარულით სავსე გარემო კი ეხმარებათ მარტივად ალაპარაკდნენ. იმასაც ასწავლის, რომ შეცდომები ენის სწავლისას განუყოფელი ნაწილია. ჩემი მიზანია, რაც შეიძლება მეტ მასწავლებელს დავეხმარო თანამედროვე მეთოდების მარტივად დანერგვასა და გამოყენებაში. შესაბამისად, 2024 წლიდან აქტიურად ვარ ჩართული მასწავლებელთა პროფესიულ გადამზადებასა და შემდგომში მათ ჩვენს ცენტრში დასაქმებაში. მიმაჩნია, რომ მოსწავლეების წახალისებითა და სწორი მიმართულების მიცემით ძირეული ცვლილებების მოხდენაა შესაძლებელი. ყველა მასწავლებლის დიდი სურვილი უნდა იყოს, ხელი შეუწყოს თავისი მოსწავლის განვითარების ეტაპს მაშინ, როცა ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

- საქართველოში საცხოვრებლად დაბრუნებას გეგმავთ?

- მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანი იბადება მისიით. ჩემი პირველი და უმთავრესი მისია არის, შევქმნა გარემო, სადაც ქართველი ბავშვები მარტივად და ხალისით შეისწავლიან ინგლისურ ენას ბუნებრივ გარემოში, ინგლისურენოვანი მასწავლებლების დახმარებით, უცხოელ თანატოლებთან ერთად. ბედნიერი ვარ, რომ დღეს ამის ყველა საშუალებას გვაძლევს ონლაინ სწავლება, შესაბამისად, სად ვიცხოვრებ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ჩემი მეუღლე ხშირად ხუმრობს - მთვარეზე რომ გაგიშვათ, იქიდანაც მშვენივრად გააკეთებ შენს საქმესო. მთავარია საქმის სიყვარული და დაკისრებული მისიის პირნათლად შესრულება.

მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი მისია გახლავთ ქართველებისთვის აფრიკული კულტურისა და ტრადიციების გაცნობა, რაც ჩემს ჰობად იქცა. ჩემი ვლოგებით შევცვალე ბევრი ადამიანის წარმოდგენა აფრიკაზე და მოგზაურობის სურვილი გავუჩინე. ამ მისიის შესრულება მოითხოვს აფრიკაში ცხოვრებას. შესაბამისად, ჯერჯერობით საქართველოს მხოლოდ არდადეგებზე ვსტუმრობთ.

- რას ეტყოდით ადამიანებს, ვინც ემიგრაციას ახლა აპირებს? რა რეკომენდაცია გექნებათ მათთვის?

- რაც არ გკლავს - გაძლიერებს. ემიგრაციაში, საქართველოდან შორს, ხდება ადამიანის გაძლიერება როგორც მორალურად, ისე ფიზიკურად. იქ, სადაც არც დედა გყავს და არც მამა, არც ახლობელ - ნათესავი. როდესაც მხოლოდ საკუთარი თავის იმედზე რჩები, ხდება ენერგიის მობილიზება და სწორი მიმართულებით რეალიზება. არ არსებობს დაბრკოლება, რასაც ადამიანი ვერ გაუმკლავდება და ამის სასიკეთოდ გამოყენებას თუ მოახერხებ წარმატება გარანტირებულია.