ვილნიუსის რაიონულმა მოსამართლემ, მინდაუგას რაჟანსკასმა, ორშაბათს განაჩენი გამოუტანა ქართველ მიხეილ ზამთარაძეს - მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ვილნიუსის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან იშვიათი და ფასეული წიგნების ქურდობისთვის. თუმცა, აღიარების გამო სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირეს.
საბოლოო განაჩენით ზამთარაძე სამ წელსა და ოთხ თვეს გაატარებს ციხეში. მან განაჩენი ვილნიუსის ციხიდან დისტანციურად მოისმინა.
სასამართლო მასალების მიხედვით, დადგინდა, რომ ზამთარაძის ორი თანამზრახველი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ქურდობამდე მივიდნენ - სავარაუდოდ, ისინი ადგილს ამოწმებდნენ. ერთ-ერთი მათგანი ამჟამად ლატვიაში იმყოფება ციხეში წიგნების ქურდობისთვის.
სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ვილნიუსის უნივერსიტეტის სარჩელი და ზამთარაძეს დააკისრა 606 ათასი ევროს გადახდა.
ზამთარაძე ბიბლიოთეკის თანამშრომლებთან თავს მეცნიერ - მიხეილ ზავადსკიდ ასაღებდა. ბიბლიოთეკიდან წაიღო რამდენიმე წიგნი და უკან აღარ დააბრუნა. ათზე მეტი წიგნი კი წინასწარ მომზადებული ყალბი ასლებით ჩაანაცვლა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეს ასლები განადგურდება.
ზამთარაძე ლიტვაში 2023 წლის დეკემბრიდან იმყოფება პატიმრობაში - ეს დრო სასჯელის ვადაში ჩაეთვლება. ის თავდაპირველად ბელგიაში დააკავეს, სადაც ორ თვე ციხეში გაატარა, შემდეგ კი ლიტვაში გადაიყვანეს.
მოსამართლე რაჟანსკასმა განმარტა, რომ მალე ზამთარაძის ექსტრადირება საფრანგეთში მოხდება, სადაც ანალოგიური ქურდობების გამო იძებნება.
საგამოძიებო მასალების თანახმად, ზამთარაძე 2023 წელს ჩამოვიდა ლიტვაში, ორგანიზებული ჯგუფის ფარგლებში, რომელიც მოქმედებდა ლიტვის, პოლონეთის, საფრანგეთის, შვეიცარიისა და საქართველოს ტერიტორიაზე.
მან ბიბლიოთეკის თანამშრომლებს წარუდგინა, თითქოს მეცნიერი იყო, ასევე გააყალბა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ამ საფუძველზე იშვიათი წიგნების დარბაზში და პროფესორთა კითხვის დარბაზში ისტორიულად ფასეული წიგნები გამოითხოვა.
დადგენილია, რომ მან ვილნიუსის უნივერსიტეტიდან სულ 17 გამოცემა მოიპარა, მათ შორის - ივანე კრილოვის, ალექსანდრე პუშკინის, მიხეილ ლერმონტოვისა და ნიკოლოზ გოგოლის წიგნები. მათგან 12 ყალბი ასლებით იყო ჩანაცვლებული, რომლებიც მას მოსკოველმა მყიდველმა გამოუგზავნა.
წაიკითხეთ ასევე: