ავტორი:

აფრიკელებს რუსეთში შამპუნის ქარხნებში სამუშაოდ იწვევენ, შემდეგ კი ომში აგზავნიან - როგორ იტყუებს პუტინი უცხოელ "მუშახელს"

აფრიკელებს რუსეთში შამპუნის ქარხნებში სამუშაოდ იწვევენ, შემდეგ კი ომში აგზავნიან - როგორ იტყუებს პუტინი უცხოელ "მუშახელს"

დასაქმების ლეგალური შეთავაზება, სტაბილური ხელფასი და ვიზის უზრუნველყოფა – ასეთ დაპირებებს იღებს ათასობით ახალგაზრდა აფრიკიდან, რომლებსაც რუსეთი სამუშაოდ იწვევს. მაგრამ რეალობა გაცილებით ბნელი და საშიშია: ზოგიერთი მათგანი მალევე აღმოჩნდება უკრაინის ფრონტზე, შეიარაღებული ძალების ფორმაში.

უახლესი გამოძიებებისა და აქტივისტების ცნობების მიხედვით, რუსეთის შრომის ბაზარზე გავრცელებული შეთავაზებები, რომლებიც თითქოს სოფლის მეურნეობასა და კოსმეტიკური პროდუქციის წარმოებას ეხება (მაგალითად, შამპუნის ქარხნებს), ხშირად მხოლოდ ფარსია. მათი მეშვეობით აფრიკელი მამაკაცების გარკვეულ ნაწილს იტყუებენ სამხედრო ბანაკებში, სადაც ხდება კონტრაქტზე ხელმოწერა — ზოგჯერ ნებით, ზოგჯერ ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ზეწოლით.

დასაქმების შეთავაზება, რომელიც ომში გადადის

დასაქმება კოსმეტიკურ ქარხანაში, მაღალ ანაზღაურებად პოზიციაზე — სწორედ ეს იყო იმედის ნაპერწკალი ჟან ონანასთვისაც, უმუშევარი ფერმერისთვის კამერუნიდან. მაგრამ მოსკოვში ჩასვლიდან რამდენიმე დღეში ის აღმოჩნდა ბახმუტის ფრონტზე, იარაღით ხელში — რუსეთის არმიის ჯარისკაცის ფორმაში.

ჟანი არ ყოფილა ერთადერთი. მისი მსგავსად, სხვა ახალგაზრდა აფრიკელებსაც — ზოგს ბანგლადეშიდან და სამხრეთ აზიიდანაც — დაჰპირდნენ სამსახურს სოფლის მეურნეობაში, ქარხნებში ან ლოჯისტიკაში, მაგრამ რეალურად აღმოჩნდნენ სამხედრო კონტრაქტორებად.

ჟან ონანა, 36 წლის, სამი შვილის მამა, მარტში ჩავიდა მოსკოვში, იმ იმედით, რომ ოჯახს ფინანსურად დაეხმარებოდა. სხვა ახალგაზრდების მსგავსად — კამერუნიდან, ზიმბაბვედან, განადან, ბანგლადეშიდან — სამუშაო ვერ ნახა.

"თქვენ აქ სამუშაოდ არ ჩამოსულხართ — თქვენ იბრძოლებთ" - განუცხადეს მათ.

ჟანი ერთ-ერთი იმ მცირეთაგანია, ვინც გადარჩა. იგი უკრაინაში ტყვედ ჩავარდა და უკრაინელი გამომძიებლების წინაშე თავის ისტორიას ასე აღწერს:

"მეგონა, რომ ოჯახისთვის ფულს ვიშოვიდი. რეალურად კი მოვხვდი ომში, სადაც არავის ადარდებს, ვინ ხარ და რატომ მოხვედი.“

ზოგი აფრიკელი მებრძოლი დაიღუპა ბრძოლის ველზე, ზოგი კი ტყვედ ჩავარდა. მათი სახელები თითქმის არსად ფიქსირდება — არც რუსული მედიაში და არც საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში.

ვინ ხვდებიან ფრონტზე?

ამ რუსული გეგმების მსხვერპლთა დიდი ნაწილი ახალგაზრდები არიან ისეთ ქვეყნებიდან, როგორიცაა ნიგერია, უგანდა, კონგო და ზიმბაბვე, სადაც კატასტროფული გაჭირვებაა. ისინი გრძელვადიან სამუშაოს ეძებენ რუსეთში და არ იციან, რომ რეალურად უკრაინის ომში აღმოჩნდებიან. არიან შემთხვევები, როდესაც:

• ადამიანებს აიძულეს ხელი მოაწერონ კონტრაქტებს რუსულ ენაზე, რომლის შინაარსი მათ არ ესმოდათ;

• დამსაქმებლებმა მოტყუებით წაიყვანეს შორეულ რეგიონებში, საიდანაც გაქცევა შეუძლებელი გახდა;

• აპატიმრებენ ან იძულებით აკავებენ;

• ართმევენ დოკუმენტებს;

ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა 25 წლის მალიკ დიოპი სენეგალიდან. ის რუსეთში სამსახურში აიყვანეს და უთხრეს, რომ თვეში 5700 დოლარად ჭურჭლის მრეცხავად იმუშავებდა. ამის ნაცვლად, ის ფრონტის ხაზზე ყუმბარებითა და იარაღით გაგზავნეს. მოგვიანებით, ის დეზერტირდა და ორდღიანი გაქცევის შემდეგ ტყვედ ჩაბარდა უკრაინელებს.

ვაგნერის მეთოდები ცოცხალია

ამ ტიპის ოპერაციები ჰგავს ე.წ. ვაგნერის ჯგუფის ძველ ტაქტიკებს, რომელიც ასევე აქტიურად იყენებდა უცხოელ მებრძოლებს – როგორც დაქირავებულ ძალას. ექსპერტების თქმით, რუსეთი ცდილობს სამხედრო დანაკარგების შევსებას იმ ქვეყნებიდან რეკრუტირებული ადამიანებით, სადაც სოციალურ-ეკონომიკური კრიზისია და ახალგაზრდების შრომითი მიგრაცია ჩვეულებრივი პრაქტიკაა.

რუსეთის სტრატეგია ამ შემთხვევაში ცხადია: ეკონომიკურად მყიფე ქვეყნებში გეოპოლიტიკური გავლენის გაღრმავება და ადამიანური რესურსის მილიტარიზაცია.

მუშახელის ექსპორტი ომში

უფლებადამცველები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ეს ახალგაზრდები იურიდიულად ხშირად არც სამხედრო მოსამსახურეები არიან და არც კანონიერი მიგრანტები – ისინი მოხვდებიან იურიდიულ „რუხ ზონაში“, რაც მათ დამატებით აქცევს დაუცველებად როგორც რუსეთის შიგნით, ისე ომის პირობებში.

რუსეთის მხრიდან აფრიკელი მუშახელის რეკრუტაცია არ არის მხოლოდ შრომითი იმპორტის ნაწილი — ესაა გეოპოლიტიკური ინსტრუმენტი. კრემლი აფრიკის ქვეყნებთან კავშირებს იყენებს როგორც ეკონომიკური, ისე სამხედრო მიზნებისთვის და „დასაქმების“ დაპირებით ათასობით ადამიანს — უმეტესად დაბალი განათლებისა და დაუცველი სოციალური ფენის წარმომადგენელს — ომის ხაფანგში აქცევს.

ავტორი: მიხეილ ხაჩიძე