ავტორი:

ცნობილმა ქართველმა პლასტიკურმა ქირურგმა ვენაში ჩადენილი დანაშაული აღიარა: მას განაჩენი გამოუტანეს - რა დეტალებია ცნობილი უკანონო "კოსმეტიკურ წვეულებაზე"

ცნობილმა ქართველმა პლასტიკურმა ქირურგმა ვენაში ჩადენილი დანაშაული აღიარა: მას განაჩენი გამოუტანეს - რა დეტალებია ცნობილი უკანონო "კოსმეტიკურ წვეულებაზე"

5 ივნისს, ვენაში, 35 წლის ქართველ პლასტიკურ ქირურგს, რომელიც უკანონო კოსმეტიკურ ოპერაციას ატარებდა, სხეულის მძიმე დაზიანებისთვის 20-თვიანი პატიმრობა მიესაჯა. ინციდენტი, რომელიც სერიოზული გართულებებით დასრულდა, ზამთარში მოხდა.

უკანონო ოპერაცია საცხოვრებელ ბინაში

11 თებერვალს, ვენის ლანდშტრასეს რაიონში, 35 წლის ქართველმა ექიმმა 58 წლის ქალს ნიკაპის უკანონო ლიფტინგი ჩაუტარა. ოპერაციის შედეგად ქალს იმდენად მძიმე გართულებები განუვითარდა, რომ მას სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა და ღამე ვენის ცენტრალური კლინიკის (AKH) რეანიმაციულ განყოფილებაში გაატარა. მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო და სასწრაფო ნეიროქირურგიული ჩარევა გახდა საჭირო.

"კოსმეტიკური წვეულება" და ანტისანიტარიული გარემო

როგორც გაირკვა, დაზარალებულმა ქალმა მეგობრისგან ე.წ. „კოსმეტიკური წვეულების“ შესახებ შეიტყო, სადაც იაფ და აშკარად უკანონო სილამაზის პროცედურებს სთავაზობდნენ. სწორედ ამ გზით ჩაეწერა იგი ნიკაპის ლიფტინგზე 2025 წლის 11 თებერვლისთვის. ოპერაცია ჩატარდა ვენის ერთ-ერთ ბინაში, რომელსაც პროკურატურა „სისხლიან და ანტისანიტარიულ“ გარემოდ აღწერდა. პროცედურა ქალს 1 600 ევრო დაუჯდა.

ოპერაციისას განვითარებული სერიოზული გართულებები

ბრალდებულის განცხადებით, მას სამედიცინო პრაქტიკის უფლება მხოლოდ საქართველოში და რუსეთში აქვს, სადაც მისი თვიური შემოსავალი 10 000-დან 15 000 დოლარამდე მერყეობს. იგი ვენაში სპეციალურად ამ ოპერაციის ჩასატარებლად ჩაფრინდა.

ოპერაციისას, ქალს ყელის მიდამოში მოულოდნელად დაიწყო ძლიერი სისხლდენა და შეშუპება. პაციენტს სუნთქვის მწვავე პრობლემა შეექმნა. ექიმმა დაუყოვნებლივ გაუკეთა მედიკამენტი, თუმცა მდგომარეობა გაუარესდა, რის შემდეგაც დაზარალებულის დამხმარემ და ექიმმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს.

აღიარებითი ჩვენება და სასამართლო პროცესი

ბრალდებულმა დანაშაული პირველივე დაკითხვიდანვე სრულად აღიარა. სასამართლოზე განაცხადა: "ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა.“ თუმცა, მისმა ადვოკატებმა, ფილიპ ვოლმმა და გერჰარდ იაროშმა, უარყვეს განზრახი დაზიანება და განაცხადეს, რომ ქალი ოპერაციას ნებაყოფლობით დათანხმდა. მათი თქმით, საქმე არ ეხებოდა ქუჩაში თავდასხმას, არამედ ეს იყო პირადი შეთანხმება.

ექსპერტმა დაადასტურა, რომ ოპერაცია ტექნიკურად სწორად იყო შესრულებული, თუმცა ბინის პირობები აბსოლუტურად მიუღებელი იყო მსგავსი ჩარევისთვის. ასევე ხაზი გაესვა, რომ თუ ექიმს ეყოლებოდა თანაშემწე, გართულებები უფრო მარტივად სამართავი იქნებოდა. აღსანიშნავია, რომ 58 წლის ქალს ოპერაციაზე იურიდიულად ვალიდური თანხმობა არ ჰქონდა.

განაჩენი და შედეგები

სასამართლომ, მარკუს მიულერის თავმჯდომარეობით, საბოლოოდ ქართველ ექიმს 20 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, საიდანაც 16 თვე პირობით მსჯავრს მოიცავს. გადაწყვეტილებაში მითითებული იყო, რომ ბრალდებულს არ ჰქონდა ქალის დაზიანების განზრახვა, ასევე გათვალისწინებულ იქნა მისი მონანიება და უმწიკვლო ცხოვრების წესი.

ვინაიდან მან უკვე მოიხადა 4 თვე წინასწარ პატიმრობაში, დაახლოებით ერთ კვირაში შეძლებს დროებით დატოვოს სასჯელაღსრულების დაწესებულება. პროკურატურას განაჩენთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია, რის გამოც იგი ჯერჯერობით კანონიერ ძალაში არ შესულა.

გამოძიების დეტალები

გამოძიებისას, ბინიდან ამოღებულ იქნა ქირურგიული ინსტრუმენტები, სტერილიზაციის საშუალებები და რამდენიმე ტიპის მედიკამენტი (რუსული ეტიკეტებით, სავარაუდოდ რუსეთიდან). ასევე აღმოჩნდა პროცედურების ფასების სია (500-დან 2 500 ევრომდე), რომელიც მოიცავდა ქუთუთოების ლიფტინგიდან დაწყებულ, სახის ლიფტინგამდე ყველა მომსახურებას.

ვინ არის ქართველი ვენაში დაკავებული ქართველი ექიმი

რამდენიმე კვირის წინ, ანონიმური წყარო Ambebi.ge-ს დაუკავშირდა და მიაწოდა ინფორმაცია, ავსტრიაში დაკავებული ქართველი პლასტიკური ქირურგის ვინაობის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია არაერთ წყაროსთან გადავამოწმეთ, თავს ვიკავებთ ექიმის სახელისა და გვარის გამოქვეყნებისგან, რადგან მხოლოდ ზეპირმა წყაროებმა დაადასტურეს, რომ მას ბოლო რამდენიმე თვეა საქართველოში შეწყვეტილი აქვს საქმიანობა. თუმცა როდესაც მის თანამშრომლებთან გადავამოწმეთ ინფორმაცია, მათ გვითხრეს, რომ აღნიშნული ქირურგი რუსეთში იყო სამკურნალოდ წასული.