ავტორი:

ირანის შურისძიება და მუქარა აშშ-ს - ისრაელის მიმართულებით გაშვებულია 100-ზე მეტი დრონი: ისრაელმა კი ლიკვიდირებულთა სრული სია გამოაქვეყნა

ირანის შურისძიება და მუქარა აშშ-ს - ისრაელის მიმართულებით გაშვებულია 100-ზე მეტი დრონი: ისრაელმა კი ლიკვიდირებულთა სრული სია გამოაქვეყნა

ისრაელმა ირანის ბირთვულ პროგრამაზე დარტყმები განახორციელა, ირანის პასუხმაც არ დააყოვნა და უკვე ცნობილი ხდება, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ასზე მეტი დრონი გაუშვა.

ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა, გენერალმა ეფი დეფრინმა განაცხადა, რომ ისრაელი მათ განეიტრალებაზე მუშაობს.

ირანიდან გაშვებულ დრონებს ისრაელამდე მიღწევისთვის რამდენიმე საათი დასჭირდებათ.

  • “ირანმა ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით დაახლოებით 100 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა და ისრაელის თავდაცვის ძალები მათ მოგერიებაზე მუშაობს“, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ბრიგადის გენერალმა, ეფი დეფრინმა განაცხადა.

„საჰაერო თავდაცვის ყველა სისტემა საფრთხეების მოსაგერიებლად მუშაობს. ეს განსხვავებული მოვლენაა იმისგან, რაც აქამდე გამოგვიცდია და რთულ საათებს ველით. უნდა გამოვიჩინოთ გამძლეობა და მოთმინება“, - განაცხადა ეფი დეფრინმა.

მისი თქმით, ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმების შედეგად დაიღუპნენ ირანის არმიის შტაბის უფროსი, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაური და ირანის საგანგებო სიტუაციების სარდლობის სარდალი.

შეგახსენებთ, რომ ისრაელში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ისრაელმა ირანის ბირთვულ პროგრამაზე დარტყმები გამთენიისას განახორციელა.

  • ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკეროს განცხადებით, ისრაელმა დაიწყო "პრევენციული, ზუსტი, კომბინირებული შეტევა“ ირანის ბირთვულ პროგრამაზე დასარტყმელად.მისი თქმით, დარტყმები იყო პასუხი „ირანის რეჟიმის მხრიდან ისრაელის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიაზე“.

პრესკონფერენციაზე გენერალმა დეფრინმა განაცხადა, რომ დღეს დილით ირანზე განხორციელებულ პირველ დარტყმებში მონაწილეობა 200-ზე მეტმა ისრაელის საჰაერო ძალების თვითმფრინავმა მიიღო. მისი თქმით, დარტყმების დროს გამანადგურებლებმა 330-ზე მეტი საბრძოლო მასალა ჩამოაგდეს.

თავდაცვის ძალებში განმარტავენ, რომ ისრაელის საჰაერო ძალების ათობით გამანადგურებელმა თავდასხმის პირველი ეტაპი განახორციელა, რაც მოიცავს „ათობით სამხედრო სამიზნეზე, მათ შორის ირანის სხვადასხვა რაიონში ბირთვულ სამიზნეებზე დარტყმებს“.

თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანის ხელში არსებული მასობრივი განადგურების იარაღი "ეგზისტენციალურ საფრთხეს“ წარმოადგენს ისრაელისთვის და ფართო მსოფლიოსთვის.

  • ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ დარტყმები ოპერაცია "აღმავალი ლომის" ნაწილი იყო და დასძინა, რომ ირანი ისრაელის გადარჩენისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

ისრაელის არმიამ ოპერაციის დროს დაღუპული ირანელი მაღალჩინოსნების სია გამოაქვეყნა:

მათ შორის არის გენერალ-მაიორი ჰოსეინ სალამი, რომელიც ქვეყნის ყველა დანაყოფს ხელმძღვანელობდა.

მასთან ერთად დაიღუპნენ შემდეგი პირები:

  • გენერალ-მაიორი მოჰამედ ბაგრი - ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი;
  • გენერალ-მაიორი ღოლამ-ალი რაშიდი - IRGC-ის ცენტრალური სარდლობის შტაბის „ხატამ ალ-ანბიას“ მეთაური, რომელიც პასუხისმგებელია ოპერატიულ დაგეგმვაზე.
  • ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი და ურანის გამდიდრების პროგრამის ძირითადი ბირთვული ფიზიკოსი ფერეიდუნ აბასი-დავანი;
  • ისლამური აზადის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, ლაზერული იზოტოპების გამოყოფის სპეციალისტი მოჰამედ მეჰდი ტეჰანჩი.
ირანი დღეს

რაც შეეხება ირანის ოფიციალურ პოზიციას, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ისრაელის მიმდინარე სამხედრო მოქმედებებზე პასუხისმგებლობას ორივეს – ისრაელს და შეერთებულ შტატებს თანაბრად აკისრებს:

„სიონისტური რეჟიმის აგრესიული ქმედებები ირანის წინააღმდეგ შეუძლებელი იქნებოდა შეერთებული შტატების კოორდინაციისა და თანხმობის გარეშე. შესაბამისად, აშშ-ის მთავრობა, როგორც ამ რეჟიმის მთავარი მხარდამჭერი, აგებს პასუხს ისრაელის ავანტიურიზმის საშიშ შედეგებზე”,- ნათქვამია განცხადებაში.

  • ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის განცხადებით, ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმები მის „საშინელ ბუნებას“ ავლენს.

"ისრაელმა საკუთარ თავს მწარე ბედი მოუმზადა, რომელსაც აუცილებლად მიიღებს“, - აღნიშნა აიათოლა ალი ხამენეიმ.

ირანი

ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაცია (AEOI) ადასტურებს, რომ თავდასხმის შედეგადც ცენტრალურ ირანში მდებარე ნატანზის ბირთვულ ობიექტს სერიოზული ზიანი მიადგა.

წყარო

იხილეთ ასევე: