8 ივნისს, 12-დღიანი პატიმრობის შემდეგ სტუდენტმა ლუკა ნაცვლიშვილმა იზოლატორი დატოვა. ის 26 მაისს, აქციის შემდეგ ბათუმში ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
"ეს დაკავება ყველაზე უცნაური იყო... მანქანაში რომ მტენიდნენ, მხოლოდ მაშინ გავაცნობიერე, რომ მაკავებდნენ. ვთვლი, რომ უკანონოდ დამაპატიმრეს და მომისაჯეს. მამა ყოფილი პოლიციელი მყავს და ცხოვრებაში არასდროს მიმიცია თავისთვის იმის უფლება, რომ სამართალდამცველისთვის შეურაცხყოფა მიმეყენებინა, იმის მიუხედავად, რომ ჩვენს ქვეყანაში დღესდღეობით, როგორც ასეთი, არ არსებობს სამართალდამცავი სტრუქტურა" - ამბობს ლუკა და მისი დაკავების დეტალებზე გვიყვება:
- ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, ეს შემთხვევა ყველაზე უცნაური დაკავება იყო. ძველ შემთხვევებში, როგორც მინიმუმ, ვიცოდი, რომ ვითარება იყო დაძაბული. მაგ. 12 იანვარს როცა დამაკავეს, წინა დღეს მზია ამაღლობელი, თემურ ქათამაძე, ვაჟა დარჩია, ციალა ქათამიძე დააკავეს და აქედან გამომდინარე, მეორე დღეს აქციაზე გაბრაზებული ხალხი გამოვიდა, ბათუმში პოლიტიკოსები ჩამოვიდნენ და პოლიციაც შესაბამისად, მობილიზებული იყო. ამ შემთხვევას რაც შეეხება, 26 მაისის აქცია დასრულებული იყო, ხალხი იშლებოდა, რა დროსაც მეგობრები საკონსტიტუციო სასამართლოს უკანა მხარეს გავედით, კონკრეტულ საკითხებზე, საორგანიზაციო ნაწილში გვქონდა დისკუსია, რომელიც რაღაც მომენტში ჩემსა და ერთ პიროვნებას შორის ხმამაღალ საუბარში გადავიდა.
უცებ ვიგრძენი, რომ უკნიდან ჩამავლეს ხელი, თან ვიღაცამ დაიძახა, პოლიცია მოვიდაო. არანაირი მოწოდება არ ყოფილა, ჩემი მხრიდან არც სიტყვიერ შეურაცხყოფას ჰქონია ადგილი, არც ფიზიკურად შევხებივართ ერთმანეთს, ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე უკნიდან 40-მდე პოლიციელი მომვარდა, მომატრიალეს და ერთ-ერთმა მითხრა, რა დღეში ხარ, ბიჭო, წამოდიო და მანქანისკენ გამაქანეს. როცა იქ მიმიყვანეს, მაშინ მოვედი აზრზე, მივხვდი, რომ მაკავებდნენ. ვკითხულობდი, რა ხდება ხალხო, რის გამო მაკავებთ-მეთქი, საპასუხოდ, ძალით ჩამტენეს მანქანაში. წამიყენეს 166-ე და 173-ე მუხლები - წვრილმანი ხულიგნობა, პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა და სიტყვიერი შეურაცხყოფა.
- რატომ ფიქრობ, რომ შენი დაკავება პოლიტიკური დევნისა და შერჩევითი სამართლის მაგალითია?
- იცით, მე მამა ყოფილი პოლიციელი მყავს და ცხოვრებაში არასდროს მიმიცია თავისთვის იმის უფლება, რომ სამართალდამცველისთვის, პოლიციელისთვის შეურაცხყოფა მიმეყენებინა იმის მიუხედავად, რომ დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში სამართალდამცავი სტრუქტურა, როგორც ასეთი, არ არსებობს... სასამართლო პროცესიც იგივე ცირკი იყო, დადგმული მასკარადი - 20 წლის მოწმე პოლიციელი მოიყვანეს, ჩემი ერთ-ერთი დამკავებელი, რომელმაც პროცესზე სრული აბსურდი ილაპარაკა - რამდენჯერმე მოვუწოდეთ და არ შეისმინაო, მეორე მხარეს (ვისთანაც ვკამათობდი) რომ მოვუწოდეთ, ის გაჩერდა და ეს არაო, მერე როცა ხელი მოვკიდეთ, ხელი გამაშვებინა, განზე გადგა და თქვა, თქვენს კანონიერ მოწოდებას არ დავემორჩილები და შემაგინაო.
განყოფილებაში რომ გადამიყვანეს, იქ მართლაც საზარელი ვითარება იყო - 19-20 წლის ბიჭებს, პოლიციელებს ამდენი აგრესია და ზიზღი საიდან აქვთ დაგროვილი, ეს ელემენტარულ გამომეტყველებაზეც ეტყობოდათ, მართლა გასაკვირია ჩემთვის. მათ ხელისუფლება აძლევს იმის ბერკეტებს, რომ ყველანაირ კანონს, მორალს გადააბიჯონ და სრულიად თვითნებურად მოიქცნენ. მით უმეტეს, ამ ბოლო დროს ბათუმი მართლა ტრაგედიების ქალაქად იქცა, ყოველ მეორე დღეს მკვლელობა ხდება, საშინელებაა და ამ მძიმე ვითარებაში რომ 18-20 წლის ბიჭებს ამ უკანონობის და ამორალურობის საშუალებას აძლევ, მე მათ პოლიციელებს ვერ ვუწოდებ, ჩემთვის ისინი არ არიან პოლიციელები.
- იზოლატორში როგორ გექცეოდნენ?
- განყოფილებაში გადამიყვანეს თუ არა, პოლიციის უფროსის კაბინეტში ვიყავი ჩვეულებრივად, ადვოკატიც შემოვიდა და ძალადობა რომც სდომოდათ, ამას ვერ გარისკავდნენ. მერე ბათუმის იზოლატორში მომათავსეს. სხვათა შორის, მინდა აღვნიშნო, რომ იზოლატორები ჯერ-ჯერობით ყველაზე ხელშეუხებელია "ქართული ოცნების" ბინძური პოლიტიკისგან. როცა ჯერ კიდევ 12 იანვარს დამაკავეს ფოთში, იზოლატორში ბადრაგები ძალიან კარგები იყვნენ, კარგად დაგვხვდნენ. როცა შეგვიყვანეს, მოვიდნენ და გვითხრეს, ნუ გექნებათ იმის განცდა, რომ თითქოს როგორც კრიმინალებს, ისე გიყურებთ, ჩვენთვის სტუმრები ხართ და ჩვენ თქვენი მასპინძლებიო. მოდიოდნენ და ხშირად გვამხნევებდნენ, ხუმრობდნენ, ჭადრაკი მოგვცეს... აქაც, ბათუმშიც თავიდან მიცნეს, მკითხეს, შენ ხომ ის ბიჭი ხარ, რუსეთის დროშა რომ ჩამოხიაო? მოკლედ, საკმაოდ კარგად იყვნენ ჩვენს მიმართ განწყობილნი. ისინი არ გაგრძნობინებენ იმას, რომ პატიმარი ხარ, თანასწორივით გექცევიან. ხომ შეიძლება, რაღაც აგრესიული მიმართვა და ტონი ჰქონოდათ, მაგრამ არანაირად. მეც თავისთავად, სამართალდამრღვევად არ მიმაჩნდა თავი და არც მიფიქრია, რომ სასჯელს ამის გამო ვიხდიდი.
- მაინც რას უკავშირებ შენს დაპატიმრებას? როგორც ამბობენ, მასიური დაკავებები ერთ მიზანს ემსახურება - შიშის დანერგვასა და აქტივისტების გატეხას. შენს შემთხვევაში მიზანს მიაღწიეს, თუ ბრძოლას აგრძელებ?
- ჩვენს ქვეყანაში ისე ხდება, რომ 19-20 წლის პოლიციელებს უკვე კანონი აძლევთ თვითნებურად მოქმედების უფლებას და აქედან გამომდინარე, მიჩვეული ვართ, რომ "ოცნება" ცდილობს ახალ-ახალი მექანიზმები გამოიგონოს იმისთვის, რომ აქტივისტები შეავიწროოს. მაშინ, როცა ამდენი კრიმინალი ხდება ქვეყანაში, აქტივისტებს იჭერენ გამალებით. მე როცა დამაკავეს, მერე ჩემთან სახალხო დამცველი იყო შემოსული და მითხრა, რომ თბილისში რამდენიმე აქტივისტი დააკავესო, მათ შორის ჩემი სამი მეგობარი იყო. რა ვიცი, ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ბევრი რთული პროცესის გადატანა მოგვიწია და, ბუნებრივია, რომ შეიძლება ასეთ მომენტებში გძლიოს ნიჰილიზმმა, შეიძლება ცოტა დაიღალო, ან რამე... როცა თბილისში მასშტაბური აქციები იყო, ჩემს თანამებრძოლებთან ერთად ჩამოვდიოდი და ძალიან კარგად მახსოვს, იქ ისეთი მუხტი და სულისკვეთება ტრიალებდა. ამ მუხტის და ამ ჟინის მაინც მჯერა. დარწმუნებული ვარ, რომ საჭირო მომენტში იგივე თუ არა, არანაკლები რაოდენობა გამოვა და ისევ და ისევ გავაგრძელებთ ბრძოლას.
სხვათა შორის, ძალიან მიკვირს, რატომ ჰგონიათ, მსგავსი რაღაცებით ჩვენი გატეხა რომ შეიძლება. სამოქალაქო სექტორის გატეხა, რომელიც ახლაც დგას რუსთაველზე, ბათუმის ქუჩებსა და რეგიონებში, ყველაზე რთულია, მით უმეტეს, მსგავსი ხერხებით. ჩემს და ჩემი თანამებრძოლების მაგალითზე გეტყვით, რომ პირიქით, როცა ასე გვებრძვიან და გვავიწროებენ, უფრო ვძლიერდებით, უარესად ვბრაზდებით და ბრძოლის სტიმული გვეძლევა. მე პირადად, საპატიმროდან გამოსულს ორმაგი შემართება მაქვს, ვერ დამაშინებენ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რეალურად რასთან და ვისთან გვაქვს საქმე. ჩვენ იდეამ გაგვაერთიანა, მის გარშემო ვიბრძვით უკვე დიდი ხანია და იდეისთვის მსხვერპლის გაღება ამ იდეას მეტ ძალას სძენს. შესაბამისად, ეს არის მცირედი მსხვერპლი, რომლის გაღებაც გვიწევს იმისთვის, რომ გამარჯვებას მივაღწიოთ. ბრძოლა გამარჯვებამდე!