ავტორი:

"ნატო მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში ბაჩო ახალაიას მინისტრობის დროს... მისი მეუღლე ახალაიას უახლოესი თანამებრძოლი იყო... რომელ გზაზე საუბრობენ ჭოხონელიძეები?! - ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნატო მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში ბაჩო ახალაიას მინისტრობის დროს... მისი მეუღლე ახალაიას უახლოესი თანამებრძოლი იყო... რომელ გზაზე საუბრობენ ჭოხონელიძეები?! - ნანუკა ჟორჟოლიანი

ბოლო დღეებში მომღერალი ნატო გელაშვილი და მისი ვაჟები, ლუკა და გიორგი ჭოხონელიძეები, საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცნენ. კრიტიკა მათ მიმართ მას შემდეგ დაიწყო, რაც მონაწილეობა მიიღეს კონცერტში იმ დღეს, როდესაც პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ მათე დევიძეს სასამართლომ 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ეს გადაწყვეტილება საზოგადოების ნაწილისთვის მძიმე აღმოჩნდა და პროტესტი გამოიწვია.

  • ნატო გელაშვილის განცხადება

ნატო გელაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა შვილების მიმართ გამოთქმულ კრიტიკას. მომღერალი აღნიშნავს, რომ არ ელოდა, თუ კვლავ მოუწევდა ოჯახზე ბულინგის თემასთან დაბრუნება, მაგრამ როგორც ჩანს, "არავინ უნდა დარჩეს გაუსვრელი“.

"კიდევ ერთხელ განვმეორდები, ჩვენ არავის ვუვარდებით სახლში, არც სცენაზე, არც პირად ცხოვრებაში, არც სამარცხვინო ნაბიჯებით გამოვირჩევით... როცა ყვირი "სირცხვილია“-ს, სულ ცოტა მისი შინაარსი კარგად უნდა გესმოდეს ადამიანს. რა არის სირცხვილი და რა არა“, – წერს ნატო გელაშვილი.

მისი თქმით, მისი შვილები გაიზარდნენ ოჯახში, სადაც ყველაფრის ფასი კარგად იციან: "არც მშიერის დაპურება გვეშლება, არც უსახლკაროს მიღება, არც მრწამსისთვის ჯოჯოხეთის გავლა... არც მდუმარებაში გლოვა, არც უსახლკარობის შიში, არც ერთმანეთის სიყვარული და არც ქვეყნის... არც გაზის ყლაპვის შეგვშინებია ოდესმე და არც ვინმესთვის სიმართლის თქმის... ასე რომ, შორს ხელები ჩემი ოჯახისგან“.

გელაშვილი განმარტავს, რომ არც მის შვილებს და არც სტუდენტებს მათე დევიძის მიმართ გამოტანილი განაჩენის შესახებ კონცერტის დღეს არაფერი სცოდნიათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი კონცერტს გადადებდნენ.

  • ძმებ ჭოხონელიძეების პოზიცია

მოგვიანებით, ლუკა და გიორგი ჭოხონელიძეებმაც გაავრცელეს ერთობლივი განცხადება. ისინი აღნიშნავენ, რომ ზოგადად აქტიურობით, პოსტებითა და მოწოდებებით არ გამოირჩევიან, მაგრამ გუშინდელ ამბავს უპასუხოდ არ დატოვებენ.

"პირველ რიგში, ყველა ბიჭს, ვინც არიან დღეს პატიმრობაში, ჩვენი სოლიდარობა და თანადგომა, ეს ასე იყო ყოველთვის და ასეა დღესაც! მეორე, ჩვენ ქართული-ტრადიციული ღირებულებებით გავიზარდეთ და ჩვენი ნატალიასთვის და დღეს უკვე უფრო დიდი ოჯახისთვის ვარსებობთ რაც თავი გვახსოვს“, – წერენ ძმები.

ისინი აცხადებენ, რომ სოციალურ ქსელებში და მსგავს პლატფორმებზე პოლიტიკურ ამბებში არასოდეს ერეოდნენ, რადგან "საქართველოში შეუძლებელია რაიმე აზრი გქონდეს და რომელიმე მხარეს არ მიგაკუთვნონ“. თუმცა, მათი თქმით, ქმედებებით ყოველთვის აფიქსირებდნენ თავიანთ პოზიციას: "აქციაზე გასვლით, კონცერტების გაუქმებით თუ ზოგადად ჩვენი აზრის დაფიქსირებით საზოგადოებაში“.

ძმები განმარტავენ, რომ თსუ-ში კონცერტი სტუდენტებისთვის იყო დაგეგმილი და მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. მათი ვარაუდით, იქ მყოფმა ადამიანებმაც არ იცოდნენ სიტუაციის შესახებ, რადგან "კონცერტის განმავლობაში მსგავსი არაფერი იგრძნობოდა“.

ლუკა და გიორგი ჭოხონელიძეები აცხადებენ, რომ თსუ-ს თვითმმართველობასთან მათი ურთიერთობა დასრულებულია და ეს მათი ბოლო ღონისძიებაა უნივერსიტეტში.

  • ნანუკა ჟორჟოლიანის გამოხმაურება და ძმების პასუხი

ძმების განცხადებას ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი გამოეხმაურა და მადლობა გადაუხადა: "მადლობა ბიჭებო და იცოდეთ, რომ მადლობელი ვიქნებით ყველასი ვინც ამ გზით ივლის“.

ამაზე ჭოხონელიძეებმა ასეთი პასუხი გასცეს: "პატიმრობაში მყოფი ბიჭების მიმართ დაფიქსირებული ჩვენი თანადგომა და სოლიდარობა, ასევე თსუ-ს თვითმმართველობის მიმართ დაფიქსირებული ჩვენი პოზიცია, თქვენს გვერდში დგომას და თქვენი გზით სიარულს არ ნიშნავს! ნანუკა, თქვენს გვერდში ჩვენ არასდროს დავდგებით!! უფრო მეტიც, ღმერთმა დაგვიფაროს თქვენი გზებით ვიაროთ“.

ძმებმა ჟორჟოლიანის კომენტარი "სასაცილოდ“ მიიჩნიეს, რადგან, მათი თქმით, ჟურნალისტმა რამდენიმე თვის წინ "მათი ყველაზე დიდი სიყვარული გაიმეტა საჯიჯგნად“, დღეს კი მადლობას უხდის. "თუ რომელიმე გზაზე ვივლით, ჩვენს ნატალიასთან ერთად და არასდროს მის გარეშე! ჩვენ ერთი მთლიანი და განუყოფელი ოჯახი ვართ!“, – აღნიშნეს ძმებმა.

ძმების ამ მიმართვის შემდეგ ნანუკა ჟორჟოლიანს ნატო გელაშვილის ქორწინება გაახსენდა მამაკაცთან, რომელიც ბაჩო ახალაიას თანამებრძოლი იყო.

"უი, ახლა მომწერეს, რომ თვითონ ნატო გელაშვილიც მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში ბაჩო ახალაიას მინისტრობის დროს. დაახლოებით სამი წელი ყოფილა ეს თანამშრომლობა.

ამდენი ხანია ვფიქრობ რომელ გზაზე საუბრობენ ჭოხონელიძეები. სად მიმყავდა ისინი?! ჯერ ვიფიქრე რომ პოლიტიკურ არჩევანს მიწუნებენ. მაგრამ რანაირად, ნატოს მეუღლე ხომ 2012 წლის ბოლო დღემდე ბაჩო ახალაიას უახლოესი თანამებრძოლი და გუნდის წევრი იყო.

შესაბამისად ეს ვერსია გამოვრიცხე. ევროპული გზაც არ უნდა დაეწუნებინათ. სიმღერა მე არ მინდა. პატიმრებზე ერთი ფიქრი გვქონია. ჯობია აღარ ვიფიქრო ამ ამბავზე. მაინც ვერ ჩავწვდები", - დაწერა ნანუკამ.

  • ცნობისთვის, ნატო გელაშვილი 24 წლის ასაკში დაქორწინდა გელა ჭოხონელიძეზე, რომელიც მისი პირველი ქმარი და შვილების მამაა.

"დრო იყო ოჯახი შემექმნა, იმ ასაკში მივხვდი, რომ ძალიან მინდოდა შვილი. გელა ჭოხონელიძე იმ კაფეში მუშაობდა, სადაც მე და ჩემი მეგობრები ხშირად დავდიოდით. ჩვენი ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო და სერიოზულ გრძნობებში გადაიზარდა“, – იხსენებს ნატო.

ის აღნიშნავს, რომ ყოველთვის ცდილობდა ძლიერი ყოფილიყო შვილების გამო. მათ მამასთან ყოველთვის ჰქონდათ ურთიერთობა და დღემდე ასეა. "შაბათ-კვირა მამის დღეა, მიდიან და მასთან მეგობრობენ. შვილით ვაჭრობა ჩვენს შემთხვევაში არ ყოფილა. არც ზედმეტი კითხვები ისმება. გელას მეორე ოჯახი არა ჰყავს“, – ამბობდა მომღერალი.

მოგვიანებით, ნატო გელაშვილის ცხოვრებაში ვახო გორგაძე გამოჩნდა. მომღერალი აღნიშნავს, რომ მეორედ ოჯახის შექმნის ეშინოდა, მაგრამ ვახოს სიყვარულმა ეს ნაბიჯი გადაადგმევინა (ცნობისთვის, ნანუკა ჟორჟოლიანი თავის პოსტში ვახო გორგაძეს გულისხმობს)

"რამდენიმე წელი დამჭირდა, რომ შემყვარებოდა. დაღლილი, დაცლილი და საშინლად გამხდარი ვიყავი. დეპრესია მქონდა… აუტანელი ვიყავი, არავინ არ მინდოდა. ეს ბედისწერაა. მეშინოდა ოჯახის მეორედ შექმნა, მაგრამ რამაც ეს ნაბიჯი გადამადგმევინა, ეს იყო ვახო გორგაძის ძალიან დიდი სიყვარული. მისი ეს გრძნობა და მართლა დიდი ნებისყოფა დასაფასებელია“, – ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში ნატო გელაშვილი.