ირანმა ისრაელზე საპასუხო სარაკეტო იერიში მიიტანა. შეტევა რამდენიმე ფაზად განხორციელდა.
რაკეტების ნაწილი ისრაელის თავდაცვის სისტემამ გააუვნებლა, თუმცა გარკვეულმა ნაწილმა სამიზნეს მიაღწია. აფეთქებების ხმა ისმოდა თელ-ავივში. ამ დროისთვის ვრცელდება ინფორმაცია 17 დაშავებულის შესახებ.
ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ირანმა ისრაელის ორი გამანადგურებელი ჩამოაგდო. აღსანიშნავია, რომ ამ ინფორმაციას მხოლოდ ირანული მედია ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ირანმა ჯამში 150 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.
ირანის სახელმწიფო მედიამ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ თეირანმა ისრაელის მიმართულებით „ასობით სხვადასხვა ბალისტიკური რაკეტა” გაუშვა.
ანალიტიკოსი გიორგი კობერიძე სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს აქვეყნებს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე, ასევე ირანის შეტევასა და ისრაელის თავდაცვის შესაძლებლობებზე:
"ისრაელზე დაიწყო ირანული შეტევის კიდევ ერთი ტალღა. რაკეტებს დაახლოებით 12 წუთი სჭირდებათ მისაფრენად. ეს კი თელ-ავივი. ატმოსფეროდან მოწყვეტით ჩამოვარდნილი ბალისტიკური რაკეტების თავები ქალაქში სხვადასხვა წერტილს ეცემა. სამიზნეები სამოქალაქო შენობებია, თუმცა შესაძლოა დაბომბილი ობიექტების ნაწილი ადმინისტრაციული (სამინისტროები) ან ეკონომიკურიც იყოს. ბალისტიკური რაკეტების 100%-იანი განეიტრალება ურთულესი ამოცანაა და მასირებული შეტევისას, საუკეთესო ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის შემთხვევაშიც კი, უმეტესად აპარებს ხოლმე რამდენიმე თავს. დაახლოებით 3000 ბალისტიკური რაკეტა აქვს ირანს, რომელთაგან 2000 ისრაელს სწვდება.
დღეს დღის განმავლობაში მათი ნაწილი ისრაელის იერიშების შედეგად განადგურდა, მაგრამ ცხადია ყველას განეიტრალება ვერ მოხდებოდა. ამ ეტაპზე საუბარია 3-დან 10 ჩამოვარდნილ რაკეტაზე, მაგრამ შეიძლება იყოს მეტიც. ირანის მხრიდან ეს შეტევა მოსალოდნელი იყო.
ახლა კითხვა ორია: 1. გაგრძელდება თუ არა დამატებითი იერიშები ისრაელის წინააღმდეგ? დიახ, მცდელობა ნამდვილად ექნება. მინიმუმ ამ ღამ კიდევ გაუშვებენ რაკეტების ტალღებს. ამ მოცემულობით, მიუხედავად ბალისტიკური რაკეტებისა და მათგან ნგრევისა, ჯერჯერობით ირანის პასუხი მაინც მყიფეა, მით უფრო სამოქალაქო და დაცარიელებული ადმინისტრაციული ობიექტების დაბომბვის ფონზე, მაშინ როდესაც ისრაელის დარტყმების სამიზნეები სამხედრო და ატომური ენერგიის ობიექტები გახლდათ. ვნახოთ შემდგომ პოტენციურ ტალღებსაც თუ ასე გაუმკლავდა ისრაელი.
ზოგადად კი სამხედრო და ენერგო ობიექტების განადგურებასა და იმ შოკს რაც ირანს დაემართა, ისრაელში დაცარიელებული სამოქალაქო და ადმინისტრაციული შენობების დაბომბვით პასუხი, დამაჯერებელი ვერ იქნება. ამიტომ სავარაუდოა, რომ ირანული იერიშები მინიმუმ მთელი ღამე გაგრძელდება. ეს თეირანისათვის განადგურებული რეპუტაციის აღდგენის მცდელობა იქნება. რა ფორმით - ვნახოთ. თუმცა სურვილი ერთია და შესაძლებლობა მეორე.
2. უპასუხებს თუ არა ირანს ისრაელი? მით უფრო ეკონომიკურ ინფრასტრუქტურაზე, როგორც ეს ისრაელმა დააანონსა. იმ ფონზე, რომ ისრაელს დაანონსებული აქვს ირანული საფრთხის განეიტრალება და ბირთვული პროგრამის განადგურება, მოსალოდნელია რომ დარტყმები სამხედრო ობიექტებზე კიდევ იქნება, აი ეკონომიკურზე კი ვნახოთ - ეს გლობალურ ნავთობ ბაზარს კიდევ უფრო დიდ შოკს დამართებს. თუმცა ისრაელის მხრიდან დღეს გაკეთებული განცხადებები უფრო ხანგრძლივ იერიშებს ემსახურება, ვიდრე ერთდღიანი ოპერაციაა. ვნახოთ" - წერს კობერიძე.
ამჟამად ისრაელს რამდენიმე სახის საჰაერო თავდაცვის სისტემა აქვს.
პირველი არის "რკინის გუმბათი“, რომელსაც "ცის ღმერთს" ეძახიან და რომელიც განკუთვნილია არამართვადი ტაქტიკური რაკეტებისაგან დაცვისთვის 4-დან 70 კმ-მდე ფრენის მანძილიდან. შექმნილია ისრაელის ცნობილი სამხედრო-სამრეწველო კონცერნ Rafael-ის მიერ.
"რკინის სხივზეც“ Rafael -ი მუშაობს. კომპანიამ 2014 წელს 11 თებერვალს, სინგაპურში იარაღის გამოფენაზე გაასაჯაროვა ახალი ლაზერული კომპლექსის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა. "რკინის სხივის" დახვეწაზე მეცნიერები ამ წლების განმავლობაში აგრძელებდნენ მუშაობას. იმჟამად კომპანიის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ახალი სისტემის თავდაცვით ფარში მიერთებით ისრაელს შესწევდა ძალა გაენადგურებინა 2-7 ათასიანი დისტანციის სპექტრის რაკეტები.
შემდეგი არის "დავითის შურდული“, რომელიც შექმნილია ახლო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტების გასანადგურებლად. მისი მოქმედების რადიუსი 70-300 კმ-მდეა.
აღსანიშნავია, რომ "რკინის სხივი“ სხვა სისტემებისგან განსხვავებით არ ფინანსდებოდა დასავლელი პარტნიორებისგან და ჭეშმარიტად ებრაული იარაღია.
ლაზერულ იარაღზე სხვა ქვეყნებიც მუშაობენ. მათ შორისაა საფრანგეთი, სამხრეთ კორეა და რუსეთი.
წაიკითხეთ ასევე: