წუხელ, გვიან ღამით ბათუმის აქციების დროს დაკავებული აქტივისტი თემურ ქათამაძე თურქეთში გადაიყვანეს. "ვერაგულად, ღამე გადაიყვანეს... ვერც დავემშვიდობე", - დაწერა სოციალურ ქსელში მედროშის ცოლმა ნინო კაკულიამ.
6 ივნისს სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) წერდა, რომ შესაძლო იყო, 5 დღეში, თემურ ქათამაძე საქართველოდან იძულებით გაეძევებინათ.
ცნობისათვის, ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშე პოლიციამ ორჯერ დააკავა. პირველად 11 იანვარს ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან აქციაზე, ხოლო მეორედ 17 იანვარს, იზოლატორიდან გამოსვლის დღეს.
AMBEBI.GE ნინო კაკულიას ესაუბრა:
- როდესაც თემურს ყველა ინსტანციის სასამართლომ უარი უთხრა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე და ქვეყნიდან გაძევების შეჩერებაზე, სოციალური სამართლიანობის ცენტრის ადვოკატებმა მიმართეს გაეროს კომიტეტს. გაეროს კომიტეტს გუშინ გაეგზავნა განცხადება, ვინაიდან ევროპაში ორშაბათი დასვენების დღე ყოფილა და იქიდან პასუხს ველოდით. გუშინ იწურებოდა ნებაყოფლობით დატოვების ვადა, მაგრამ თემური ნებაყოფლობით ქვეყნის დატოვების უფლებით ვერ ისარგებლებდა, ვინაიდან ვალიდური დოკუმენტი მას არ ჰქონდა, მისი პასპორტის მოქმედება თურქული მხარის მიერ ჯერ კიდევ 2020 წელს ყოფილა შეჩერებული, რაც ახლა შევიტყვეთ, თემურმა დღემდე არ იცოდა.
როცა 2023 წელს მან პასპორტის ვადის გაგრძელებისთვის მიმართა, მას უპასუხეს, რომ საელჩოს და საკონსულოების სერვისები შეზღუდული იყო და შეატყობინეს, რომ თურქეთში მისი დაკავების გადაწყვეტილებაა მიღებული. ეს ადამიანი კანონმორჩილია და მისთვის ეს იყო ერთგვარი შოკი. როდესაც შეეცადა გაერკვია, რასთან დაკავშირებით, 2 წლის განმავლობაში პასუხი არ მოსვლია. ცდილობდა მიზეზის გაგებას, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო თურქეთში მცხოვრები ადვოკატისთვის მინდობილობის გაფორმების გარეშე. მათ მინდობილობის გაფორმებაც დიდი პრობლემა გახადეს და ეს მოხერხდა მხოლოდ და მხოლოდ 2 კვირის წინ გავლენიანი ადამიანების ჩარევის შემდეგ.
- რის საფუძველზე ედავებიან მას გიულენის დაჯგუფების წევრობას?
- როგორც გაირკვა, თემურს თურქეთში ედავებიან ფეთჰულა გიულენის დაჯგუფების წევრობას, რაც აბსოლუტური აბსურდია. დოსიეში არსებობს 62 ფაილი და გარდა იმისა, რომ ის ბათუმში იცნობდა გიულენისტებს, საფუძვლად ვერაფერს წერენ. თემურს ერთ-ერთთან ჰქონდა გახსნილი ფირმა, რომელიც როგორც გაიხსნა 2013 წელს, ისე დაიხურა, ერთი დღითაც არ უმოქმედია. ამის საფუძველზე აღიძრა საქმე და მთელი 5 წელი არკვევენ ამ აბსურდს, აქ გასარკვევიც არაფერია. როცა გაიგო, მან ბანკიდან ამონაწერი აიღო (პირველ რიგში, იქ ასეთ დაჯგუფებებში ფინანსური მხარეა მნიშვნელოვანი), თემურის ანგარიშიდან თანხა გადიოდა მისი ყოფილი ცოლისა და ქალიშვილის ანგარიშზე, მხოლოდ ეს ფინანსური მოძრაობა ფიქსირდება მისი ანგარიშიდან. მან საბუთები და ამონაწერები წაიღო აქედან და, წესით, დაკითხვის შემდეგ ის უნდა გაათავისუფლონ იმიტომ, რომ უსაფუძვლო ბრალდებაა. თემური იმ აზრსაც უშვებს, რომ ამას მიზეზად კი არა, საბაბად გამოიყენებენ.

- თქვენ რას უკავშირებთ ქვეყნიდან მის გაძევებას?
- თვითონ ამას მის აქტიურობას და ეროვნულ საქმიანობას უკავშირებს. მოგეხსენებათ, ის ძალიან აქტიურად იყო ამაში ჩართული. თურქეთის მხარე მას სეპარატისტად განიხილავს იმიტომ, რომ თემური იქაც აქტიურად იბრძოდა იმისთვის, რომ ქართული ენა შეენარჩუნებინა - მიმართავდა ხელისუფლებას, რომ სკოლებში ნებადართული ყოფილიყო ქართული ენის სწავლება, ტელე - რადიო გადაცემები ყოფილიყო ქართულ ენაზე იმ რეგიონებში, სადაც ეთნიკური ქართველები კომპაქტურად ცხოვრობენ.
ის ორივე ქვეყნისთვის მიუღებელი აღმოჩნდა მისი აქტივობების და პატრიოტიზმის გამო. ამ დროს, თემურს არავითარი კანონდარღვევა არ აქვს, მაგრამ აქაური ხელისუფლებაც შეაწუხა იმით, რომ 5 წელია იბრძვის და სახელმწიფო მოქალაქეობას არ ანიჭებს, რაც კონსტიტუციით ეკუთვნის. რაღაც აბსურდულ საფუძველზე მას სამჯერ ეთქვა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე. ეს გაუთავებელ სასამართლო დავად იქცა, მან შეაწუხა, როგორც ქართული, ისე თურქული მხარე, რომლებიც ორკესტრირებულად მოქმედებენ, ერთად შეუქმნეს ის პირობები, რომ წასულიყო თურქეთში. თემურთან დაკავშირებით ბევრი უკანონო გადაწყვეტილებაა მიღებული როგორც საქართველოში, ასევე თურქეთში.
- როგორ გაიყვანეს ბატონი თემური და თუ იცით, ახლა სად იმყოფება?
- მიგრაციის ცენტრიდან გაიყვანეს ღამით, ვერაგულად (არა სარფის გამშვები პუნქტიდან, არამედ სამხრეთის მხრიდან). ორშაბათს რამდენიმე საბუთის ამობეჭდვა მთხოვა, რომელიც მას იქ დასჭირდებოდა და როცა შემატყობინებდნენ, რომ გაჰყავდათ, მზად ვიყავი სარფში წავსულიყავი და გადამეცა მისთვის. მაგრამ გაიყვანეს გვიან ღამით ისე, რომ ვერც მე და ვერც ადვოკატებს შეგვაპყრობინებდა. მისმა თურქმა მეგობარმა მითხრა, რომ თემური არდაგანშია, მას ქალაქ ორდუში უპირებენ გადაყვანას, სადაც აღიძრა სს საქმე და იქ დაკითხავენ, შემდეგ უკვე არ ვიცი, რა მოხდება...