ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აცხადებს, რომ ისრაელზე თავდასხმები დასრულდება მას შემდეგ, რაც ისრაელი შეწყვეტს ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიას.
მისივე თქმით, პარსის გაზის საბადოზე ისრაელის მხრიდან განხორციელებული დარტყმები "ძალიან საშიში აქტია", რადგან ამ საბადოს ირანი კატართან ერთად იზიარებს.
"კონფლიქტის გადატანა სპარსეთის ყურეში სტრატეგიული შეცდომაა და მისი მიზანია ომის ირანის ტერიტორიის მიღმა გადატანა", - ამბობს არაღჩი.
"ისრაელის თავდასხმა არასდროს მოხდებოდა მწვანე შუქისა და მხარდაჭერის გარეშე“, - ამბობს არაღჩი და დასძენს, რომ თეირანს არ სჯერა ამერიკელების განცხადებების, რომ ვაშინგტონს მონაწილეობა არ მიუღია ბოლოდროინდელ თავდასხმებში.
"აუცილებელია, რომ შეერთებულმა შტატებმა დაგმოს ისრაელის დარტყმები ირანის ბირთვულ ობიექტებზე, თუ მათ სურთ თავიანთი კეთილი ნების დამტკიცება“, - ამბობს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი.