სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მოუწოდა სომხური სამოციქულო ეკლესიის მრევლს, მონაწილეობა მიიღონ ახალი პატრიარქის არჩევის ორგანიზებაში. ასევე, პრემიერს სურს, რომ შეიქმნას საკოორდინაციო ჯგუფი ამ საკითხის გადასაჭრელად.
მისი თქმით, საკოორდინაციო ჯგუფის წევრები შეიძლება იყონ სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესიის მიმდევრები, რომლებსაც მთელი გულით სწამთ უფლის. სრულად აქვთ წაკითხული ბიბლია და ხუთი წლის განმავლობაში ერთხელ მაინც დაუცავთ მარხვა, ყოველ დღე ლოცულობენ და სჯერათ, რომ დედა ეკლესიის განახლება უმნიშვნელოვანესია.
ცნობისთვის, სომხეთის პრემიერ-მინისტრსა და სომხური სამოციქულო ეკლესიის ხელმძღვანელობას შორის კონფლიქტი 29 მაისს დაიწყო, როდესაც ფაშინიანმა განაცხადა, რომ წმინდა ადგილები სომხეთში შეურაცხყოფილია და ეს იმაზე მეტყველებს, რომ ეკლესიას ათეისტი ხელმძღვანელობს.
მომდევნო დღეს ფაშინიანმა და მისმა მეუღლემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს ბრალდებები პატრიარქ გარეგინ II-ის წინააღმდეგ, სადაც მითითებული იყო, რომ მას დარღვეული აქვს აღთქმა დაუქორწინებლობის შესახებ
საპასუხოდ, საეკლესიო საბჭომ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ფაშინიანი და მისი მხარდამჭერები "სამარცხვინო ანტიეკლესიური კამპანიის" წარმოებაში დაადანაშაულეს. საბჭოს განცხადებით, ეს სამოქალაქო დაპირისპირებას და სომხეთის ერთიანობის ნგრევას იწვევს. საბჭო დარწმუნებულია, რომ სომხეთის პრემიერ მინისტრმა ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნის კონსტიტუციური ნორმა დაარღვია და აზერბაიჯანის ინტერესებით მოქმედებს.