უკრაინაში, რუსულ ოკუპაციას კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი - 22 წლის დემეტრე დარჩია შეეწირა.
ის დღეს "ქართული ლეგიონის“ ბაზაზე განხორციელებული დივერსიული აქტის შედეგად დაიღუპა.
უკრაინის სპეცსამსახურებისა და ეროვნული პოლიციის მიერ გამოძიებები ამჟამადაც მიმდინარეობს. წინასწარი მონაცემებით, "ქართული ლეგიონის“ ბაზაზე აღმოაჩინეს ასაფეთქებელი, რომლის დეტონაცია მოხდა იმ მომენტში, როდესაც დემეტრე დარჩია მასთან ახლოს იყო.
როგორც ლეგიონის მეთაური, მამუკა მამულაშვილი ამბობს, დარჩია სულ რაღაც 4 თვის ჩასული იყო უკრაინაში.
მისი ვერსიით, რუსებმა დივერსიული აქტი დაგეგმეს და რუსეთის დღესთან დაკავშირებით განახორციელეს.
"ქართული ლეგიონის“ მებრძოლებიდან სხვა არავინ დაშავებულა. ბაზაზე სადაც დემეტრე დარჩია იმყოფებოდა, არც ასაფეთქებელი მოწყობილობები ინახებოდა და არც იარაღი. ოთახში, სადაც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო განთავსებული, გვიან ღამით მარტო შევიდა და მაშინვე აფეთქდა. საგამოძიებო მოქმედებები ისევ მიმდინარეობს ჩხრეკენ ახლომდებარე ავტომანქანებსაც.