ისრაელის უპრეცედენტო სამხედრო ოპერაციის ფონზე, რომელიც რეჟიმის ცვლილების პერსპექტივას აჩენს, ირანის შიდა ოპოზიცია გააქტიურდა. ამ მრავალფეროვან და ფრაგმენტულ ჯგუფებს შორის, მონარქიის აღდგენის მომხრეები განსაკუთრებული ინტერესის ქვეშ არიან, რომელთაც რეზა ფეჰლევი, ირანის უკანასკნელი შაჰის ვაჟი, ლიდერობს.

რეზა ფეჰლევი 1960 წლის 31 ოქტომბერს, თეირანში დაიბადა და 1979 წლის ისლამურ რევოლუციამდე ტახტის მემკვიდრედ მიიჩნეოდა. ისლამური რევოლუციის შემდეგ შაჰის ოჯახი ირანიდან გაიქცა. მან განათლება შეერთებულ შტატებში მიიღო და თავი ირანის ლეგიტიმურ მმართველად გამოაცხადა, თუმცა რეალური ძალაუფლება არასდროს ჰქონია. მისი მამა, შაჰი მოჰამედ რეზა ფეჰლევი, რევოლუციის შემდეგ მალევე ემიგრაციაში, ეგვიპტეში გარდაიცვალა.
რეზა ფეჰლევი ამჟამად ვაშინგტონში ცხოვრობს და ისრაელის თავდასხმებს მხარს უჭერს, ის მოუწოდებს ირანელებს მთავრობის წინააღმდეგ აჯანყებისკენ. რეზა ასევე ღიად აცხადებს ისრაელისადმი მხარდაჭერას, რამაც ირანში კრიტიკა გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ თავად რეზა ფეჰლევი არ ემხრობა მონარქიის პირდაპირ აღდგენას იმ ფორმით, როგორც ეს 1979 წლამდე იყო. მის ნაცვლად, ის მხარს უჭერს სეკულარულ, დემოკრატიულ და საპარლამენტო სისტემას, რომელიც მოქალაქეთა უფლებებსა და თავისუფლებებს უზრუნველყოფს. მისი ხედვით, მომავალ ირანში გადაწყვეტილებებს ხალხი მიიღებს რეფერენდუმის გზით.

მიუხედავად იმისა, რომ რეზა ფეჰლევი სიმბოლურ ფიგურად რჩება ირანის ოპოზიციის გარკვეული ნაწილისთვის, მისი რეალური გავლენა ქვეყნის შიგნით კამათის საგანია. მის მხარდამჭერებს ძირითადად დიასპორაში ვხვდებით, ასევე ირანის შიგნით არსებულ ზოგიერთ ჯგუფში, რომლებსაც ნოსტალგია აქვთ შაჰისდროინდელი ირანის მიმართ. თუმცა, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მისი ღია თანხვედრა ისრაელთან, სავარაუდოდ, დელეგიტიმაციას მოახდენს მას ფართო საზოგადოების თვალში, განსაკუთრებით მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის ზრდის ფონზე. ირანელი ხალხის მხრიდან ძლიერი ნაციონალიზმისა და გარე ჩარევისადმი უარყოფითი დამოკიდებულების გათვალისწინებით, ექსპერტთა უმეტესობა სკეპტიკურად უყურებს მის შესაძლებლობას, არსებითი გავლენა მოახდინოს ირანის მომავალზე.
რეზა ფეჰლევის ოჯახი, ისევე როგორც სხვა ირანული ოპოზიციური ჯგუფები, დევნილობაში ცხოვრობს. მისი მშობლები იყვნენ მოჰამედ რეზა ფეჰლევი და ფარაჰ ფეჰლევი (შაჰბანუ ფარაჰ დიბა), რომელიც მოჰამედ რეზა ფეჰლევის მესამე მეუღლე და ირანის ერთადერთი იმპერატრიცა იყო.
რეზა ფეჰლევს ოთხი და-ძმა ჰყავდა:
ფარაჰნაზ ფეჰლევი (დაიბადა 1963 წელს) – და.
ალი რეზა ფეჰლევი (დაიბადა 1966 წელს - გარდაიცვალა 2011 წელს) – ძმა, რომელმაც თავი მოიკლა.
ლეილა ფეჰლევი (დაიბადა 1970 წელს - გარდაიცვალა 2001 წელს) – და, რომელიც ლონდონში გარდაცვლილი იპოვეს.
რეზა ფეჰლევის მამას ჰყავდა ასევე ტყუპისცალი და - პრინცესა აშრაფ ფეჰლევი, რომელიც 96 წლის ასაკში გარდაიცვალა აშშ-ში.
ფარაჰ ფეჰლევი, ირანის უკანასკნელი შაჰის, მოჰამედ რეზა ფეჰლევის ქვრივი და ერთადერთი იმპერატრიცა (შაჰბანუ) ახლაც ცოცხალია. ის 1938 წლის 14 ოქტომბერს დაიბადა.
ის ისლამური რევოლუციის შემდეგ, 1979 წელს, იძულებული გახდა ირანი დაეტოვებინა. მას შემდეგ ცხოვრების ნაწილს შეერთებულ შტატებში, ნაწილს კი საფრანგეთში ატარებს და ირანში არ დაბრუნებულა. ფარაჰ ფეჰლევი კვლავ აქტიურად ადევნებს თვალს თავის ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და დევნილობაში მყოფი ირანელებისთვის სიმბოლურ ფიგურად რჩება.

მიუხედავად იმ მძიმე პერიოდისა, რაც ოჯახმა გამოიარა (შაჰის გარდაცვალება, ქალიშვილის ლეილას და ვაჟის ალი რეზას ტრაგიკული სიკვდილი), ფარაჰ ფეჰლევი სულის სიმტკიცეს ინარჩუნებს და უკეთესი მომავლის იმედს არ კარგავს. 2004 წელს მან მემუარებიც კი გამოსცა სახელწოდებით "An Enduring Love: My life with the Shah", რომელიც ბესტსელერი გახდა.
რეზა ფეჰლევი იასმინ ენთეშარზეა დაქორწინებული. მათ სამი ქალიშვილი ჰყავთ, რომლებიც დევნილობაში დაიბადნენ და გაიზარდნენ, მაგრამ საჯარო სივრცეში სულ უფრო თამამად ჩნდებიან.
უფროსი ქალიშვილი ნურ ფეჰლევი დაიბადა 1992 წელს, ვაშინგტონში. მან ფსიქოლოგია ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში შეისწავლა. ის სამეფო ოჯახის ყველაზე აქტიური წევრია სოციალურ მედიაში, თამამად საუბრობს ირანის მიმდინარე მდგომარეობაზე და აქტიურადა არის ჩართული დასავლურ მედიასთან და ფონდებთან თანამშრომლობაში, რომლებიც ირანში დემოკრატიული ცვლილებებისთვის მუშაობენ. 2022 წელს, მაჰსა ამინის მკვლელობის შემდეგ დაწყებული პროტესტების ფონზე, მან ღიად მოუწოდა ირანელ ქალებს.
"მე ვარ ირანელი ქალი და არ გავჩერდები, ვიდრე ჩემი ხალხი თავისუფლებას არ იგემებს", - განცახდა მან.
რეზა ფეჰლევმა და მისმა მეუღლე იასმინმა, ღიად განაცხადეს, რომ მათთვის სქესი ტახტის მემკვიდრეობისთვის ბარიერი აღარ არის. შესაბამისად, ნურ ფეჰლევი, პირველად ირანის ისტორიაში, მიიჩნევა პოტენციურ ქალ მემკვიდრედ ტახტის რიგში.
შუათანა ქალიშვილი იმან ფეჰლევი 1993 წელს დაიბადა. მან განათლება აშშ-ის კერძო სკოლაში მიიღო. ახალგაზრდა ქალი საჯარო სივრცეში იშვიათად ჩნდება. იმანი ცნობილია თავშეკავებული და პირად ცხოვრებაზე ორიენტირებული ხასიათით.
ნაბოლარა, ბებიის მოსახელე ფარაჰ ფეჰლევი 2004 წელს დაიბადა - უმცროსი ქალიშვილი, რომელიც ბოსტონის უნივერსიტეტის სტუდენტია. ფარა სოციალური აქტივიზმით გამოირჩევა და ხშირად აზიარებს კომენტარებს ირანში მიმდინარე პროცესებზე, განსაკუთრებით ქალთა უფლებებისა და სტუდენტური პროტესტების თემებზე. ის ატარებს იმავე სახელს, რაც მისი ბებია - ირანის ყოფილი დედოფალი, ფარა დიბა, რაც თაობათაშორისი სიმბოლიზმის შთაბეჭდილებას ამძაფრებს.
რამდენიმე დღის წინ, 31 წლის იმან ფეჰლევმა იქორწინა თავის შეყვარებულზე - ამერიკელ, ებრაული წარმოშობის ბიზნესმენ ბრედლი შერმანზე. შერმანი კომპანია Matternet-ის პარტნიორობათა განყოფილების ხელმძღვანელია - ეს კომპანია კომერციული დანიშნულების დრონების მიწოდებით არის დაკავებული.

ქორწილი საფრანგეთში გაიმართა და მასში სპარსული ტრადიციების ელემენტები თანამედროვე ინტერპრეტაციით იყო ჩართული. იმანი საზეიმო ცერემონიალზე საკურთხეველთან სპეციალურად მისთვის შექმნილ Elie Saab-ის კაბაში მივიდა, რომელიც დღესასწაულის განმავლობაში სამ სხვადასხვა ლუქად გარდაიქმნა.

"ეს ქორწილი არ იყო მხოლოდ ორი ადამიანის გაერთიანება - ეს იყო კულტურების, თაობებისა და გლობალური გავლენების ამაღელვებელი შეხამება,“ - წერს Vogue Arabia.

ირანის შიდა ოპოზიცია მრავალფეროვანი და ფრაგმენტული ჯგუფებისგან შედგება, მათ შორის არიან სეკულარული დისიდენტები, ეთნიკური ნიშნით ორგანიზებული პარტიები, ისლამისტი მებრძოლები და მონარქიის აღდგენის მსურველები. ამ ჯგუფთა უმეტესობა ირანში ტერორისტულ ორგანიზაციებად ითვლება და ხელისუფლება 46 წელია ცდილობს მათ ჩახშობას. ჯერჯერობით არცერთ მათგანს არ მოუპოვებია საკმარისი სახალხო მხარდაჭერა ან მატერიალური საშუალებები, რათა ეგზისტენციალური გამოწვევა შეუქმნას არსებულ სისტემას, რომელსაც უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ხელმძღვანელობს.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ირანის მთავრობას დაშლა დაემუქრება, ვინ ჩაანაცვლებს არსებულ წყობას, ამ თემაზე დიდი გაურკვევლობაა. ორი ყველაზე ცნობილი ირანელი დისიდენტია - რეზა ფეჰლევი და მარიამ რაჯავი - მოჯაჰედინ-ე-ხალკის (MeK) ლიდერი.
რეზა ფეჰლევი, რომელიც ვაშინგტონში ცხოვრობს, მხარს უჭერს ისრაელის თავდასხმებს და, ნეთანიაჰუს მსგავსად, ირანელებს მთავრობის წინააღმდეგ აჯანყებისკენ მოუწოდებს. ისრაელის მონახულების შემდეგ, მან ღიად განაცხადა ისრაელისადმი მხარდაჭერა. მიუხედავად იმისა, რომ თავად არ ემხრობა ირანის მონარქიის აღდგენას, იგი კვლავაც განიხილება როგორც სიმბოლური ალტერნატივა მათთვის, ვისაც ნოსტალგია აქვს წარსულის მიმართ. თუმცა, მისი ღია თანხვედრა ისრაელთან, სავარაუდოდ, დელეგიტიმაციას მოახდენს მას ფართო საზოგადოების თვალში.
MeK-ის წარმომადგენელმა შაჰინ გობაიდიმ Newsweek-თან საუბარში განაცხადა, რომ "რეზა ფეჰლევის ცნობადობის ერთადერთი მიზეზი ისაა, რომ ის ირანის უკანასკნელი დიქტატორის, მოჰამედ რეზა ფეჰლევის ვაჟია, რომელიც მამასთან ერთად 57 წლის განმავლობაში მართავდა რეპრესიებით, საიდუმლო პოლიცია SAVAK-ით და თავისუფლებისთვის მებრძოლთა მკვლელობებით". გობაიდიმ ასევე აღნიშნა, რომ "რეზა ფეჰლევს არაფერი გააჩნია საკუთარი და ვინც სერიოზულად ეკიდება ირანის მომავალს, მას საერთოდ არ აღიქვამს სერიოზულად."
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ არც ფეჰლევის და არც MeK-ს არ გააჩნიათ საკმარისი გავლენა ირანში, რათა მნიშვნელოვნად შეცვალონ ქვეყნის მომავალი. მათი კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ MeK-ს არ აქვს მნიშვნელოვანი შიდა მხარდაჭერა, ხოლო ფეჰლევის ისრაელთან ალიანსი აკნინებს მის რეპუტაციას.
MeK-ისადა ფეჰლევის გარდა, არსებობს სხვა დისიდენტური ჯგუფებიც, მათ შორის არაპერსიული ეთნიკური ჯგუფები (არაბები, აზერბაიჯანელები, ბელუჯები და ქურთები), რომლებიც უფრო მეტ დეცენტრალიზაციას ან სრულ დამოუკიდებლობას ითხოვენ. ქურთულ ჯგუფებს ისრაელთან ხანგრძლივი კონტაქტები აქვთ.
თუმცა, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ირანელები ეროვნული კონფლიქტის დროს, როგორც წესი, მთავრობის გარშემო ერთიანდებიან სეპარატიზმის აღსაკვეთად. ისრაელის თავდასხმები, სავარაუდოდ, უფრო მეტად გააერთიანებს ირანელებს გარე საფრთხის პირისპირ, ვიდრე შიდა დაპირისპირებას გააღრმავებს.
მიუხედავად იმისა, რომ მონარქიული ოჯახის წარმომადგენელი რეზა ფეჰლევი აქტიურად მოუწოდებს ხალხს რეჟიმის ცვლილებისკენ და ისრაელის მხარდაჭერას ეძებს, ექსპერტთა უმეტესობა სკეპტიკურად უყურებს მის შესაძლებლობას, არსებითი გავლენა მოახდინოს ირანის მომავალზე, განსაკუთრებით ირანელი ხალხის მხრიდან ძლიერი ნაციონალიზმისა და გარე ჩარევისადმი უარყოფითი დამოკიდებულების გათვალისწინებით.