Ambebi.ge-სა და „პალიტრანიუსის“ ერთობლივი პროექტის „სახალხო ინტერვიუ“ ძირითადად მკითხველის კითხვებზეა აგებული. ისინი რესპონდენტს შეკითხვას Ambebi.ge-ს კომენტარების ველში უსვამენ და მასზე პასუხებს „პალიტრანიუსის“ ტელეეთერში იღებენ.
„სახალხო ინტერვიუს“ მორიგი სტუმარია ექსპერტი გია ხუხაშვილი.
გთავაზობთ გადაცემიდან საინტერესო ეპიზოდებს, ხოლო „სახალხო ინტერვიუს“ სრული ვერსიის ნახვას ქვემოთ მითითებულ ბმულზე შეძლებთ.
- ბატონო გია, პროფესიით ვინ ბრძანდებით?
- ჩემი პირველი სიყვარული ეს არის მათემატიკა. მე კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა დავამთავრე, შემდეგ სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. დავიცავი დისერტაცია კომბინატორულ ანალიზში, ის იყო, კათედრაზე უნდა დამეწყო მუშაობა, როდესაც 9 აპრილის ტრაგედია მოხდა. ამან ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა - თავდაყირა დააყენა. მთლიანად გადავეშვი საზოგადოებრივ ცხოვრებაში. სამწუხაროდ ჩემი პროფესიით პრაქტიკულად ერთი დღეც არ მიმუშავია. შემდგომში მივიღე დამატებითი ეკონომიკური განათლებაც.
- ერთხელ ინტერვიუში ნათქვამი გაქვთ, რომ როგორც ყოფილმა კომაროველმა, უნივერსიტეტში სწავლა მათემატიკური კუთხით განაგრძეთ. გამოცდების წინ თურმე დედათქვენი ლოცულობდა, რომ ჩაჭრილიყავით რატომ? მოგვიყევით ამის შესახებ.
- ეს იყო 70-იანი წლების დასასრული, როდესაც ყველა დედა ოცნებობდა, რომ მისი შვილი ექიმი გამოსულიყო. მაშინ სამედიცინო ყველაზე პრესტიჟული ფაკულტეტი იყო და მე, როგორც იმ თაობის პერსპექტიულ ახალგაზრდა, ბუნებრივია, დედაჩემის სურვილით ექიმი უნდა გამოვსულიყავი. ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო. ამიტომ ვაბარებდი მათემატიკურზე და დედაჩემი ლოცულობდა, რომ იქნებ შემთხვევით ჩავჭრილიყავი, რომ მეორე წელს გადამეფიქრებინა და სამედიცინოზე ჩამებარებინა. ეს დღევანდელი გადასახედიდან სასაცილო ისტორიაა, მაგრამ მაშინ ამის გამო ჩვენს ოჯახში დიდი ტრაგედიები იყო.
- როგორ გახდით ექსპერტი? საერთოდ ადამიანებს ამ სტატუსს ვინ და როგორ ანიჭებს?
- მეც არ მომწონს ეს წოდება, არ მგონია, ეს ასახავდეს იმას საქმიანობას, რასაც მე სამოქალაქო ცხოვრებაში ვეწევი. ექსპერტი ჩემთვის ვიწრო სპეციალობის პროფესიონალს გულისხმობს, რომელიმე დარგის ექსპერტს, რომელიც უკვე სიღრმისეულ ანალიზს აკეთებს. მე არ ვარ ამით დაკავებული, შეიძლება ჩემს საქმიანობასთან უფრო ახლოსაა პოლიტოლოგი, ანალიტიკოსი. მე შიდა და საგარეო პოლიტიკაზე, ზოგად ეკონომიკურ პროცესზე ვლაპარაკობ - მაკრო ეკონომიკურ პროცესზე, ამიტომ, ალბათ პოლიტოლოგი უფრო შესაბამისი იქნებოდა. ხოლო ვინ ანიჭებს ამ სტატუს? არავინ ანიჭებს. ამ წოდებას ადამიანების აქტიურობა, მათი აზრისადმი მოთხოვნილება აჩენს. ეს არ არის ფორმალური სტატუსი. საქართველოში ასეა, სხვა ქვეყნებში სხვანაირად არის... ასე რომ, საქართველოში კომისია, რომელიც ამ სტატუსს ანიჭებს, არ არსებობს. არც დიპლომი გაიცემა ამ კუთხით.
- ცოცხლები რომ ყოფილიყვნენ ბადრი პატარკაციშვილი და ზურაბ ჟანია, რომლებსაც ახლოს იცნობდით, ის, რაც ახლა ქვეყანაში ხდება, თუ მოხდებოდა?
- ცოცხლები რომ ყოფილიყვნენ, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ეს ქვეყანა ბევრ უბედურებას ასცდებოდა. დიდი ალბათობით 2008 წლის ომი არ მოხდებოდა და ახლა ევროკავშირში ვიქნებოდით გაწევრებული. იმიტომ, რომ ზურა, მთელი 30 წლის მანძილზე, ყველაზე ნიჭიერი პერსპექტიული და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსი გახლდათ. ფრთიანი ანგელოზი არ იყო, მაგრამ ძალიან ღრმად მოაზროვნე და ერთგული საკუთარი პრინციპების. ის აუცილებლად მოახერხებდა, რომ ჩვენი ქვეყანა იმ ნაპირზე ყოფილიყო, რაც თითოეულ ჩვენგანს გვეოცნებება.
- რამ გამოიწვია თქვენი და ბიძინა ივანიშვილს შორის ურთიერთობის გაფუჭება და ვინ იყო დაშორების ინიციატორი თქვენ შორის?
- ეს ისტორია არაერთხელ მომიყოლია. ჩემი წამოსვლა განპირობებული იყო ბიძინა ივანიშვილის გაცნობის დღიდან. როდესაც ბიძინა ივანიშვილს იმ საარჩევნო ბრძოლაში გავყევი, საჯარო განცხადება გავაკეთე. როგორც კი არჩევნები დასრულდებოდა და ჩვენ ხელისუფლებაში მოვიდოდით, იმის გამო, რომ მე არ ვიყავი პოლიტიკოსი, საჯარო სამსახურში ვერ ვიმსახურებდი. ამიტომ ამ ამოცანის შესრულების შემდეგ სისტემიდან წავიდოდი. ეს იყო თავიდანვე დაანონსებული არჩევანი. ინიციატორი მე ვიყავი, ეს ბევრს არ სჯერა. სამწუხაროდ, ადამიანების 90% ასე ფიქრობს, რომ თუ ვინმე ქერის ორმოში ჩავარდა, იქიდან ამოძრომის სურვილი რატომ უნდა გაუჩნდეს?! ბევრისთვის წარმოუდგენელია, უარი თქვას იმ სიკეთეებზე. იყო პერიოდი, როცა გავლენით მეორე ადამიანი ვიყავი ქვეყანაში და როგორ შეიძლებოდა ამაზე უარი მეთქვა?!. ძალიან მარტივად, ის არ იყო ჩემი ცხოვრება და მე დავუბრუნდი ჩემი ცხოვრების წესს. ინიციატორი ვიყავი მე.
ბიძინა დიდხანს ცდილობდა, სისტემაში შევენარჩუნებინე მას შემდეგაც, რაც უკვე წამოსული ვიყავი. ცდილობდა, რაღაცნაირად დავებრუნებინე, ამაზეც უარი ვთქვი... ახლა ამას რომ ვამბობ, ბევრს არ სჯერა. არადა სრულიად გულწრფელი ვარ იმაში, რასაც ვამბობ.
- ბატონო გია, რა გაგიკეთათ ასეთი ივანიშვილმა, მისი თქვენ სიკეთე რომ დაივიწყეთ და მტრად მოეკიდეთ, თუ თავიდანვე შეგზავნილი ხომ არ იყავით ივანიშვილებთან?
- მე რომ შეგზავნილი ვყოფილიყავი, ბიძინა ივანიშვილი იმ არჩევნებს ვერ მოიგებდა. ეს დადასტურებულად შემიძლია გითხრათ. არჩევნები რომ მოიგო, ამაში ჩემი სერიოზული წვლილიც არის. ეს დამსახურებაა, თუ დანაშაული, - ცალკე თემაა. ყოველ შემთხვევაში ეს ასე იყო. უბრალოდ კითხვის ამ ნაწილში ლოგიკა არ არის... რაც შეეხება სიკეთის დავიწყებას, შემიძლია გითხრათ, რომ არაფერი დამვიწყებია, რა ჩემთვის ბიძინას კარგი გაუკეთებია. ამისთვის, რა თქმა უნდა, მადლიერი ვარ. ადამიანურად ის არ მძულს და იმ პერიოდში ჩემდამი დამოკიდებულებას, დახმარებას ბევრ თემასთან დაკავშირებით ვაფასებ...
ჩემი წიგნს თუ წაიკითხავთ, ამ კითხვაზე და კიდევ ბევრ კითხვაზე დეტალურად საინტერესო ამბებს ამოიკითხავთ...
რაც შეეხება მტრად გადაკიდებას, - ეს ცოტა ისეთი თემაა, - როდესაც პოლიტიკაში ხარ, შენს ცხოვრებაში სამწუხაროდ შეიძლება დილემა გაჩნდეს - პირადი ერთგულება, პირადი დამოკიდებულება თუ პრინციპების ერთგულება. ასე რომ ვთქვათ, სამშობლოს განცდა. ასეთი დილემის დროს პოლიტიკაში მყოფი ადამიანისთვის თუ მას სამშობლო ნამდვილად უყვარს, არჩევანი ბუნებრივი უნდა იყოს...
არ იყო მარტივი გადაწყვეტილება - ბიძინასადმი გარკვეული ვალდებულებები მქონდა და მასაც ჰქონდა ჩემდამი ადამიანური ვალდებულებები. რადგან ასე იყო, ამიტომ ორივესთვის მტკივნეული იყო. მაგრამ როდესაც დილემა სხვა გზას არ გიტოვებს, - უღალატო პრინციპებს, უღალატო სამშობლოს, თუ უღალატო ერთ პიროვნებას, მასთან ვალდებულებების მონა არ გახდე, ვფიქრობ, ერთადერთი სწორი არჩევანი გავაკეთე. სხვა შემთხვევაში ვიქნებოდი ისეთივე პერსონა, როგორებიც ბიძინას დღეს გარშემო ჰყავს.
- ბატონო გია, თქვენი ოჯახის რომელი წევრი გადაურჩა სიკვდილს ბიძინა ივანიშვილის დახმარების შედეგად და თუ ხართ მისი მადლიერი?
- მადლიერი ვარ. სიკვდილს გადაურჩა ცოტა ხმამაღლაა ნათქვამია, აქ საუბარია ჩემი მეუღლის ოპერაციაზე. როდესაც ბიძინა ივანიშვილთან საარჩევნო კამპანიაში ჩავერთე, რისკის ქვეშ ვიყავით მე და ჩემი ოჯახის წევრები - ჩემი შვილი და ჩემი მეუღლე. ისინი უცხოეთში გვყავდა გახიზნული. იმ პერიოდში მეუღლეს გულის ოპერაცია დასჭირდა. ბუნებრივია, ამის არანაირი საშუალება არ მქონდა. ბიძინასთვის არც მითქვამს, მან ირიბად გაიგო და დამაძალა, გადასახლების პერიოდში მეუღლისთვის ოპერაცია გამეკეთებინა. ამისთვის ბიძინას მადლობელი ვარ და არა მარტო ამისთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბიძინას პიროვნულად, ადამიანურად რომ გაუჭირდეს, ღმერთმა არ ქნას, მაგალითად, ფიზიკური დაცვა რომ დასჭირდეს, ისევ ჩემი დასაცავი გახდება...