“თუ ვინმეს აქვს 1%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა, ეს არის დიდი მიღწევა. აქედან გამომდინარე, თქვენი 7%-იანი ზრდა არის გალაქტიკური მოვლენა. ვიცი, რომ ეს ნამდვილად არის თქვენი ძალისხმევის უდიდესი შედეგი,“ - ასე მიმართა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ირაკლი კობახიძეს საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის მე-2 სხდომაზე.
„მთავრობათაშორისი სამიტი მჭიდრო თანამშრომლობის ფორმატია. სულ 2-3 ქვეყანაა, ვისთანაც ასეთი მეგობრული ურთიერთობები გვაქვს და ამ ფორმატში ვთანამშრომლობთ. ამ ფორმატში განვიხილავთ სხვადასხვა სამინისტროს შორის თანამშრომლობის საკითხებს და ეს არის იმის ნიშანი, რომ არა ცალკეული სამინისტროები, არამედ მთლიანად, მთელი მთავრობა თანამშრომლობს ჩვენს მთავრობასთან. ეს არის იშვიათი მოვლენა ჩვენს პრაქტიკაში და მინდა ვთქვა, რომ საქართველოსთან, თქვენთან თანამშრომლობა ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ უნგრელები პატივს სცემენ ისტორიას და თქვენ გაქვთ საოცარი ისტორია. თქვენი ქრისტიანული ისტორია გაცილებით დიდია, ვიდრე ჩვენი. ძალიან დიდი პატივია თქვენთან თანამშრომლობა, რამდენადაც ორივე ქვეყანას გვიყვარს თავისუფლება.
მიყვარს სამშობლო, ვარ ჩემი ქვეყნით ამაყი - ასეთი ფრაზები უკვე სირცხვილად ითვლება დასავლეთში და აღარ გამოიყენება, მაგრამ ჩვენ მაინც გვიყვარს ამ სიტყვების თქმა და სიამოვნებით ვმასპინძლობთ სტუმრებს, რომლებსაც ასეთივე გრძნობები და სენტიმენტები გააჩნიათ ამ ფრაზების მიმართ. თქვენი ვიზიტი არის ჩვენთვის დიდი პრივილეგია იმ შედეგების გამო, რაც გაქვთ ქვეყანაში. ევროპული ეკონომიკა ახლა ძალიან ზიანდება. თუ ვინმეს აქვს 1%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა, ეს არის დიდი მიღწევა. აქედან გამომდინარე, თქვენი 7%-იანი ზრდა არის გალაქტიკური მოვლენა. ვიცი, რომ ეს ნამდვილად არის თქვენი ძალისხმევის უდიდესი შედეგი. ყოველთვის დიდი პატივია მოგესალმოთ და გიმასპინძლოთ უნგრეთში", - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.
“საქართველოსა და უნგრეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავება.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი განვითარება. ამ მიმართულებითაც გვაქვს ძალიან კარგი დინამიკა, თუმცა რესურსი კიდევ უფრო მეტია. ჩვენს ინტერესებშია, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ ამ პოტენციალის მაქსიმალურად ასათვისებლად. ვფიქრობთ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავება. დღეს აქ წარმოდგენილია მთავრობის მთლიანი შემადგენლობა და ჩვენთვის ყველა სფეროში საინტერესოა თანამშრომლობა, ისეთ სფეროებში, როგორიც არის ენერგეტიკა, დაკავშირებადობა, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, განათლება, კულტურა, სამართალდამცავი სფერო, იუსტიცია, ჯანდაცვა, ყველა მიმართულებით ვართ ძალიან დაინტერესებული, რომ კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ თანამშრომლობა. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ორმხრივი კომისიის დარგობრივი ფორმატებიც კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და ჩვენი სურვილია, რომ ამ კუთხით თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ.
ასევე მოხარული ვართ, რომ ვითარდება სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობასთან და ამ მიმართულებითაც მზად ვართ მაქსიმალური თანამშრომლობისთვის. მოხარული ვართ, რომ ამ დღეების განმავლობაში ხელი მოეწერება მნიშვნელოვან მემორანდუმებს, რომლებიც ითვალისწინებს სხვადასხვა დარგში თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას.
თქვენს მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნისთვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჩვენს ორმხრივ თანამშრომლობას ჩვენთვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ თანადგომისთვის ჩვენი ქვეყნის და ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის. რა თქმა უნდა, რწმენას გამოვთქვამ, რომ ჩვენი დღევანდელი შეხვედრაც, ეს სამიტიც თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებასა და განვითარებაში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.