ევროპარლამენტისა და ევროპული საბჭოს გუნდები ევროკავშირში მოკლევადიანი ვიზიტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფუძვლებზე შეთანხმდნენ.
ევროკავშირის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირში მოკლევადიანი ვიზიტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის რეფორმა, რომელზეც დღეს შეთანხმდნენ, საშუალებას მისცემს ევროკავშირს უფრო მოქნილად უპასუხოს, ქვეყნების მიერ უვიზო მიმოსვლის შეთანხმების მნიშვნელოვანი პრინციპების უგულებელყოფას, რაც შეიძლება მოიცავდეს უსაფრთხოების საკითხებს და ადამიანის უფლებების დარღვევებს.
“მომავალში, გაერო-ს ქარტიის დარღვევა, ადამიანის საერთაშორისო უფლებების ან ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევები და საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობა უვიზო რეჟიმის შეჩერების კანონიერი საფუძველი იქნება.
ახალი კანონით, უვიზო რეჟიმის შეჩერების დამატებითი საფუძვლები მოიცავს ჰიბრიდულ საფრთხეებს, როგორიცაა მიგრანტების სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ინსტრუმენტალიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების დესტაბილიზაციას ან შერყევას და სქემები, რომელიც ინვესტორებისთვის მოქალაქეობის მინიჭებას ითვალისწინებს (“ოქროს პასპორტები“), რომლებიც უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ შეშფოთებას იწვევს.
ასევე უვიზო რეჟიმის შეჩერების კანონიერი საფუძველი იქნება ქვეყნის შეუსაბამობა ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან, რაც მას, პოტენციურად, ევროკავშირში უკანონო შესვლის ტრანზიტულ ქვეყნად აქცევს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ვიზის შეჩერება ასევე შეიძლება გამოიწვიოს არალეგალი პირების რაოდენობის “მნიშვნელოვანმა“ ზრდამ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, დაბალი აღიარების მაჩვენებლის მქონე ქვეყნიდან თავშესაფრის მოთხოვნის ჭარბმა განცხადებებმა ან სისხლის სამართლის სერიოზულმა დანაშაულებმა.
“რეფორმირებული სავიზო წესები ევროკავშირს მისცემს განახლებულ ინსტრუმენტს გეოპოლიტიკურ სიტუაციებსა და ახალ საფრთხეებზე რეაგირებისთვის. სავიზო პოლიტიკას შეუძლია ხელი შეუწყოს ევროკავშირის ღირებულებების შენარჩუნებას იმით, რომ უცხო ქვეყნის მთავრობის მიერ, ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევის შემთხვევებს შედეგები მოჰყვეს.
ასეთ შემთხვევებში, მათი მთავრობის წარმომადგენლებსა და დიპლომატებს უნდა გაუუქმდეთ ევროკავშირში უვიზო შესვლა და ეს შეთანხმება ამას შესაძლებელს ხდის,“ - განაცხადა კენჭისყრის შემდეგ, მომხსენებელმა მატიაჟ ნემეჩმა (სოციალ-დემოკრატები, სლოვენია).
ამჟამად შენგენის ზონაში მოკლევადიანი პერიოდით (90 დღემდე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში) ვიზის გარეშე მოგზაურობა 61 მესამე ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ, მათ შორის არის საქართველოც.
მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ევროკომისიას შეუძლია დაიწყოს შენგენის ზონაში მესამე ქვეყნებიდან უვიზო რეჟიმის შეჩერების პროცესი, თავდაპირველად დროებით, შესაბამის ქვეყანასთან შემდგომი გამოძიებისა და დიალოგის დაწყებამდე, ხოლო თუ საკითხები არ მოგვარდება, შემდეგ სამუდამოდ.
დღემდე, უვიზო რეჟიმი მხოლოდ ერთხელ, ვანუატუს შემთხვევაში, გაუქმდა.