ევროპარლამენტში განიხილეს საკითხი - "მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის ქეისი". ამ თემასთან დაკავშირებით სიტყვით გამოვიდნენ ევროპარლამენტარები და საქართველოში არსებული მდგომარეობა შეაფასეს.
სტარტაპების, კვლევისა და ინოვაციის საკითხებში ევროკომისარ ეკატერინა ზახარიევას განცხადებით, "ევროკავშირი მზად რჩება ზომები მიიღოს, რათა პასუხი აგებინოს საქართველოში ადამიანის უფლებების დამრღვევებს". მან ისაუბრა მედიის მდგომარეობაზე საქართველოში და განაცხადა, რომ დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებს სამიზნეში იღებენ მხოლოდ იმისთვის, რომ "სიმართლეს ამბობენ და ხმას აძლევენ მათ, ვისაც ხმა არ აქვს“.
“როგორც ბევრმა თქვენგანმა თქვით, საქართველოში ვითარება საგანგაშო სისწრაფით უარესდება და “ქართული ოცნების” ქვეყანა დემოკრატიულ ნორმებს შორდება.
ბოლო თვეებში ჟურნალისტები, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები და ოპოზიციური ხმები შევიწროების, დაშინებისა და პოლიტიკურად მოტივირებული დევნის წინაშე აღმოჩნდნენ. ახალგაზრდა დემონსტრანტები არაპროპორციულად მკაცრ განაჩენებს იღებენ. დამოუკიდებელ მედიასა და პოლიტიკურ კრიტიკოსებს სასამართლოებში დაატარებენ - ტაქტიკა, რომელიც აშკარად განსხვავებული ხმების გასაჩუმებლად და დემოკრატიული სივრცის შესაზღუდად არის შექმნილი.
ეს არ არის საქციელი, რომელსაც ჩვენ, ევროკავშირი, და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეები მოელიან ქვეყნისგან, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებას ცდილობს…
საქართველოს ევროპული გზა ღია რჩება, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ მასზე მუშაობა უნდა აირჩიოს.
მედია თავისუფლება ასევე დიდი საფრთხის ქვეშაა. დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებს სამიზნეში იღებენ მხოლოდ იმისთვის, რომ სიმართლეს ამბობენ და ხმას აძლევენ მათ, ვისაც ხმა არ აქვს.
მზია ამაღლობელი ერთ-ერთი ასეთი ჟურნალისტია, რომელიც სიმართლისა და სამართლიანობისადმი საკუთარი ერთგულების გამო არის დაპატიმრებული. მისი "ქეისი" თავისუფალი გამოხატვის სივრცის შეზღუდვის სიმბოლოა. ეს მიუღებელია ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფის და მისი გათავისუფლების მოწოდებით გამოვდივართ.
დამოუკიდებელი ჟურნალიზმი და მაუწყებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უსამართლობის გამოსააშკარავებლად, არამედ ევროკავშირის შესახებ დეზინფორმაციის მზარდი ტალღისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, რომელსაც ხელისუფლებაში მყოფები ავრცელებენ. მყარად ვუდგავართ გვერდში საქართველოს დამოუკიდებელ მედიას…
ევროკავშირი მზად რჩება ზომები მიიღოს, რათა პასუხი აგებინოს საქართველოში ადამიანი უფლებების დამრღვევებს”, - განაცხადა სტარტაპების, კვლევისა და ინოვაციის საკითხებში ევროკომისარმა, ეკატერინა ზახარიევამ.
მისი თქმით, ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ საბრძოლველად ერთადერთი გზა დამოუკიდებელი მედიის გადარჩენაა.
“ერთ-ერთი რამ, რასაც ყველაზე ხშირად ვხედავთ და რაც ყველაზე მეტად გვაღიზიანებს ავტორიტარული რეჟიმების მხრიდან, არამხოლოდ რეპრესიებია, არამედ ის, როდესაც ისინი ეპყრობიან მოქალაქეებს, როგორც არასრულწლოვნებსა და ბავშვებს.
გარე მტრის იდეა ავტორიტარული რეჟიმის ერთ-ერთი საყვარელი თემაა. საბავშვო ისტორიაა ის, რასაც საქართველოში Deep State-ის სახელით არის ცნობილი. ყველაფერი, რაც მთავრობას აღიზიანებს, Deep State-ია.
ეს შეიძლება იყოს სტუდენტის ტვიტი ან შეიძლება იყოს ნებისმიერი სახის განცხადება, რომელიც აქ, ამ პალატაში, ქვეყანაზე კეთდება. მაგრამ ამ გამარტივებული ნარატივის შესაცვლელად, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ არსებობდეს პროფესიონალური, ნამდვილი ჟურნალისტიკა, რომელსაც ისეთი პროფესიონალები ქმნიან, როგორიც მზია ამაღლობელია. ეს არის ერთადერთი გზა ავტორიტარული რეჟიმების ამ ფანტაზიების წინააღმდეგ საბრძოლველად.
ამიტომაც [ხელისუფლების წარმომადგენლები] ზოგჯერ ებრძვიან სასაცილო ზომებით პრესის თავისუფლებას. მაგალითად, თუ ჟურნალისტი იყენებს სიტყვებს: “არალეგიტიმური პარლამენტი”, “არალეგიტიმური მთავრობა”, “ოლიგარქიული მთავრობა”, “რეჟიმის პატიმრები” ან “პრორუსული რეჟიმი”, ყველა ეს გამოთქმა ახლა აკრძალულია ქვეყანაში.”- განაცხადა მან.
მისი თქმით, ესწრებოდა „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ერთ-ერთ პროცესს და მისი „ქეისი“ პირდაპირი თავდასხმაა პრესის თავისუფლებაზე.
“მზია ამაღლობელი პირველი და ერთადერთი ქართველი ჟურნალისტია, რომელიც როგორც პოლიტპატიმარია დაკავებული. მისი დაპატიმრება ცხადად პოლიტიკურია და მოგონილ ბრალდებებზეა დაფუძნებული.
ვიყავი საქართველოში და მის ერთ-ერთ სასამართლო სხდომას დავესწარი. და შემიძლია გითხრათ - მისი ქეისი პირდაპირი თავდასხმაა პრესის თავისუფლებაზე. მზია მოძრაობის სიმბოლოა, რომელიც რეპრესიებისა და დაშინების მიუხედავად აგრძელებს დემოკრატიისთვისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლას.
ის სამიზნეშია ამოღებული, ვინაიდან, ის სიმართლის მხარეს დგას და უარს ამბობს გაჩუმებაზე. დღეს ასობით პოლიტპატიმარი - ოპოზიციონერი ლიდერები, აქტივისტები და არტისტები დაპატიმრებულები არიან წინააღმდეგობისთვის სისტემის, რომელიც დემოკრატიას შლის და რუსულ კონტროლს ამყარებს.
ქართველი ხალხი ზუსტად იმ ღირებულებებისთვის იბრძვის, რომელსაც ეს პარლამენტი წარმოადგენს - თავისუფლება, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა. მზიამ მხარდაჭერა თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული საქართველოს მხარდაჭერას ნიშნავს და ჩვენ აქ მისი და ქართველი ხალხის მხარდაჭერის გაუმჯობესება გვჭირდება”, - განაცხადა შილინგმა.