ისრაელმა წუხელ ირანის ბირთვულ პროგრამაზე დარტყმები განახორციელა. ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის განცხადებით, ისრაელმა დაიწყო "პრევენციული, ზუსტი, კომბინირებული შეტევა“ ირანის ბირთვულ პროგრამაზე დასარტყმელად.მისი თქმით, დარტყმები იყო პასუხი „ირანის რეჟიმის მხრიდან ისრაელის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიაზე“.
ირანის პასუხმაც არ დააყოვნა და უკვე ცნობილი ხდება, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ასზე მეტი დრონი გაუშვა. ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა, გენერალმა ეფი დეფრინმა განაცხადა, რომ ისრაელი მათ განეიტრალებაზე მუშაობს. ირანიდან გაშვებულ დრონებს ისრაელამდე მიღწევისთვის რამდენიმე საათი დასჭირდებათ.

"ირანს არ შეიძლება ბირთვული ბომბი ჰქონდეს და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან დავბრუნდებით. ვნახოთ. ხელმძღვანელობაში რამდენიმე ადამიანია, რომლებიც აღარ დაბრუნდებიან“, - აღნიშნა ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში.
ანალიტიკოსი გიორგი კობერიძე სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს აქვეყნებს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე:
"რამდენიმე საათია ისრაელს ირანულ სამხედრო ობიექტებზე უპრეცედენტო და მასირებული საჰაერო და სარაკეტო იერიშები მიაქვს. დაიბომბა თეირანის ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის მთავარი შტაბი, ურანის გამდიდრების ობიექტი ნეთენზში და სხვა სამხედრო წარმოების ობიექტები ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში. დაბომბვების შედეგად მოკლულია ირანის ყველაზე გავლენიანი გენერალი და მცველთა კორპუსის ხელმძღვანელი ჰოსეინ სალამი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ისრაელსა და აშშ-ს ემუქრებოდა. აგრეთვე მოკლულია რამდენიმე მეცნიერი და ატომური პროგრამის ყოფილი ყოფილი ხელმძღვანელი.
აღნიშნული შეტევა გარკვეულწილად მოსალოდნელი იყო (და ჩვენ აქ ნასაუბრები გვაქვს ამაზე). ისრაელი ბოლო თვეებია აქტიურად ცდილობდა აშშ-სთან ამ საკითხის შეთანხმებას, მაგრამ თუკი ტრამპის ადმინისტრაცია თავიდან მოლაპარაკებებსა და ზეწოლას ემხრობოდა ირანის წინააღმდეგ, როგორც ჩანს ახლა მწვანე შუქი თუ არა ყვითელი შუქი მაინც მისცა ისრაელს, მაგრამ უშუალოდ აშშ ამ ოპერაციაში არ მონაწილეობს და ეს დაადასტურა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ. თეორიულად არც ისაა გამორიცხული ფაქტის წინაშე დაეყენებინა ისრაელს აშშ. ისრაელი აცხადებდა რომ ირანი ძალიან ახლოსაა ბირთვული იარაღის შექმნასთან. შესაბამისად, ეგზისტენციალური საფრთხისაგან თავის არიდებისათვის კრიტიკული მნიშვნელობა ჰქონდა ამ საფრთხის განეიტრალებას.

საეჭვოა ისრაელს სრულად დაექვეითებინა ირანის ატომური პროგრამა, მაგრამ ეს დარტყმები ორი რამითაა მნიშვნელოვანი: 1. პრეცედენტი იქმნება ირანის წინააღმდეგ; 2. ნებისმიერი ასეთი დარტყმა აქვეითებს სახელმწიფოს შესაძლებლობას გააგრძელოს ბირთვული იარაღის წარმოებაზე მუშაობა, თუკი მას ეს უკვე არ აქვს. ამასთან, ქმნის შიშსა და დაუცველობის შეგრძნებას მეცნიერებსა და ზოგიერთ ლიდერში.
ირანის მხრიდან საპასუხო დარტყმები მოსალოდნელია, როგორც მინიმუმ ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით. არც ისაა გამორიცხული მესამე სახელმწიფოს გამოყენებას შეეცადოს ის. ადრე ამისათვის სირია მოიაზრებოდა, ახლა ირანმა სირია დაკარგა, თუმცა ლიბანში კვლავ ინარჩუნებს გავლენას. მას ბოლო ერთი წლის განმავლობაში ისედაც მიადგა დიდი რეპუტაციული დარტყმა. მაგრამ ეს უკანასკნელნი კი ყველაზე მძიმე გამოდგა. შესაბამისად პასუხი, რომ დიდი იქნება ეს თითქმის გარდაუვალია.
აღსანიშნავია ერთი დეტალიც: ბოლო ხნებში ისრაელის შიდა პოლიტიკაში პრემიერ ნეთანიაჰუს მდგომარეობა სახარბიელო არ იყო. ამ დარტყმებით მისი რეპუტაცია და გავლენა გამყარდება, მით უფრო რომ ისტორიაში ყველაზე მემარჯვენე მთავრობა მართავს ისრაელს.
წაიკითხეთ ასევე: