ავტორი:

"ლოს ანჯელესს გავათავისუფლებთ" - შეტაკებები, ქაოსი, დაშავებულები და ასობით დაკავებული: რა ხდება "ანგელოზების ქალაქში"?

"ლოს ანჯელესს გავათავისუფლებთ" - შეტაკებები, ქაოსი, დაშავებულები და ასობით დაკავებული: რა ხდება "ანგელოზების ქალაქში"?

აშშ-ში, ლოს ანჯელესში, ქვეყნის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) მიერ ჩატარებული რეიდების წინააღმდეგ რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

აქციების მიმდინარეობისას პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები ხდება.

სამართალდამცავების ინფორმაციით, შაბათს 27 ადამიანი დააკავეს, კვირას - 40, ორშაბათს - 114, სამშაბათს კი - 197.

ქვეყნის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის 4 000 ჯარისკაცისა და საზღვაო ქვეითების განლაგების გადაწყვეტილება მიიღო. კალიფორნიის გუბერნატორმა ეს ნაბიჯი შტატის სუვერენიტეტის დარღვევად შეაფასა.

  • ტრამპის მტკიცებით, მისი ადმინისტრაცია ლოს-ანჯელესს გაათავისუფლებს.

"არმიის გმირების თაობებს შორეულ სანაპიროებზე სისხლი იმისთვის არ დაუღვრიათ, რომ ენახათ, როგორ განადგურდებოდა ჩვენი ქვეყანა შემოჭრითა და მესამე სამყაროს უკანონობით", - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

"ის, რასაც თქვენ კალიფორნიაში ხედავთ, არის სრულმასშტაბიანი თავდასხმა მშვიდობაზე, საზოგადოებრივ წესრიგსა და ეროვნულ სუვერენიტეტზე, რომელსაც უცხო ქვეყნის დროშებით შეიარაღებული მეამბოხეები ახორციელებენ ჩვენს ქვეყანაში უცხოური შემოჭრის გაგრძელების მიზნით. ჩვენ ლოს-ანჯელესს გავათავისუფლებთ და გავხდით მას კვლავ თავისუფალსა და უსაფრთხოს“, - განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, ლოს-ანჯელესში ანარქია არ გაგრძელდება.

"ეს ანარქია ვერ გაძლებს. ჩვენ არ დავუშვებთ ფედერალურ აგენტებზე თავდასხმას და არ დავუშვებთ, რომ ამერიკულ ქალაქში უცხოელი მტერი შემოიჭრას და დაიპყროს“, - აღნიშნა ტრამპმა.