უკრაინის დედაქალაქ კიევზე რუსეთის მხრიდან მასშტაბური საჰაერო თავდასხმა განხორციელდა. ქალაქის ექვს რაიონში ნგრევა დაფიქსირდა და ხანძარი გაჩნდა, დაზიანდა საცხოვრებელი შენობები, არიან დაშავებულები.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, დედაქალაქში აფეთქებების ხმა ისევ ისმის.
„დედაქალაქს კვლავ დიდი რაოდენობით უპილოტო საფრენი აპარატები უახლოვდება. დარჩით თავშესაფრებში“, - განაცხადა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 2 ადამიანი დაიღუპა, 9 დაშავებული კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
უკრაინული საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსებმა უკრაინას 7 რაკეტითა და 315 დრონით შეუტიეს.
„9:00 საათის მონაცემებით, საჰაერო თავდაცვამ მტრის 284 საჰაერო თავდასხმის საშუალება გაანეიტრალა, მათგან 220 ჩამოაგდო, ხოლო 64 ლოკაციურად დაიკარგა“, - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვამ რუსების მიერ გაშვებული ყველა რაკეტა გაანადგურა და 213 დრონი ჩამოაგდო.
„მტრის საჰაერო დარტყმები 11 ლოკაციაზე დაფიქსირდა, ხოლო ნამსხვრევები 16 ლოკაციაზე ჩამოვარდა“, - ნათქვამია უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებაში.