ავტორი:

ირკვევა, რომ ამერიკელი ჟურნალისტი, რომელიც 13 წლის წინ გაუჩინარდა, ასადის ბრძანებით სიკვდილით დასაჯეს - რა გაამჟღავნა სირიის ყოფილმა მაღალჩინოსანმა

ირკვევა, რომ ამერიკელი ჟურნალისტი, რომელიც 13 წლის წინ გაუჩინარდა, ასადის ბრძანებით სიკვდილით დასაჯეს - რა გაამჟღავნა სირიის ყოფილმა მაღალჩინოსანმა

გენერალ-მაიორი ბასამ ჰასანი, რომელიც ბაშარ ალ-ასადის მმართველობის დროს მაღალჩინოსანი სამხედრო ლიდერი იყო, ამტკიცებს, რომ სირიის ექსპრეზიდენტმა, ამერიკელი ჟურნალისტი, ოსტინ ტაისი სიკვდილით დასაჯა.

  • ჟურნალისტი 2012 წელს გაუჩინარდა. ადრე ითვლებოდა, რომ ტაისი ცოცხალი იყო და ტყვეობაში იმყოფებოდა – ჯერ კიდევ 2024 წლის დეკემბერში, მაშინდელმა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებს უთხრა: "ჩვენ ვფიქრობთ, რომ შევძლებთ მის დაბრუნებას“.

ოსტინ ტაისი, ყოფილი საზღვაო ქვეითი, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის დიპლომატიური სამსახურის სკოლის კურსდამთავრებული გახლდათ. ის სხვადასხვა გამოცემის თავისუფალი კორესპონდენტად მუშაობდა და 2012 წლის აგვისტოში დამასკოს გარეუბანში მოგზაურობის შემდეგ გაიტაცეს. იმ დროს ოსტინი უკვე ემზადებოდა ქვეყნის დასატოვებლად.

რამდენიმე კვირის შემდეგ გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, სადაც მამაკაცი თვალებახვეული, ნიღბიანი შეიარაღებული პირების გარემოცვაში იყო. ტაისი რამდენიმე კვირის შემდეგ გაიქცა, მაგრამ კვლავ დაიჭირა სირიის უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთმა ქვედანაყოფმა.

არსებობს საფუძველი, რომ ვიდეო დადგმული იყო, რათა შექმნილიყო შთაბეჭდილება, თითქოს ტაისი ისლამისტ მებრძოლების ხელში იყო. ამას აცხადებს სირიის საგარეო დაზვერვის ყოფილი გენერალ-ლეიტენანტი საფუან ბაჰლულიც.

ბაჰლული ახლა დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს. წლების წინ, მან პირადად დაკითხა ჟურნალისტი. მისი თქმით, ხელბორკილებით ჰყავდათ, მაგრამ კარგად ექცეოდნენ. ამოცანა იყო გაერკვიათ, იყო თუ არა ტაისი ნამდვილად ჟურნალისტი – თუ ამერიკელი ჯაშუში.

2022 და 2023 წლებში თეთრი სახლის მაღალჩინოსნები ომანში ჩავიდნენ იმად მუსტაფასთან, სირიის ყოფილ ელჩთან შესახვედრად. ამერიკელებმა მუსტაფას გადასცეს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებდა, რომ სირიის ხელისუფლებამ ტაისი 2012 წელს დააკავა.

2016 წლიდან აშშ-ის დაზვერვა მიიჩნევდა, რომ ტაისი ცოცხალი იყო. 2024 წლის დეკემბერში მაშინდელმა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა: „ჩვენ გვჯერა, რომ ის ცოცხალია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ შევძლებთ მის დაბრუნებას, მაგრამ ამის პირდაპირი მტკიცებულება ჯერ არ გვაქვს“.

20 დეკემბერს როჯერ კარტენსი, აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი მძევლების საქმეებში, და ბარბარა ლიფი, სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, ჩავიდნენ დამასკოში და გახდნენ პირველი ამერიკელი წარმომადგენლები, რომლებიც ახალ მთავრობას შეხვდნენ.

კარტენსს მხოლოდ ერთი ადგილის მონახულების უფლება მიეცა – ეს იყო ჰასანის კუთვნილი ტერიტორია. FBI-მ დნმ-ის ნიმუშები აიღო. კარტენსმა ფოტოები გადაიღო. მაგრამ ამან შედეგი არ გამოიღო.

ვინ არის გენერალი ბასამ ჰასანი, რომელმაც ამერიკელი ჟურნალისტის შესახებ ახალი ინფორმაცია გაავრცელა?

ჰასანი, რომელიც 2014 წლიდან აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფება სირიის ქიმიური იარაღის პროგრამასთან კავშირის გამო, რეჟიმის დაცემამდე ცოტა ხნით ადრე ირანში გაიქცა. როგორც BBC-ის წყაროები იუწყებიან, ირანში მას დაურეკეს და ლიბანში მიიწვიეს ამერიკელ ოფიციალურ პირებთან შესახვედრად – სავარაუდოდ, გარანტიები მისცეს, რომ არ დააპატიმრებდნენ. წყაროების ინფორმაციით, ის ამერიკელ წარმომადგენლებს მინიმუმ სამჯერ შეხვდა და ერთ-ერთი შეხვედრა აშშ-ის საელჩოს კომპლექსში შედგა.

ამ საუბრების დროს, მან FBI-სა და CIA-ს გამომძიებლებს უთხრა, რომ ასადმა ბრძანება გასცა ტაისის სიკვდილით დასჯის შესახებ. როგორც ჰასანი ამტკიცებს, თავად ცდილობდა ასადის გადარწმუნებას, მაგრამ ეს განკარგულება შესრულდა.

ტაისის გაუჩინარების მე-13 წლისთავი ახლოვდება, მაგრამ მის დედას დებორას სჯერა, რომ შვილი სახლში დაბრუნდება.

"მე მისი დედა ვარ. მე მაინც მჯერა, რომ ჩემი შვილი ცოცხალია და რომ ის გათავისუფლდება“, – თქვა მან BBC-სთან.