ავტორი:

ავსტრიის სკოლაში თავდამსხმელმა 9 ადამიანი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა - რა დეტალები ხდება ცნობილი უმძიმეს ამბავზე

ავსტრიის სკოლაში თავდამსხმელმა 9 ადამიანი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა - რა დეტალები ხდება ცნობილი უმძიმეს ამბავზე

სამხრეთ ავსტრიის ქალაქ გრაცში, ერთ-ერთ საშუალო სკოლაში, ყოფილმა მოსწავლემ ცხრა ადამიანი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

ეს ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში სკოლაში მომხდარი ყველაზე მასშტაბური თავდასხმის შემთხვევაა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გერჰარდ კარნერმა განაცხადა, რომ დაღუპულთაგან ექვსი ქალი იყო, სამი კი მამაკაცი. ასევე დაშავდა 12 ადამიანი.

მინისტრს მსხვერპლთა ვინაობის შესახებ დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა ავსტრიული მედიის ცნობით, უმეტესობა მოსწავლე იყო.

პოლიციელები სკოლიდან ბავშვების ევაკუაციისას, სასიკვდილო გასროლის შემდეგ, გრაცი, ავსტრია

თავდასხმის მოტივი, რომელმაც მთელი ერი შეძრა, ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, პოლიციის განცხადებით, მათი ვარაუდით, 21 წლის ავსტრიელი შეიარაღებული პირი, რომელიც მოგვიანებით აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს, მარტო მოქმედებდა, როდესაც ის სკოლაში ორი იარაღით შევიდა და ცეცხლი გახსნა.

"გრაცის სკოლაში მომხდარი ტრაგედია ეროვნული უბედურებაა, რომელმაც შეძრა მთელი ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა ავსტრიის კანცლერმა კრისტიან შტოკერმა და მას "ქვეყნის ისტორიის ბნელი დღე“ უწოდა.

"სიტყვები არ მყოფნის იმ ტკივილისა და მწუხარების აღსაწერად, რასაც ჩვენ – მთელი ავსტრია – განვიცდით ახლა", - აღნიშნა კანცლერმა.

კანცლერი შტოკერი გრაცში გაემგზავრა, სადაც პრესკონფერენციაზე, სხვა ოფიციალურ პირებთან, მათ შორის კარნერთან ერთად, სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. ხვალ, ოთხშაბათს, დილის 10 საათზე წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ დაღუპულთა ხსოვნას.

დაღუპულთა ოჯახის წევრები

შემთხვევის ადგილზე პოლიციამ სკოლიდან რამდენიმე ასეულ მეტრში პერიმეტრი შემოღობა, სკოლის ევაკუაციის შემდეგ კი მისასვლელი გზები პოლიციის მანქანებით გადაკეტა. მსხვერპლთა ნათესავებსა და მოსწავლეებს ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევდნენ.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, რომელიც ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა, სავარაუდო დამნაშავე ბულინგის მსხვერპლი იყო. არსებული ინფორმაციით, ის შეიარაღებული შევიდა ორ საკლასო ოთახში, რომელთაგან ერთ-ერთი მისი ყოფილი საკლასო ოთახი იყო, და მოსწავლეებს ცეცხლი გაუხსნა.

  • "ბნელი საათი“

პოლიცია ადგილზე დაახლოებით დილის 10:00 საათზე გამოიძახეს, მას შემდეგ რაც სკოლაში სროლის ხმა გაისმა. პოლიცია და სასწრაფო დახმარება ადგილზე რამდენიმე წუთში გამოცხადდნენ.

"მოტივის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაციის მიწოდება შეუძლებელია. ჯერ კიდევ საჭიროა ფართომასშტაბიანი კრიმინალური გამოძიება“, – განაცხადა პოლიციის სპიკერმა.

ჯულია ებნერმა, სტრატეგიული დიალოგის ინსტიტუტის ექსტრემიზმის ექსპერტმა, განაცხადა, რომ თავდასხმა ავსტრიის ომისშემდგომი ისტორიის მანძილზე სკოლაში მომხდარი ყველაზე მასშტაბური სროლაა.