ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეიმ არსებობა ვეღარ უნდა გააგრძელოს, რადგან მისი შეფასებით, "ხამენეი თანამედროვე ჰიტლერია.
"ხამენეის დიქტატურა, რომელმაც ისრაელის სახელმწიფოს განადგურება თავის გამოცხადებულ მიზნად აქცია, არ შეიძლება გაგრძელდეს.
ეს ყველაფერი ჰოლოკოსტის სცენარს ჰგავს. იმ პერიოდში რომ შეგვძლებოდა ისრაელის თავდაცვის ძალების ბუნკერში გაგზავნა ებრაელი ხალხის მტრის, ჰიტლერის დასაჭერად, ამას აუცილებლად გავაკეთებდით. გავგზავნიდით ისრაელის თავდაცვის ძალებს, გამოვიყვანდით მას და გავანადგურებდით.
შესაბამისად, ამჟამინდელ სიტუაციას ასე ვხედავ - ხამენეი თანამედროვე ჰიტლერია.
ეს არის ადამიანი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში იდგა ძლიერი ერის სათავეში და დიდი იდეოლოგიური გავლენა აქვს. ღიად აცხადებს, რომ მხარს უჭერს ისრაელის განადგურებას. ამ მიზნით ის მობილიზებას უკეთებს ყველა არსებულ რესურსს, თუნდაც საკუთარი ხალხის ხარჯზე.
დღეს ვხედავთ, რომ ის პირადად გასცემს საავადმყოფოებისა და საცხოვრებელი შენობების დაბომბვის ბრძანებას", განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.
კითხვაზე, განიხილავს თუ არა ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციას, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ უპასუხა, რომ "ამის შესახებ პრესაში საუბარი სასურველი არ არის“.
"დაცული არავინ არ არის. ყველა ვარიანტი ღიაა“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
მისი თქმით, ირანის წინააღმდეგ აშშ-ის პოტენციური ჩართვის საკითხი პრეზიდენტ "დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას წარმოადგენს“.
"ის იმას გააკეთებს, რაც ამერიკისთვის არის კარგი, მე კი გავაკეთებ იმას, რაც ისრაელისთვისაა კარგი. პრეზიდენტი ტრამპი თამაშის წესებს კარგად იცნობს“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.