ავტორი:

"ისევ ვითხოვ დახმარებას... მედიკამენტური მკურნალობის მესამე კურსიც უნდა ჩატარდეს" - მამა შვილის გადასარჩენად დახმარებას ითხოვს

"ისევ ვითხოვ დახმარებას... მედიკამენტური მკურნალობის მესამე კურსიც უნდა ჩატარდეს" - მამა შვილის გადასარჩენად დახმარებას ითხოვს

"ზოგჯერ როცა კარგი დღეა, შეიძლება ისეც იყოს, რომ ჯაბას ვუყურო და ვიფიქრო, ნუთუ ეს ბავშვი ავად არის და შშმ პირია?! ნუთუ ასეთი მძიმე დიაგნოზი აქვს?! ისეთი ჭკვიანური გამომეტყველება და ქცევა აქვს ხოლმე... ღვთის წყალობით, სასწაული მოლოდინში ვართ, რომ უფრო და უფრო უკეთესი შედეგები ჰქონდეს,“ - ამბობს შშმ პირი და ასევე შშმ პირის მამა გოგიტა მურცხვალაძე, რომელიც მძიმე დიაგნოზის მქონე შვილისთვის ახლა მკურნალობის მესამე კურსის ჩასატარებლად ემზადება.

- ბოლოს თურქეთში გვყავდა და თურქი ექიმების საოცარი მადლიერი ვარ. მათ სკრუპულოზური გამოკვლევები ჩაუტარეს, თან როგორც საკუთარ სისხლსა და ხორცს, ასეთი გულისყურით მიუდგნენ. მათი ბოლო დანიშნულება - მედიკამენტური მკურნალობა შედეგიანი აღმოჩნდა. 2 კურსი უკვე ჩატარდა და ახლა მესამე კურსია ჩასატარებელი (ყოველი ეტაპი სამკურსიანია). პირველი და მეორე კურსი ხალხის თანადგომით შევძელით და კვლავაც ხალხის იმედი მაქვს, რომ მესამეც ასევე ჩატარდება. ისევ და ისევ ამიტომ ვითხოვ მათ დახმარებას. თურქების მიერ დანიშნული მკურნალობა უკვე აქ, ადგილზე ტარდება.

ამ ეტაპზე ჯაბა ლეჩხუმში იმყოფება და ჩვენც აქ ვართ. ასე გადავწყვიტეთ, რადგან მისი სოფლის ეზოში გამოყვანა უფრო ადვილია, ვიდრე მისი სართულებიდან ჩამოყვანა (ბათუმში კორპუსის ბინაში ვცხოვრობთ). იმის გამო, რომ ჯაბას გარეთ გამოყვანა კორპუსში ხშირად ვერ ხერხდება, რიც გამოც ჰაერიც აკლია, ახლა აქ მშვენიერ ჰაერს სუნთქავს, თან მამა-პაპისეულ ადგილზეა. ღვთის წყალობით, მათი ლოცვაც შეგვეწევა.

- თქვენ როგორ ხართ?

- რადგან ლეჩხუმში ვარ, ბიძაშვილების, ახლობლების დახმარებით და ხელშეწყობით ხვამლის წინდა გიორგიც მოვილოცე, ასევე ქვემო სვანეთში სალოცავები. ორი ჯოხით ძლივს დავდივარ, რთული მისასვლელი ადგილები იყო, მაგრამ ყავარჯნებისა და სხვების დახმარებით, 7 კილომეტრი ფეხით მაინც გავიარე. უფალს ყველა იმ ადამიანის ოჯახი შევავედრე, ვინც ამდენი წელია, ასე მხარში გვიდგას. ღმერთმა ამრავლოს და კარგად ამყოფოს თითოეული მათგანი. მჯერა ღვთის წყალობით, ყველაფერი კარგად იქნება.

იმ დღეებში, როდესაც ჯაბას ჯანმრთელობის კუთხით ჩავარდნა არ აქვს ხოლმე, არადა, როგორც იცით, ჩავარდნები ხშირად აქვს, როცა მძიმედ არის, ამას უმეტესად ამინდი, კლიმატი, მაგნიტური დღეები განსაზღვრავს. როგორც რევმატიზმით დაავადებულ ადამიანზე მოქმედებს ამინდის ცვალებადობა, ისე განსაკუთრებით ასეთი ტიპის პაციენტებზე. მაგნიტური დღეები მაშინვე ცუდად აისახება ხოლმე. იმედი მაქვს, რომ უკეთესობა იქნება.

- მოკლედ, ხალხის დიდ მხარდაჭერას გრძნობთ და მათი დახმარებით უძღვებით ჯაბას მკურნალობას...

- ხანდახან ისე ყოფილა, რომ საჭმელი და ბავშვის მედიკამენტი გვინატრია და ადამიანების თანადგომით სასწაული მომხდარა. ჩემი შვილის მიმართ გასაოცარ მხარდაჭერას ავლენენ და ჯაბას მკურნალობას წარმატებით ვუძღვებით. შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი შვილი ხალხის ნებიერი აღმოჩნდა. ასევე იმასაც ვამბობ, რომ ცნობილი მხატვრების ნებიერიც არის. ბევრი ცნობილი მხატვარი შემომეხმიანება ხოლმე და მათი ნახატების გაყიდვით მიღებული თანხითაც ვახერხებ ჯაბას მკურნალობის გაგრძელებას. რუსუდან ფეტვიაშვილით დაწყებული, რომელი ერთი ცნობილი მხატვარი დავასახელო, არც ვიცი. საოცრებაა მართლაც. ასევე სრულიად უცნობი ადამიანები როგორც კი ბავშვის მდგომარეობას იგებენ, ასე გვიკავშირდებიან.

ჩემი შვილისთვის იუსტიციის სახლში ერთ ბავშვზე დავარეგისტრირე საქველმოქმედო ფონდი „ხომლი“. (ხომლი იმიტომ, რომ წარმოშობით ლეჩხუმიდან ვართ ხომლი ხვამლის ძველი სახელწოდებაა). ფონდი იმიტომ დავაარსე, რომ ყოველი თეთრი სად რა იხარჯება, ყველაფერი დოკუმენტურად ყოფილიყო ასახული. დღეს ბევრს უჭირს, მაგრამ მძიმე დიაგნოზები არ აქვთ, თუმცა სარგებლობენ ხალხის კეთილგანწყობით, ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ ადამიანების შეცდომაში შეყვანა არ არის კარგი ამბავი.

საბანკო ანგარიშები, სადაც შეგიძლიათ დაეხმაროთ ჯაბას:

საქველმოქმედო ფონდი "ხომლი" ჯაბა მურცხვალაძის დასახმარებლად. ანგარიშის ნომერი:

საქართველოს ბანკი: GE42BG0000000162421607

თიბისი ბანკი: GE45TB7420136080100007

თიბისი ბანკი. მიმღები: გოგიტა მურცხვალაძე. ანგარიში: GE57TB7080645064300028

ლიბერთი ბანკი. ბანკის კოდი: LBRTGE22 მიმღების ანგარიში: GE04LB0711186007624000