ბრაზილიაში, საჰაერო ბურთით გაფრენა ტრაგიკულად დასრულდა. ბურთზე იმყოფებოდა 15-მდე ადამიანი, მათ შორის წყვილი ხელის მოწერისთვის - რამდენიმე მეგობართან ერთად.
ძლიერმა ქარმა ბურთის ჩამოვარდნა გამოიწვია, რამაც 1 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დანარჩენები კი დაშავდნენ.
ბრაზილიური საინფორმაციო გამოცემა G1-ის ცნობით, დაშავებულებს შორის არიან 27 წლის გაბრიელა ნასიმენტო და მისი 37 წლის საქმრო, ტიაგო კემპინასი.
"ქარის შესახებ ვკითხე, რაზეც პილოტმა მიპასუხა, რომ სიტუაციას აერონავტიკული მოწყობილობის გამოყენებით აკონტროლებდა და რომ დილის 9 საათამდე უსაფრთხო ფრენა შესაძლებელი იქნებოდა", - განუცხადა ნასიმენტომ გამოცემას.
"ეს ყველაფერი ულამაზესი იყო, თუმცა კოშმარად იქცა“, - იხსენებს ნასიმენტო.
ნასიმენტომ, მისმა საქმრომ და მგზავრების უმეტესობამ ბურთიდან გადახტომა მოახერხეს და გადარჩნენ, რადგან ბურთი მაღალზე არ იყო. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 27 წლის ჯულიანა პერეირა - G1-ის ცნობით, ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს და ის ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.
"ყველა ყვიროდა. სამწუხაროდ, გარდაცვლილი გოგონა მძიმედ იყო დაშავებული. ის უკვე უგონო მდგომარეობაში იყო... ტკივილისგან კვნესოდა. პილოტიც დაშავდა",- თქვა ნასიმენტომ.
G1-ის ცნობით, 11 მგზავრის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო, ყველა მათგანმა ავარიული დაშვებისას მსუბუქი დაზიანებები მიიღო. გარდაცვლილი პერეირას ოჯახის თქმით, ის ახლახან დაქორწინდა და მეუღლესთან ერთად, სიყვარულის დღის აღსანიშნავად, რომელიც ბრაზილიაში 14 ივნისს აღინიშნება, საჰაერო ბურთით გაფრენა გადაწყვიტა.
გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ საჰაერო ბურთის პილოტს მხოლოდ კერძო ფრენების შესრულების ლიცენზია ჰქონდა. ის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისა და საჰაერო ბურთების არალეგალურად მართვის ბრალდებით დააკავეს.