„2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე, სადაც 2009 წლის 15 ივნისის აქციის დარბევის საკითხი განიხილება, მიხეილ მესხმა მისი დაკავების შესახებ ისაუბრა.
„ეკა ხერხეულიძე იყო შემოსული, დიმა ლორთქიფანიძე და რუსუდან მკერვალიშვილი. ეკა ხერხეულიძემ შემოგვთავაზა, ბოდიშს თუ მოუხდითო. მეთქი რაზე მოვიხადოთ ბოდიში? პარლამენტარებსო, გზა რომ გადაუკეტეთ და დისკომფორტი შეუქმენითო“, - განაცხადა მიხეილ მესხმა.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, დაკავების შემდეგ, სამმართველოს შენობაში შეიყვანეს, სადაც ერთ-ერთი პოლიციელი სთხოვდა, ოპოზიციის მაშინდელი ლიდერის, ლევან გაჩეჩილაძის და მისი ძმის, გიორგი გაჩეჩილაძის მისამართით შეეგინებინა, უარის შემდეგ კი მესხს იგი ხელკეტით გაუსწორდა.
„შენობაში ბიჭები უკვე ეყარნენ ძირს, დავინახე ორი-სამი ვიდეოგადამღები და გამიხარდა, ალბათ, ჟურნალისტები არიან და აღარ მცემენ-მეთქი. თურმე, თავიანთი პირადი ვიდეოგადამღებები გვიღებდნენ. ერთ-ერთი პოლიციელი მოვიდა და მითხრა, „გრეჩიხებს“, ლევან გაჩეჩილაძეს და მის ძმას აგინეო, რატომ ვაგინო-მეთქი? ადგა და პირდაპირ „დუბინკა“ მირტყა ტუჩებთან, აგინე, თორემ მოგკლავო. საშინელი დღე იყო. ცუდად ვარ, თავი დამანებე-მეთქი. მახსოვს, რომ ძველი თბილისის სამმართველოს უფროსი იყო ირაკლი ყიფშიძე, რომელმაც უთხრა, რომ გეყოფათ, დაანებეთ თავი და ჩაიყვანეთ ქვემოთო. ეს ადამიანი მერე დაიჭირეს კიდეც, აქციებიდან ვიცნობდი მას. შემდეგ, ჩამიყვანეს კიბეებით ქვემოთ. მაშინ პირველად ვიყავი დროებითი მოთავსების იზოლატორში და იქ ერთი პოლიციელი მოვიდა, სკამის ფეხი ეკავა და ისეთი პირით მაგინებდა დედას, მანდედან ხომ გამოხვალო“, - განაცხადა მიხეილ მესხმა.
„მეორე დღეს წავედით დიღომში, პოლიციის სამმართველოსთან. ვიდექით მშვიდობიანად, ჩვენ გზა არ გადაგვიკეტავს, ამის კადრებიც არსებობს. მოულოდნელად რაღაც ყვირილი გავიგე უკანა მხრიდან მორბოდნენ პოლიციელები, „შლაგბაუმიც“ უცებ აიწია და ეზოდანაც პოლიციელები გამოცვივდნენ, სასამართლოსკენ დავიწყე სირბილი, ხიდზე გადავედი თუ არა ეგრევე დამიჭირეს. დამიჭირეს და ვერცხლისფერ „ფოლკსვაგენში“ ჩამსვეს. წამიყვანეს მოდულის შენობისკენ. გზაში ურეკავდნენ არა აქ მოიყვანე არა აქ მოიყვანეთო. არმისული ვეფხი და მოყმესთან მანქანების ბაზრობასთან გააჩერეს, საბოლოოდ არ ვიცი რა გადაწყდა მანქანა დაატრიალეს შუქნიშანთან და სამმართველოსკენ წამომიყვანეს.
რომ შემიყვანეს, ფაქტობრივად, ყველა დაჭერილი ჰყავდათ უკვე, გაწმენდილი იყო იქაურობა. გადმომიყვანეს მანქანიდან, სავარაუდოდ, კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსნები იყვნენ. ერთ-ერთ რიგით პოლიციელს გამოართვა რეზინის ხელკეტი, ააგდო, დაატრიალა, თავი დამაწევინა და ქვემოდან ხელკეტის წვეტს მირტყამდა. ბრძანეს გაატარეთ „სირცხვილის კორიდორიო“.
სამმართველოს ეზოში კიბეები იყო, ის მშველოდა, რომ ბევრი მირტყამდა. ისეთ ტკივილს ვგრძნობდი, ღმერთს ვთხოვდი გავთიშულიყავი. ბოლო კიბეზე როცა ავედი ვიღაც ჯანზე მყოფ ადამიანს „ბეისბოლის“ ჯოხი ეკავა და პირდაპირ თავში დამარტყა, გავითიშესავით“, - განაცხადა მიხეილ მესხმა.