„ფსიქოლოგია ციფრულ სამყაროში“ - ეს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ახალი საბაკალავრო პროგრამაა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები ფსიქოლოგიას სრულიად განსხვავებულ ჭრილში შეისწავლიან. კურიკულუმი აერთიანებს ფსიქოლოგიასა და ციფრულ ტექნოლოგიებს, რათა კურსდამთავრებულები მზად იყვნენ, ერთი მხრივ, მათ საქმიანობაში არსებული ციფრული გამოწვევებისთვის და, მეორე მხრივ, სწორად მართონ ტექნოლოგიური საკითხებით გამოწვეული პრობლემები. ის მოიცავს ტექნოლოგიურ მოდულებსაც.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა მიმდინარე წელს შემუშავდა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში და მისი აკრედიტაციაც მალე დასრულდება. შესაბამისად, აბიტურიენტები 2025-2026 სასწავლო წლისთვისვე შეძლებენ მის არჩევას NAEC-ის ვებგვერდზე.
როგორც BTU-ში განმარტავენ, პროგრამის მიმართ დაინტერესება უკვე საკმაოდ მაღალია და სწორედ ამიტომ პირველ სასწავლო წელსვე მისაღები სტუდენტების რაოდენობაა 150.
ზოგადად, საქართველოს უნივერსიტეტებში ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამებზე საკმაოდ მაღალი მოთხოვნაა. დღეს 20-მდე სხვადასხვა პროგრამაა სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ახალი პროგრამა მათგან რადიკალურად განსხვავდება. გაგაცნობთ 5 ძირითად საკითხს, რაც მას ბაზარზე არსებული სხვა პროგრამებისგან განასხვავებს.
ტექნოლოგიების და ფსიქოლოგიის შერწყმა - პროგრამის მთავარი სახასიათო ნიშა ტექნოლოგიებისა და ფსიქოლოგიის შერწყმაა. სტუდენტები თითქმის ყველა საგნის ჭრილში, ფსიქოლოგიის ტრადიციული ცოდნის გარდა, გაეცნობიან, როგორ ვითარდება ეს მიმართულებები ტექნოლოგიების ჩართულობით, და პირიქით, რა წვლილი აქვთ ტექნოლოგიების განვითარებაში ფსიქოლოგიის ამ მიმართულებებს.
ხელოვნური ინტელექტის სიღრმისეული გაცნობა - სტუდენტები სიღრმისეულად გაეცნობიან ადამიანის აზროვნებისა და გადაწყვეტილების მიღების შესახებ არსებულ სხვადასხვა პერსპექტივას, მათ შორის, ეკონომიკისა და ნეირომეცნიერების სფეროში არსებულ პერსპექტივებს. ეს კი, თავის მხრივ, კავშირშია ხელოვნურ ინტელექტთან, მის განვითარებასა და იმ როლთან, რასაც ფსიქოლოგები ამ მიმართულებით ასრულებენ და შეასრულებენ. სტუდენტები არა მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე, არამედ მის განვითარებაზეც იმუშავებენ.
VR სათვალეების გამოყენება - BTU-ში მისულ სტუდენტებს დახვდებათ VR სათვალეები, რომელთა გამოყენებაც თერაპიაშიც შეიძლება. ამ მიმართულებაზე დღეს მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები მუშაობენ. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მისული სტუდენტები არამხოლოდ წიგნში წაიკითხავენ აღნიშნულის შესახებ, არამედ პრაქტიკაშიც გაეცნობიან მათ.
მონაცემთა დამუშავების პროგრამა R ფსიქოლოგიაში - ყველა სხვა პროგრამისგან განსხვავებით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები შეისწავლიან მონაცემთა დამუშავების პროგრამა R-ს, რომელიც ასევე პროგრამირების ენაცაა. შესაბამისად, BTU-ს კურსდამთავრებულ ფსიქოლოგებს გარკვეულ დონეზე პროგრამირებაც ეცოდინებათ. R ერთ-ერთ ყველაზე გამოყენებად პროგრამად ითვლება სოციალურ მეცნიერებებში. ის სრულიად უფასო და ყველასთვის ხელმისაწვდომია. მისი მცოდნე ადამიანები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც მარტივად და წარმატებით საქმდებიან.
სტაჟირებისა და დასაქმების საშუალება - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პარტნიორია უამრავი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია. ისინი მუდმივად სთავაზობენ სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობებს BTU-ს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს. ფსიქოლოგიისა და ტექნოლოგიების ცოდნა კი მათი დასაქმების პერსპექტივებს კიდევ უფრო გაზრდის.
პროგრამის ხელმძღვანელი გახლავთ ფსიქოლოგი გიორგი ჭუმბურიძე, რომელიც აღნიშნავს, რომ პროგრამის აწყობისას მნიშვნელოვნად მიიჩნიეს, სტუდენტებისთვის რაც შეიძლება ფართო ხედვა შეექმნათ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიდის ადამიანების სააზროვნო პროცესი.
„საქართველოში არსებული ფსიქოლოგიის სხვა პროგრამებისგან განსხვავებით, ჩვენი პროგრამის ფარგლებში, სტუდენტები გაიგებენ, თუ როგორ ინტეგრირდება ტექნოლოგიები ფსიქოლოგიაში, როგორ იცვლება სფერო. მარტივად რომ ვთქვა, მომავლის ფსიქოლოგიას ისწავლიან ჩვენთან. რა თქმა უნდა, ეს განსხვავებები ნათელია საგნების დონეზეც. ისინი შეისწავლიან ისეთ განსხვავებულ საგნებს, როგორიცაა კიბერფსიქოლოგია ან გადაწყვეტილების ნეირომეცნიერება. გაეცნობიან ფსიქოლოგიასა და ეკონომიკას შორის არსებულ კავშირებს. პროგრამის აწყობისას ძალიან მნიშვნელოვნად მივიჩნიეთ, რომ სტუდენტებისთვის რაც შეიძლება ფართო ხედვა შეგვექმნა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიდის ადამიანების სააზროვნო პროცესი. ჩვენს პროგრამაზე სწორედ ამ ფართო ხედვას შეიძენენ. რა თქმა უნდა, განსხვავებული პროგრამით ვასწავლით მონაცემთა ანალიზსა და დამუშავებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფსიქოლოგისთვის. კერძოდ, ჩვენთან ისწავლიან პროგრამა R-ს, რომელიც პროგრამირების ენასაც მოიცავს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს კურსდამთავრებულ ფსიქოლოგს, ფსიქოლოგიის გარდა, პროგრამირების უნარებიც ექნება. ეს კი კარგად მიჰყვება მსოფლიო ტენდენციას,“ - განმარტავს გიორგი ჭუმბურიძე.
პროგრამაზე ჩაბარებისას ქართულისა და ინგლისურის გამოცდის გარდა, აბიტურიენტებს მესამე საგნად შეუძლიათ აირჩიონ მათემატიკა, ბიოლოგია ან ისტორია. პროგრამის ყოველწლიური საფასური 2250 ლარია. სტუდენტებს სახელმწიფო გრანტის მოპოვების შემთხვევაში სწავლა დაუფინანსდებათ.
R