21 ივნისს, მუსიკოს ნინო ბაშარულის რიგით მეორე ალბომის პრეზენტაცია გაიმართება, რისთვისაც მუსიკოსი აქტიურად ემზადება. როგორც გვეუბნება, ალბომის წარდგენისას, 2 სიმღერას შეასრულებს, საღამოს კი მისი მეგობარი მუსიკოსები გააგრძელებენ.
20 ივნისს კი ნინო ბაშარულის ახალი ალბომის ყველა სიმღერა მსოფლიოს ცნობილ მუსიკალურ პლატფორმებზე აიტვირთება, რათა მისი მუსიკის მოყვარულებმა იქაც შეძლონ ამ ნამუშევრების მოსმენა.
მუსიკოსის ცხოვრებაში გარდა ახალი მუსიკალური ალბომისა, კიდევ არის სხვა სიახლეები, რაზეც ambebi.ge-ს თავად მოუყვა.

- ეს ჩემი რიგით მეორე ალბომია, სახელწოდებით "ნისაბა“. ალბათ იკითხავთ, "ნისაბა" რას ნიშნავსო და გეტყვით. ის შუმერული მითოლოგიის ქალღმერთია, რომელმაც კარგად იცოდა ასტრონომია, მათემატიკა, ერკვეოდა მოსავლიანობაში. მასთან სოფლებიდან რჩევების მისაღებად მიდიოდნენ. მუსიკაზეც ჰქონდა გავლენა. ხელოვნების დამცველი და სიმღერების შემკრები, შემნახავი იყო. ამ მიმართულებით სპეციალური არქივი ჰქონდა. საერთოდ, შუმერულ კულტურაზე დიდი და საინტერესო კვალი დატოვა. საერთოდ შუმერული ცივილიზაცია ჩემი კვლევის საგანი იყო.
ალბომისთვის სახელის დარქმევისას როდესაც ჩემი უფროსი ბიჭი, საბა შესაფერის სახელწოდებებს ეძებდა, ნისაბას შესახებ ცნობები ხელახლა გადავიკითხე. თან ჩემი და საბას კოლაბორაცია იმდენად სინერგიული აღმოჩნდა, ენერგეტიკულად ისეთი ბმა გამოგვივიდა, რომ ნისაბა ალბომის სახელწოდებისთვის აბსოლუტური მიგნება აღმოჩნდა. ნისაბა, ანუ - ნინოსა და საბას კოლაბორაცია. ვთხოვე, ალბომს ეს დავარქვათ-მეთქი.
- ალბომში რამდენი სიმღერა შევიდა?
- 12, მათგან 5 ძველი ალბომიდან გადმოვიტანეთ, რადგან დღემდე აქტუალურია... არადა, რომ მეგონა, შემოქმედებითი კუთხით ჩემმა მატარებელმა ჩაიარა-მეთქი, ჩემმა შვილმა საწინააღმდეგო რამ მითხრა, - დედა, გადავწყვიტე, შენი მუსიკალური მენეჯერი გავხდე. შენნაირი მომღერალი საქართველოში კი არა, მსოფლიოშია ძალიან ცოტა და ამაში მალე დაგარწმუნებო.

ამან ჩემში იმხელა ტრანსფორმაცია გამოიწვია. მისი ეს ნათქვამი, ალბათ რეალობას არც შეეფერება, მაგრამ შვილი როცა ამ სიტყვებს გეუბნება, ამას შეუძლია ადამიანი მკვდრეთით აღადგინოს. რა თქმა უნდა, ახლიდან დავიბადე. ეს იყო სულის შებერვა და მუშაობა სულ რაღაც 3 თვის წინ დავიწყეთ. პირადად მე არასდროს მქონდა იმის ნიჭი, რომ ამ ყველაფრისთვის თავი მომეყარა, თუმცა სხვის საქმეებს კარგად ვაგვარებ ხოლმე, საკუთარს - ვერა. ამიტომ ეს სიმღერები თაროებზე მქონდა შემოწყობილი და ეტყობა, საბას უცდიდა. საერთოდ რადგან ჩემს საავტორო სიმღერებს ვასრულებ, ალბომში ყველა ჩემი სიმღერა შევიდა. მელოდია, იდეა და კომპოზიციური აგებულება - ყველაფერი ჩემია. სიმღერების ტექსტის ავტორი უმეტესწილად ჩემი მეუღლეა... შემოქმედებით პროცესში იმხელა ბედნიერებას ვპოულობ, იმაზეც აღარ ვფიქრობ, სიმღერა რომ დაიწერება, შემდგომ ის წარმატებას მიაღწევს თუ არა. არც ჩემი კარიერის კუთხით ვზრუნავ - რომ ახალი ნამუშევარი გამოვამზეურო და წინსვლაზე ვიზრუნო. იმდენად დიდი სიამოვნებაა და ამ ყველაფერში იმდენად ვიძირები, რომ სხვა დანარჩენი ჩემთვის მეორეხარისხოვანია.
ალბომის გაფორმებაზეც საბამ იზრუნა - გრაფიკული დიზაინი მას ეკუთვნის.
- მხატვარია?
- ანიმაციური რეჟისორი. აკადემიაში გრაფიკული დიზაინის კუთხით სწავლობდა. მოკლედ, ჩემს ახალ ალბომს რაღაცნაირად სული შთაბერა. ასე რომ, ეს მეორე ალბომი ყველანაირად მისი დამსახურებაა. ვინ იცის, მის გამოშვებას კიდევ რამდენ ხანს ვერ მოვაბამდი თავს.
- დედა-შვილი ალბათ ერთადაც მღერით...
- საერთოდ საბა მღერის და გიტარაზეც უკრავს. ერთადაც ვმღერით კიდეც, მაგრამ არასდროს ჰქონია სურვილი, რომ ჩემთან ერთად დუეტი ჩაეწერა. როცა საკუთარი პროფესიით გავხდები ცნობილი, დუეტში შენთან ერთად მერე ვიმღერებ, შენ ჩრდილქვეშ ყოფნა ახლა არ მინდაო...
ძალიან მიყვარს ჩემი შვილების თაობა და მჯერა მათი. ძალიან გულწრფელები არიან, რევერანსების გარეშე, პირდაპირები და თავისუფლები. ჩვენი თაობისგან იმით განსხვავდებიან, რომ კომპლექსები არ ბოჭავთ. სიმართლე არ აყენებთ ტკივილს, ეს არის ყველაზე კარგი, რაც ამ თაობაში მიყვარს. ჩვენ ცოტა სხვანაირად, საბჭოთა სისტემის გადმონაშთებზე გავიზარდეთ. მოკლედ, გამიმართლა, რომ საბამ, ჩემი როგორც მომღერლის, ტრანსფორმაცია მოახერხა, არ დატოვა ჩრდილში ის სიმღერები, რომლებიც სულ მინდოდა, რომ საზოგადოებას მოესმინა.
ალბომი ჩაიწერა სტუდიაში "ჰეიმა“... ეს არაჩვეულებრივი ხმის ჩამწერი სტუდიაა, სადაც მებო ნუცუბიძე და ვეფხო - ძალიან კარგი მუსიკოსები და კარგი ადამიანები თავდადებით მუშაობენ. მათთან მისვლისას ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სახლში მივდივარ. მუსიკოსის ინტერესებს მთლიანად არიან მორგებული. მოკლედ, ამ სტუდიაში სიმღერის ჩაწერა დიდი კომფორტია.
- შვილი მუსიკოსი დედის მენეჯერი იყოს, მგონი, მართლა იშვიათია...
- ვერ წარმოვიდგენდი საბას ამ ამპლუაში და თუ თან ჩემი მენეჯერი იქნებოდა, მაგრამ ეს ახლა რეალობაა. როდესაც მოლაპარაკებები გვქონდა ცნობილ ლათინოამერიკელ კომპოზიტორთან, კარლოს რაფაელ რივერასთან, რომელიც "ნეთფლიქსის“ სერიალებისთვის წერს მუსიკას, მასთან მიმოწერისას, წერილების შედგენისას საბუკა მეხმარებოდა. ინგლისური ვიცი, მაგრამ საბამ ძალიან კარგად იცის და ამ ამბავშიც ძალიან დამეხმარა.

- ამ კომპოზიტორს რა პროექტთან დაკავშირებით შეეხმიანეთ?
- ჩემი მეგობარი, ნიჭიერი მუსიკოსი ზვიად მღებრიშვილი უცხოელ კომპოზიტორებთან და მუსიკოსებთან თანამშრომლობს. სწორედ მას დაუკავშირდა რაფაელ რივერა. "ნეტფლიქსის“ სერიალისთვის მუსიკას ქმნიდა და ქალის საინტერესო ხმას და ღრმა ტემბრს ეძებდა. ზვიადმა რამდენიმე მომღერალი ურჩია. ჩემი ხმაც გადაუგზავნა და "იუთუბლინკიც". იმ მომღერლებიდან რაფაელმა მე ამარჩია. გადაწყვიტა, ჩემი ხმა ყოფილიყო სერიალის მუსიკალური გაფორმებისთვის. ძალიან ბედნიერი ვიყავი. ცნობილი სერიალია "მისიე სპეიდი,“ რომელშიც ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი ქლაივ ოუენი თამაშობს. სტუდენტობის დროს მისი ფანი ვიყავი და ეტყობა, იმდენად მიყვარდა, რომ ამდაგვარად მოვიზიდე...
აღნიშნული სერიალი წარმატებული აღმოჩნდა. ნომინაციებში გაიმარჯვა და ძალიან ამაყი ვარ, რომ რაღაც პატარა წვლილი მეც შევიტანე მის წარმატებაში. ამ კომპოზიტორთან დღემდე თბილი ურთიერთობები გვაქვს.
- ვიცი, რომ ბევრ ენაზე მღერით და შესაბამისად, ფლობთ კიდეც რამდენიმე უცხო ენას...
- რეალურად ვფლობ ესპანურს, ინგლისურს, რუსულს, ცოტა პორტუგალიურს და დანარჩენ ენებზე, ფაქტობრივად, სმენით ვმღერი, მაგალითად - ფრანგულად, გერმანულად, აფრიკულად, თურქულად სრულიად უაქცენტოდ, ისე, რომ ეგონათ, ენა ვიცოდი. საერთოდ, ენების დაუფლებაში, ვფიქრობ, მუსიკა დამეხმარა. მუსიკა ადამიანს სმენას უვითარებს, დახვეწილი სმენის დროს ადამიანი კიდევ უფრო უაქცენტოდ იწყებს სხვადასხვა ენაზე საუბარს. მუსიკა ხომ სულის ენაა და თან რომ სხვადასხვა ენაზე მღერი, ეს ისეთი ნირვანაა, ალბათ სიტყვები არ მეყოფა, რომ აღვწერო...

სიმღერის დროს მავიწყდება ჩემი სახელი, პროფესია, სტატუსი, ხანდახან მგონია, ჩემი ბგერებით თვითონ სამყარო, ანგელოზები საუბრობენ. ზოგადად მთელი ჩემი შემოქმედება იმაზეა დაფუძნებული, რომ ადამიანებმა ცოტა ხნით თავიანთი სტატუსები, წოდებები დაივიწყონ, იმიტომ, რომ, ეს ხშირ შემთხვევაში, ჩვენი ტვირთია. ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ ასეთი ტვირთებისა და კლიშეებისგან, რაც სრულიად გვბოჭავს. პირველ რიგში უნდა ვიყოთ ადამიანები. ჩვენთვის სული უნდა იყოს საფრთხილო. მატერიალური მიჯაჭვულობებისგან უნდა გავთავისუფლდეთ. მატერიალური მიჯაჭვულობისას ადამიანი ძალიან სასაცილოა. სულ მინდოდა, დამენახვებინა რამდენად აღმატებულია სულიერი და თბილი ურთიერთობები, ვიდრე ესა თუ ის ნივთი.
- უფროსი შვილი თქვენი მუსიკალური მენეჯერი გახდა. ვიცი, რომ უმცროსი იმიჯმეიკერის ფუნქციას ითავსებს...
- ლაზარე 12 წლის არის და უკვე ჩემი სტილისტია, რაღაცები ჩემს ჩაცმულობაში ხანდახან არ მოსწონს, კერძოდ, სამოსში ჩემი შეხამებები, თუ ფერთა აღქმა და კორექტივები შეაქვს. ამ მხრივ ძალიან განვითარებული ბავშვია, ფერების საოცარი აღქმის უნარი აქვს და გემოვნებიანია. კი, ჩემი იმიჯმეიკერია დედიკოს იმიჯზე სერიოზულად ზრუნავს. საბა პირველი ქორწინებიდან მყავს. მეორე შვილს აღარ ვგეგმავდი, მაგრამ უფალმა ასე ინება.
- რა არის თქვენთვის მთავარი შვილებთან ურთიერთობისას?
- ყოველთვის ვცდილობდი, ბალანსი დამეჭირა ჩემს შემოქმედებასა და დედობას შორის. ხანდახან ვფიქრობდი, რომ ჩემი შემოქმედება ხელის შემშლელი იყო, - არ მინდოდა, რომ შვილებს ჩემთან ურთიერთობის დეფიციტი ჰქონოდა. ამას ვერასდროს გადავიტანდი და მაქსიმალურად თავიდან ფეხებამდე ვიყავი ჩაფლული მზრუნველი დედის ამპლუაში. მოკლედ, რთული იყო დედობის და მუსიკის შეთავსება, თუმცა შევძელი - ამ მხრივ ყოჩაღი აღმოვჩნდი. საერთოდ ყველაფერში მიყვარს ბალანსი, ჰარმონია და ეს ალბათ ამის ბრალია. ემპათიური ადამიანი ვარ, არ მიყვარს კონფლიქტები, გაურკვევლობა, ყოველდღიურ ურთიერთობაში ვცდილობ, რაღაცები დავაბალანსო. ხანდახან საკუთარი თავი დამნაშავედაც გამოვიყვანო, რომ ურთიერთობები შევინარჩუნო. რაც ახლა ვთქვი, ეს ალბათ მეტის-მეტია, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში ასეც ყოფილა.
მე და ჩემი შვილები ძალიან დიდი მეგობრები ვართ. არასდროს მახსოვს მათგან ტყუილი. თავისუფალი, გახსნილი ურთიერთობა გვაქვს. ვისურვებდი, რომ დედამიწაზე ყველა შვილი ასეთი გულწრფელი იყოს.
- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
- ჩემს შვილს რომ მოვუსმინო, აუცილებელია შევქმნა საკუთარი მუსიკალური ბენდი, რომელშიც სამი მუსიკოსი იქნება. გავმართო საქართველოს სხვადასხვა კუთხეში პატარ-პატარა პერფორმანსები. ეს არის საბას სურვილი. ბენდისთვის თავად მოძებნის მუსიკოსებს და მერე ერთად შევარჩევთ ჯგუფის წევრებს. მერე კი იქნებ დავითანხმო, რომ დუეტიც ჩავწეროთ. წინ საინტერესო საქმეები და გეგმები გვაქვს.