თბილისის საქალაქო სასამართლოს ფოიეში ხმაურია. მანდატურის სამსახურის თანამშრომლებსა და მოქალაქეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
ხმაური საქალაქო სასამართლოში - შენობიდან ერთი პირი მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა ძალის გამოყენებით გაიყვანეს.
გარდა ამისა, ისინი ატოვებინებენ მოქალაქეებს შენობას.
პარალელურად საქალაქო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძის პროცესი მიმდინარეობს.

სასამართლო პროცესს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესწრება.
მოსამართლემ ჟორჟოლიანისა და მისი ადვოკატების შუამდგომლობა, მოწმის სახით დეპუტატების თეა წულუკიანისა და მარიამ ლაშხის გამოკითხვის შესახებ, არ დააკმაყოფილა.
ნანუკა ჟორჟოლიანის წინააღმდეგ სარჩელი დეპუტატებმა თეა წულუკიანმა და მარიამ ლაშხმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-16 პრიმა მუხლით შეიტანეს, რაც პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფას გულისხმობს.
ცნობისთვის, პოლიტიკოსებსა და აქტივისტებს შს სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-16 პრიმა მუხლის დარღვევას ედავება, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ 1500 ლარიდან - 4000 ლარამდე ჯარიმას, ან ადმინისტრაციული პატიმრობას 45 დღემდე ვადით ითვალისწინებს.
შსს სამართალდარღვევას ედავება ჟურნალისტებს - ნანუკა ჟორჟოლიანს, ვახო სანაიას, ვიკა ბუკიას, დეა მამისეიშვილს, ეკა მიშველაძეს, მიშა მშვილდაძეს.
პოლიტიკოსებს - თამარ ჩერგოლეიშვილს, ლევან ხაბეიშვილს, ელენე ხოშტარიას, ალეკო ელისაშვილს.
აქტივისტებს - ანა სუბელიანს, ბაია პატარაიას, დავით ქაცარავას, გიორგი ქადაგიძეს, ქეთი მოლაშვილს.