15 ივნისს აშშ-ში ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი დაიწყო, რომელიც 13 ივლისამდე გასტანს.
ისტორიაში პირველად, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ფიფა-ს ექვსი კონფედერაციის 32 გუნდი იღებს მონაწილეობას. როგორც ფიფა-ს პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ განაცხადა, ეს ტურნირი ფეხბურთში ახალი ეპოქის დასაწყისია და ყველაფერი ძალიან ჰგავს 1930 წლის პირველ მუნდიალს.

ქართველი მაყურებლისთვის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ხვიჩა კვარაცხელიას "პარი სენ-ჟერმენის“ მატჩები. პარიზული გუნდი B ჯგუფში მადრიდის "ატლეტიკოსთან“, "ბოტაფოგოსა“ და "სიეტლ სანდერსთან“ ერთად ითამაშებს.
პსჟ ტურნირზე პირველ მატჩს 15 ივნისს პასადენაში "ატლეტიკოსთან“ ჩაატარა და მოწინააღმდეგე ანგარიშით 4:0 გაანადგურა.

პარიზული გუნდი თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას, შეუტია და შედეგსაც მიაღწია: რამუშის და კვარაცხელიას დარტყმულ ბურთებს ობლაკი ადვილად დაეუფლა, რის შემდეგაც ხვიჩას პასი ფაბიანმა მიიღო და შორიდან დალაშქრა მადრიდელთა კარი. ცხელოდა, ტემპი მაღალი არ იყო, სიმეონეს შეგირდები თითქმის ვერ ახერხებდნენ მეტოქის ნახევარზე გადასვლას, "პარი სენ ჟერმენმა" კი მეორე გოლი გაიტანა. ამჯერად თავი ვიტინიამ გამოიჩინა, რომელსაც საგოლე პასი "კვარამ" მისცა.
მეორე ტაიმის დასაწყისში პსჟ ისევ დომინირებდა, ქართველის დარტყმული ბურთი ობლაკმა მოიგერია, რის შემდეგაც ხარიხას მოხვდა. აქედან მოყოლებული "როხიბლანკო“ ერთი პერიოდი შედარებით გააქტიურდა, ალვარესმა გაიტანა კიდეც, მაგრამ მსაჯმა ვიდეოგამეორება ნახა, კოკეს მხრიდან დუეზე უხეშობა დააფიქსირა და გოლი გააუქმა. ხვიჩა 72-ე წუთზე შეცვალეს. დარჩენილ დროში არბიტრმა "ატლეტიკოს“ მცველს, ლანგლეს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა, მადრიდელები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ, მალევე "ატლეტიკოს" კარი შეცვლაზე შესულმა მეილიუმ და ლიმ (პენალტით) დალაშქრეს და პარიზელებმა ტურნირის სტარტზე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.
20 ივნისს, მეორე ტურში პსჟ "ბოტაფოგოს“, ხოლო "ატლეტიკო“ "სიეტლ საუნდერსს“ დაუპირისპირდება.
აღსანიშნავია, რომ თამაშს პასადენაში 80 619 მაყურებელი დაესწრო, რაც ამ სეზონში ორივე კლუბის რეკორდია. "ალ აჰლი“ - "ინტერ მაიამიზე“ 60 927 მაყურებელი მივიდა, "ბაიერნი“ - "ოკლენდ სიტიზე“ 21 152. ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო "როუზ ბოულზე" იმყოფებოდა და ტურნირის სტარტს გამაოგნებელი წარმატება უწოდა.

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი ფიფა-მ პირველად 2000 წელს ჩაატარა. გათამაშება ბრაზილიური "კორინთიანსის“ გამარჯვებით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში ტურნირზე მხოლოდ 6-7 გუნდი მონაწილეობდა და შეჯიბრება გულშემატკივართა შორის პოპულარობით ვერ სარგებლობდა. მასში, ძირითადად, სხვადასხვა კონფედერაციის მთავარი საკლუბო ტურნირის ჩემპიონები თამაშობდნენ.
ყველაზე მეტჯერ ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მადრიდის "რეალმა“ მოიგო (ხუთჯერ), ხოლო მოქმედი გამარჯვებული "მანჩესტერ სიტია“, რომელიც ტიტულს 2023 წელს დაეუფლა. ჯამში, გათამაშება ევროპული გუნდების ჩემპიონობით 16-ჯერ დასრულდა, სამხრეთ ამერიკელებმა კი ტიტული ოთხჯერ მოიპოვეს. სხვა კონფედერაციის წარმომადგენელს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი არ მოუგია.
მონაწილეები რვა ჯგუფში გადანაწილდნენ, თითოეულში ოთხი გუნდი. მერვედფინალის საგზურს ჯგუფში ორი საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი მიიღებს. A ჯგუფის გამარჯვებული B ჯგუფის მეორეადგილოსანს შეხვდება და პირიქით, B ჯგუფის გამარჯვებული - A ჯგუფში მეორე ადგილზე გასულს დაუპირისპირდება. ასე დაწყვილდებიან ჯგუფებიდან გასული გუნდები მერვედფინალში.
ევროპა (უეფა) - 12 გუნდი:
სამხრეთ ამერიკა (კონმებოლი) - 6 გუნდი:
ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკა(კონკაკაფი ) – 4 გუნდი:
აფრიკის ფეხბურთის კონფედერაცია - 4 გუნდი:
აზიის ფეხბურთის კონფედერაცია - 4 გუნდი:
ოკეანეთის ფეხბურთის კონფედერაცია - ერთი გუნდი:
აშშ მასპინძლის სტატუსით - ერთი გუნდი:
ტურნირს აშშ-ის 11 ქალაქის 12 სტადიონი უმასპინძლებს. ორი სტადიონით მხოლოდ ერთი ქალაქი, ორლანდოა წარმოდგენილი. გახსნის მატჩი 15 ივნისს, თბილისის დროით 04:00 საათზე მაიამიში "ინტერ მაიამისა“ და "ალ აჰლის“ შორის შედგა, ხოლო 13 ივლისს ფინალური მატჩის ჩატარება ნიუ ჯერსიში, MetLife Stadium-ზეა დაგეგმილი, რომელიც 82 500 მაყურებელს იტევს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ არენაზე შედგება 2026 წლის სანაკრებო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალიც.
ფიფა-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის საპრიზო ფონდი ერთ მილიარდ დოლარს შეადგენს. ტურნირის გამარჯვებული, დაახლოებით, 125 მილიონ დოლარს მიიღებს. 575 მილიონი მონაწილე გუნდებზე განსხვავებული პროპორციით გაიცემა, ხოლო 425 მილიონი შედეგების მიხედვით განაწილდება (მასში შედის ჩემპიონის 125 მილიონი დოლარიც).
იხილეთ ასევე: