როდესაც მთელი მსოფლიო ანტიბიოტიკორეზისტენტობას ებრძვის, სულ უფრო დიდი ყურადღების ცენტრში ექცევა ფაგები, როგორც მიკრობებსა და ბაქტერიებთან ბრძოლის ალტერნატიული საშუალება. უკანასკნელ წლებში ფაგოთერაპია განსაკუთრებით აქტუალური გახდა და ამ მიმართულების განვითარებას მთელი სამყარო დიდი ინტერესით უყურებს. ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრი, რომელიც უკვე 15 წელია ელიავას კონსორციუმის ფარგლებში არსებობს, აქტიურად ემსახურება ქართველ თუ უცხოელ პაციენტებს და ფაგებით მკურნალობის უამრავ წარმატებულ შემთხვევასაც ითვლის.
ცენტრში ფაგებით მკურნალობა სხვადასხვა მიმართულებით ხდება და მათ შორისაა ოტორინოლარინგოლოგიაც. ზოგადად, ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებებში ხშირია მიკრობული გართულებები. მეტიც, ისინი ხშირად ქრონიკულ სახეს იღებს. ასეთ შემთხვევებში ეფექტურია ფაგებით მკურნალობა, რისი მრავალწლიანი გამოცდილებაც აქვს ცენტრის ოტორინოლარინგოლოგ გოგი ხვიჩიას. ამ თემაზე დეტალურად თავად ექიმი გვესაუბრება.

რამდენად ეფექტურია ფაგები ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებების სამკურნალოდ?
ფაგები ეფექტურად გამოიყენება ყელ-ყურ-ცხვირის ანთებითი დაავადების დროს, თავად ანთებით პროცესს შეიძლება ბევრი სხვადასხვა ფაქტორი იწვევდეს, თუმცა ფაგები გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც დაავადებას ბაქტერიული ინფექცია იწვევს.
ყელის პრობლემებს ხშირად კუჭიდან წამოსული უკუტალღა იწვევეს, ასეთ დროს ყელში არე მჟავიანდება და ლორწოვანს აზიანებს, რაც მიკრობების გამრავლების წინაპირობაა. ასეთ შემთხვევებში ძალიან ეფექტურია ფაგების გამოყენება, რომელიც პაციენტის მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. თუმცა ასევე აუცილებელია საწყისი პრობლემის მოგვარებაც.
რა სიმპტომების დროს უნდა მიმართოს პაციენტმა ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრს?
როგორც წესი, ოტორინოლარონგოლოგიის მიმართულებით, ჩვენთან პაციენტები პირდაპირ იშვიათად მოდიან. ისინი მკურნალობენ ოჯახის ექიმთან, ხოლო როდესაც მიკრობული ანთება ქრონიკულ სახეს იღებს, უკვე ჩვენ მოგვმართავენ და ვიწყებთ ფაგოთერაპიას. ფაგებით მკურნალობის დადებითი მხარე ისაა, რომ ის შერჩევითად მოქმედებს კონკრეტულ მიკრობზე და ანტიბიოტიკისგან განსხვავებით, ორგანიზმში არსებულ ,,კარგ“ მიკროფლორას არ ანადგურებს. მისი ეფექტი არ არის ისეთი მყისიერი, როგორც ანტიბიოტიკის, მაგრამ საბოლოოდ ვიღებთ შედეგს, რომელსაც გვერდითი მოვლენები თითქმის არ ახლავს.
რა ტიპის კვლევები ტარდება ფაგებით მკურნალობის დაწყებამდე?
ფაგი რამდენიმე ჯგუფისაა. სწორედ ამიტომ მკურნალობის დანიშვნამდე გვჭირდება ფაგოგრამა, რათა გავიგოთ, რომელი მიკრობია ორგანიზმში და რომელი ფაგია მის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტური. ძირითადად ეს არის ნაცხის ბაქტერიოლოგიური ანალიზი, რომლიდან მიღებული საკვლევი მასალაც ითესება ნიადაგზე გარკვეული დროის განმავლობაში. მიღებული შედეგების მიხედვით ვნიშნავთ მიზნობრივ მკურნალობას.
რა ფორმით გამოიყენება ფაგები ოტორინოლარინგოლოგიაში?
ჩვენ ვიყენებთ სითხეს, როგორც ადგილობრივად გამოსაყენებლად, ისე პერორალურად. მნიშვნელოვანია, რომ ფაგმა იმუშაოს კუჭ-ნაწლავის სისტემაში, რომ პრობლემის სიღრმისეული მოგვარება მოხდეს. თუმცა აუცილებელია მისი ადგილობრივად გამოყენებაც. ასევე ეფექტურია საინჰალაციოდაც. ვცდილობთ, ყველა მხრიდან მივუდგეთ მიკრობს, რომ ფაგის მოქმედება უფრო ეფექტური იყოს.

მკურნალობაში მხოლოდ ფაგებია ჩართული თუ სხვა მედიკამენტებიც ინიშნება?
მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ანტიბიოტიკები და სტეროიდები არ გამოვიყენოთ, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც მათი ფაგებთან კომბინაციაში გამოყენება გვიწევს.
შესაძლებელია თუ არა ფაგებით თვითმკურნალობა?
ფაგის დადებითი მხარე ისაა, რომ არ ვნებს ორგანიზმს. შესაბამისად, ადამიანებს შეუძლიათ ის თვითმკურნალობის ფარგლებშიც გამოიყენონ. თუმცა ასეთ შემთხვევებში შედეგი მაქსიმალური ვერ იქნება, რადგან ფაგის ჯგუფი, დოზები და მკურნალობის ხანგრძლივობა სპეციალისტმა უნდა დანიშნოს.
რას გვეტყვით ფაგის ცხვირისა და ყურის პრობლემების დროს გამოყენებაზე, რამდენად ეფექტურია ის?
რა თქმა უნდა, ეფექტურია. არაერთი დაავადებაა, რომლის გამწვავებაც მიკრობით ხდება. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ალერგიული რინიტი. ცხადია, ალერგიას ვერ ვშველით, მაგრამ ალერგიის ფონზე წარმოშობილ პათოგენურ მიკრობებს ვებრძვით და პაციენტის მდგომარეობას მნიშვნელოვნად ვაუმჯობესებთ.
ფაგები ეფექტურია ჰაიმორიტის, ფრონტიტის, სინუსიტის და ცხვირის ღრუს სხვა დაავადებების დროსაც. პარალელურად, მნიშვნელოვანია, რომ სრულად მოხდეს დახშული ღრუს სხვადასხვა გზით სრული გასუფთავება, გაწმენდა, რომ ფაგის მოქმედება უფრო ეფექტური იყოს.
რაც შეეხება ყურის დაავადებებს, ფაგები ეფექტურად ინიშნება, თუ ანთება დაფის აპკის მიღმა არაა წასული.
როგორია თქვენი რეკომენდაციები ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებების თავიდან ასარიდებლად?
სამი ძირითადი საკითხია მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი. უნდა აღმოვფხვრათ დაავადების გამომწვევი მიზეზი, დავიცვათ თავი ახალი მიკრობებისგან და გავაძლიეროთ ორგანიზმი. ორგანიზმის გასაძლიერებლად კი საჭიროა მშვიდი ძილი, სწორი ჰიგიენა და ცხოვრების ჯანსაღი წესი. ასე რომ, ჯანმრთლობას გისურვებთ!
R