ავტორი:

შსს-ს აკადემიის პრორექტორობიდან ამერიკის ელჩობამდე - რა არის ცნობილი თამარ ტალიაშვილის ოჯახზე, კარიერასა და შთამბეჭდავ ქონებაზე

შსს-ს აკადემიის პრორექტორობიდან ამერიკის ელჩობამდე - რა არის ცნობილი თამარ ტალიაშვილის ოჯახზე, კარიერასა და შთამბეჭდავ ქონებაზე

საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე თამარ ტალიაშვილის კანდიდატურა წარუდგინოს საქართველოს პრეზიდენტს. შესაბამისი განკარგულება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს, უკვე გამოქვეყნდა. თამარ ტალიაშვილმა თანამდებობა 2025 წლის 10 ივლისიდან უნდა დაიკავოს.

აღნიშნული ცვლილება მოჰყვება კიდევ ერთ განკარგულებას, რომელიც 9 ივნისით თარიღდება. ამ დოკუმენტის მიხედვით, ირაკლი კობახიძე მიმართავს მიხეილ ყაველაშვილს წინადადებით, რომ 10 ივლისიდან თამარ ტალიაშვილი გათავისუფლდეს ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობიდან.

თამარ ტალიაშვილის გამოცდილება:

თამარ ტალიაშვილი პოლიტიკოსი, დიპლომატი და იურიდიული სფეროს ექსპერტია. მისი კარიერული გზა მოიცავს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე მნიშვნელოვან პოზიციებს:

ადგილობრივი თვითმმართველობა: იყო თბილისის საკრებულოს წევრი და განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე (2014-2017). 2017 წლიდან ეკავა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა.საერთაშორისო დონე: 2018 წლიდან არის ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი.

საპარლამენტო საქმიანობა: 2020-2022 წლებში იყო საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი საარჩევნო ბლოკიდან „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. ამ პერიოდში აქტიურად მუშაობდა ევროპის საბჭოსა და ადამიანის უფლებათა მიმართულებაზე.დიპლომატიური კარიერა: 2022 წლის ოქტომბერში დაინიშნა ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად სტრასბურგში.

განათლება და აკადემიური საქმიანობა:

თამარ ტალიაშვილი დაიბადა თბილისში, 1978 წლის 13 დეკემბერს. 2000 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სადოქტორო კვლევებს გერმანიასა და დანიაში ატარებდა ინტელექტუალური საკუთრების სამართლის მიმართულებით (Max-Planck/Europa Institut), სადაც მოიპოვა სტიპენდიები და ჯილდოები. ტალიაშვილის დედა ცნობილი ექიმი ნევროლოგი ცისა ჯოხაძეა, მამა, ალექსანდრე ტალიაშვილი იუსტიციის გენერალი, დოქტორი და პროფესორი იყო.

თამარ ტალიაშვილის მშობლები

2004-2012 წლებში მუშაობდა USAID-ის, GIZ-ის და სხვადასხვა საერთაშორისო იურიდიული ფირმების პროექტებში. 2014 წლიდან იკავებდა შსს აკადემიის პრორექტორისა და ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას.

თამარ ტალიაშვილი თბილისის, ილიას, კავკასიის და სხვა უნივერსიტეტებში იყო დეკანი, პროგრამის ხელმძღვანელი და პროფესორი, აქტიურად მონაწილეობდა პედაგოგიურ კვლევებში. გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები ვიზუალური აღქმის, კრიტიკული აზროვნების და პედაგოგიური რეფლექსიის თემებზე.

ფინანსური მდგომარეობა - ტალიაშვილი მილიონერია

თამარ ტალიაშვილი და მისი მეუღლე დავით კუხალაშვილი 2021 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით ითვლებიან ერთ-ერთ ყველაზე ფინანსურად უზრუნველყოფილ საჯარო პირებად.

ისინი ფლობენ:

  • ბინებს თბილისში, ბორჯომში და მოსკოვში;
  • მიწის ნაკვეთებს და საცხოვრებელ სახლს;
  • მსუბუქ ავტომანქანებს (Mercedes GL 450, Mazda CX 30);
  • ათობით საბანკო ანგარიშს საქართველოში და რუსეთის ფედერაციაში.
შვილებთან ერთად

მათი საბანკო დანაზოგები, საერთო ჯამში, ასობით ათასი დოლარს, ევროს და ლარს შეადგენს. მაგალითად, თამარ ტალიაშვილს 100,000 დოლარზე მეტი აქვს განთავსებული თი-ბი-სი ბანკის სხვადასხვა ანაბარზე.

დავით კუხალაშვილის ანგარიშზე მხოლოდ ერთ ბანკში — როსბანკში (მოსკოვი) — განთავსებულია 150,000-ზე მეტი აშშ დოლარი. გარდა ამისა, მათი ოჯახის წლიური შემოსავალი ათი ათასობით ლარსა და დოლარს აჭარბებს. მათ შორის აღსანიშნავია 15,000 ლარის ოდენობით ქველმოქმედება.

ექვსი თვე ელჩის გარეშე

აშშ-ში საქართველოს ბოლო საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ზალკალიანი პოსტიდან 2024 წლის 30 ნოემბერს გადადგა. ზალკალიანი აშშ-ში საქართველოს ელჩის თანამდებობას 2022 წლიდან იკავებდა, მანამდე კი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში უძღვებოდა დიპლომატიურ უწყებას.

დავით ზალკალიანის გადადგომას წინ უძღოდა ვაშინგტონის გადაწყვეტილება საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება, უფლებადამცველების შეფასებით, უკავშირდებოდა თბილისში მიმდინარე პროევროპული დემონსტრაციების დროს პოლიციის მიერ ძალის გადამეტებულ გამოყენებას დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ.

„ძალიან მძიმე ზეწოლა იყო სხვადასხვა მხრიდან, არ იგულისხმება „ნაცების“ ზეწოლა. მხოლოდ სოლიდარობა შემიძლია გამოვუცხადო. სამწუხაროა, რომ დატოვა თანამდებობა, მისი არჩევანი იყო, პატივს ვცემ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ზალკალიანის გადადგომის შემდეგ.