ცნობილი საქმის "პერუს ორიანის“ ყოფილი ნარკოკურიერი, მიქაელა მაკკოლამი, ბრიტანელ ტურისტებს აფრთხილებს და ხსნის სქემას, თუ როგორ ირჩევენ ბანდები მსხვერპლს. ბოლო კვირების განმავლობაში, არაერთი ბრიტანელი ქალი გადაიბირეს უცხოურმა დანაშაულებრივმა ჯგუფებმა და ისინი ნარკოკურიერებად აქციეს. სწორედ ამის შესახებ საუბრობს მიქაელა მაკკოლამი, რომელიც თავად იყო ასეთი ოპერაციის მონაწილე.
2013 წელს, მიქაელა მაკკოლამი, მელისა რიდთან ერთად, პერუში 1.5 მილიონი ფუნტის ღირებულების კოკაინის კონტრაბანდის გადატანის მცდელობისას დააკავეს.
დანაშაულისთვის სამი წელი ციხეში გაატარეს. ეს გახლდათ "პერუს ორიანის“ საქმე, რომელიც ფართოდ გაშუქდა მედიაში.

ლიმას ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, მაკკოლამმა რადიკალურად შეცვალა ცხოვრების წესი. ის ახლა დედაა და საჯარო გამოსვლებს მართავს. მისი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, გაამჟღავნოს, თუ როგორ ცდილობენ უცხოური ნარკოკარტელები ბრიტანეთის მოქალაქეების გადაბირებას.
31 წლის მაკკოლამმა "დილა მშვიდობისა ბრიტანეთში“ ისაუბრა, რაც მოჰყვა ბოლოდროინდელ შემთხვევებს, როდესაც არაერთი ახალგაზრდა ქალი დააკავეს ნარკოტრაფიკინგის ბრალდებით, მათ შორის21 წლის შარლოტ მეი ლი და 18 წლის ბელა მეი კალი, რომელიც საქართველოში დააკავეს.
მაკკოლამმა განმარტა, რომ ნარკობარონები სპეციალურად ირჩევენ ადამიანებს მათი დაუცველობის ხარისხის მიხედვით. მან დეტალურად აღწერა, თუ რა ფაქტორებს ითვალისწინებენ ისინი, ვინც კურიერებს ეძებენ:
ასაკი: "19 -20 წლის ასაკში წარმოუდგენლად გულუბრყვილო ხარ, ადვილია შენით მანიპულირება“
სქესი: "ქალები“
ნარკოდამოკიდებულება: "ნარკოდამოკიდებულება ასევე შეიძლება იყოს ერთ-ერთი მიზეზი“
მაკკოლამი 19 წლის იყო, როდესაც გადაიბირეს, ხოლო მისი პარტნიორი რიდი - 20. ის არ მალავს, რომ დაკავების დროს ნარკოტიკებს მოიხმარდა და მიიჩნევს, რომ ამან ხელი შეუწყო მის გადაბირებას. მაგალითად, ბელა კალი, რომელიც გასულ თვეში საქართველოში დააკავეს, სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ვიდეოებში საზღვარზე დაკავებამდე ჩანს, რომ მოსაწევ ნარკოტიკს მოიხმარს.
მიქაელა ასევე აღნიშნავს, რომ ნარკობარონები, რომლებიც ახალგაზრდა ქალებს ტრეფიკინგში რთავენ, მანიპულაციის ოსტატები არიან. მან გაიხსენა, როგორ დაარწმუნეს ის, რომ კოკაინის ჩემოდნის გადატანა სრულიად უსაფრთხო იქნებოდა. როდესაც ის საფრთხეებზე კითხვებს სვამდა, თავს "პატარა გოგონად“ აგრძნობინებდნენ, მისი შეშფოთება კი მარტივი, მაგრამ ცრუ პასუხებით წყდებოდა.
"მაგალითად, როდესაც ვკითხე, როგორ გავიტანდით ნარკოტიკებს აეროპორტის გავლით, მითხრეს, რომ აეროპორტის თანამშრომლები შეთანხმებულნი იყვნენ მათთან და არ შეამოწმებდნენ, - ამბობს მაკკოლამი.
დასძინა, რომ ვიდრე მიხვდებოდა, რომ მოატყუეს, უკვე ხელბორკილი დაადეს.
"უნდა გაიგოთ მანიპულაციის დონე, რაც ამის უკან დგას. ეს ერთ ღამეში არ ხდება, შესაძლოა კვირები მიმდინარეობდეს", - განმარტავს ის.
"მათ დამაჯერეს, რომ ეს სრულიად ნორმალური იყო. მე ვიყავი გულუბრყვილო, რომ მსგავს კითხვებს ვსვამდი. ამიტომ მეშინოდა უარის თქმა. კაცებმა იციან, რომ შეუძლიათ ქალებით მანიპულირება, რათა გააკეთებინონ მათთვის სასურველი რაღაცები... ყველაფერთან ერთად მეშინოდა, რომ უარი მეთქვა..."
ბოლო კვირების განმავლობაში, არაერთი ბრიტანელი ქალი გახდა უცხოური ბანდების მიერ გადაბირების მსხვერპლი.
მაისში, ესპანეთის აეროპორტში, 33 კგ-ზე მეტი კანაფით წყვილი დააკავეს, ისინი თავს ტაილანდელ ტურისტებად ასაღებდნენ. კანაფის კონტრაბანდა ხშირია ტაილანდში, სადაც კანაფის მოყვანა ლეგალურია. ამისთვის იქ ხელსაყრელი კლიმატია. ბანდები იყენებენ უმუშევარ ბრიტანელებს, რომლებსაც ფრენებს, ჯიბის ფულსა და სასტუმროებს სთავაზობენ, რათა მათ ჩანთით კანაფი გადაიტანონ. ეს ადამიანები ხშირად დაბალი სოციალური სტატუსის მქონენი არიან და ცდილობენ სწრაფად იშოვონ ფული.
ბრიტანელი OnlyFans-ის მოდელიც დააკავეს თითქმის 200,000 ფუნტის ღირებულების ტაილანდური კანაფის ესპანეთში კონტრაბანდისთვის .
18 წლის ბელა კალი მაისის დასაწყისში უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოცხადდა ტაილანდში დასვენებისას. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის საქართველოში, ნარკოდანაშაულისთვის იყო დაკავებული. მას, სავარაუდოდ, 14 კგ კანაფი გადაჰქონდა.

დაახლოებით იმავე დროს, 21 წლის შარლოტ ლი მეი ლონდონიდან, დააკავეს შრი-ლანკის დედაქალაქ კოლომბოში. პოლიციამ მის ჩემოდანში 46 კგ "კუში“ (კანაფის სინთეზური შტამი) აღმოაჩინა. ყოფილ ბორტგამცილებელს 25 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ბრიტანელი პატიმრების საქმეებში კი უჩვეულო მსგავსება გამოიკვეთა: ორივე მათგანმა გამგზავრებისთვის ერთი და იგივე აეროპორტი გამოიყენა. ისინი ბანგკოკის სუვარნაბჰუმის აეროპორტიდან მარტო გაფრინდნენ. ორ საქმეს შორის პოტენციური კავშირი, სავარაუდოდ, საქართველოსა და შრი-ლანკის ხელისუფლების მიერ ჩატარებული გამოძიების ნაწილი იქნება.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაკავებამდე მათ ოჯახი წევრებს განუცხადეს, რომ უცნობ მამაკაცთან შეხვედრას გეგმავდნენ.
ბელამ ოჯახს გაუმხილა, რომ ფილიპინებში მამაკაცს ხვდებოდა, რომელიც ქვეყანაში ჩრდილო-აღმოსავლეთიდან გადმოვიდა საცხოვრებლად. ამასობაში, შარლოტა ტაილანდში გაემგზავრა და ნათესავებს განუცხადა, რომ მამაკაცთან შეხვედრას აპირებდა.

თავდაპირველად ბელა კალის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი გახლდათ, მაგრამ როგორც თავად დაგვიდასტურა საუბარში, ის ახლა კალის ადვოკატი აღარ არის. აღნიშნული გადაწყვეტილება გოგონას მშობლებმა მიიღეს, რომელიც ბრიტანეთიდან საქართველოში ჩამოვიდნენ. კუბლაშვილის თქმით, მას ასევე შეზღუდული აქვს მედიასთან საქმის მასალებზე საუბრის უფლება.