ავტორი:

"რადგან ზვიად გამსახურდიას ნათლული ვიყავი, ყველა დამდევდა, სახლი დამიწვეს და შემდეგ ლონდონში წავედი" - 30-წლიანი ემიგრაცია და ცხოვრება როკმუსიკით: ცნობილი და უცნობი ფაქტები დადა დადიანზე

"რადგან ზვიად გამსახურდიას ნათლული ვიყავი, ყველა დამდევდა, სახლი დამიწვეს და შემდეგ ლონდონში წავედი" - 30-წლიანი ემიგრაცია და ცხოვრება როკმუსიკით: ცნობილი და უცნობი ფაქტები დადა დადიანზე

59 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი როკმუსიკოსი, დადა დადიანი. დადა დადიანი მეოცე საუკუნის ქართული ალტერნატიული მუსიკის ერთ-ერთი პიონერი იყო. 80-იან წლების ბოლოს რამდენიმე ჯგუფი დააარსა. მუსიკით მთლიანად იყო მოცული.

1993 წლის მიწურულს, ქვეყნისთვის უმძიმეს წლებში, საქართველო დატოვა და ინგლისში საცხოვრებლად გადავიდა, სადაც აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებას ეწეოდა.

2020 წელს ის სამშობლოში დაბრუნდა.

2024 წელს მსმენელმა მუსიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თანხის ასაგროვებელი საღამო გამართა.

დადა დადიანი საქართველოში მუსიკას ქმნიდა ირაკლი ჩარკვიანთან, ქიშო გლუნჩაძესთან, სერგი გვარჯალაძესთან, ბიბი კვაჭაძესთან ერთად. მის მრავალფეროვან მუსიკაში სხვადასხვა ჟანრის ელემენტები იყო გაერთიანებული.

AMBEBI.GE დადა დადიანის მეგობარს, მუსიკოსს ბიბი კვაჭაძეს ესაუბრა:

- "უცხო ენებში" რომ ჩავაბარე, ინსტიტუტის ანსამბლში ამიყვანეს. ჩვენი ჯგუფის რეპეტიციებზე მეგობრების მეშვეობით 14 წლის პატარა ბიჭი მოდიოდა, იჯდა, და გვისმენდა ხოლმე. ის ბიჭი დადა იყო. იმ პერიოდში არც დაკვრა, არც აკორდები, არც ნოტები და მუსიკაში არაფერი იცოდა. მე და დათო ფარნიძეს, ბასისტს გვიყურებდა. დათო და ასევე ცნობილი გიტარისტი - ზაზა სახამბერიძე რაღაცებს ასწავლიდნენ. ზაზას გაკვეთილებს დადა ძალიან დიდი მონდომებით ითვისებდა.

საერთოდ თავიდანვე ძალიან ლაღი ბიჭი იყო, საოცარი იუმორის მქონე, მასთან ვერ მოიწყენდი. ამასთან, ძალიან პოზიტიური და უკეთილესი - ძირითადად ასე დამამახსოვრდა. რეპეტიციებზე ყოფნისას პერიოდულად გვეკითხებოდა, - რამე ხომ არ გინდათ, რამე ხომ არ მოგიტანოთ. უნდოდა, დაგვსაქმებოდა. ძალიან უშუალო, არა ამბიციურ, არა ამპარტავან, საყვარელ ადამიანად დარჩება ჩემს მეხსიერებაში. ფანტასტიკური ხასიათის ჰქონდა.

პირველად "ბოთლები" რომ მოისმინა, გადაირია. მერე დედამისს სთხოვა, გიტარა მიყიდეო. დედა ქალბატონი მარინა, ასევე ძალიან კარგი ქალბატონი, ინგლისურის სპეციალისტი გახლდათ და უნივერსიტეტში ასწავლიდა... მოკლედ, მე და დადა ასე დავმეგობრდით.

მერე მუსიკაში თავისი ამბიციები გაუჩნდა, ანსამბლი შექმნეს „რვაფეხა“ - ოთხნი იყვნენ (დადა, ნუგზარ თუხარელი, ირაკლი ხუციშვილი, ზაზა ხუციშვილი) - შესაბამისად 8 ფეხი და სახელწოდებაც აქედან მოდიოდა. ეს მისი პირველი ბენდი აღმოჩნდა. მერე დაიშალნენ და დადამ "ტაქსი" ჩამოაყალიბა. ნელ-ნელა გაიგო პანკროკის გემო და პროტესტის, მძაფრ როკ მიმდინარეობებს გაეცნო. ერთად ბევრ რაღაცას ვუსმენდით. გიტარას კარგად დაეუფლა, მაგრამ მეტად ბასზე გადაერთო და ბასისტი გახდა.

- და ასე ჩამოყალიბდა ალტერნატივის მიმდევრად...

- მასთან იყო საერთოდ ყველაფერი - ალტერნატივა, როკი, ანდერგრაუნდი და საშინელი პროტესტიც. ტექსტებში ასეთი სიტყვები ჰქონდა - „გარეთ გამოხვალ და გულში დანას გაგიყრიან“. „აღარ მინდა“, „მიშლი ნერვებს“ - ცოტა უხეში ფრაზები, მაგრამ ემოციას გულწრფელად გამოხატავდა. განათლება უნივერსიტეტში ჰქონდა მიღებული - ინგლისური ენის განხრით სწავლობდა, მაგრამ საბოლოოდ მუსიკაზე ააგო ყველაფერი.

- და 90-იან წლებში ქვეყანა დატოვა და უცხოეთში წავიდა...

- 1993 წელს საქართველოში ჩვენი ბოლო შეხვედრა იყო... ასეთი პროექტი იყო - დადამ, სერგი გვარჯალაძემ და გოგი ჭილაშვილმა იხუმრეს და მას „ქართული ცეკვის იმპერია“ დაარქვეს. მართლა რაღაც აბსურდი იყო, მაგრამ გარეთ იმდენად მძიმე გარემო იყო, ხალხი იარაღით დარბოდა... ერთ დღესაც დადამ დამირეკა და მითხრა, - კვაჭი, მე, სერგი და გოგი რაღაცებს ვაკეთებთ. მოდი, მოისმინე, თუ მოგეწონებაო. ტელევიზიაში მივედი, - პატარა ოთახში სტუდია ჰქონდათ მოწყობილი თავისი მცირე აპარატურით. ნამუშევარი მოვისმინე, რაც გააკეთეს და აღფრთოვანებული დავრჩი - ერქვა „ქართული ჭიდაობა“. მას რევაზ ლაღიძის ცნობილი „საჭიდაოს“ მელოდია გასდევდა. ძალიან მომეწონა, ემოციები ვერ დავმალე და ვუთხარი, - განაგრძე-მეთქი. გეხვეწები, შემოგვიერთდიო. სერგი და მე „უცხოენებში“ ერთად ვსწავლობდით, თავიდანვე ჩემი ძმაკაცი იყო, გოგისაც ვიცნობდი. შემოთავაზებას სიამოვნებით დავთანხმდი.

გავერთიანდით და გავაკეთეთ 6-7 სიმღერა (სხვათა შორის, შარშანწინ, ნასტია სართანიამ და ჯაბა შავიშვილმა ჩვენი ის ერთობლივი ნამუშევრის დიდი ფირფიტაზე გამოსცა). მერე დავიშალეთ და დადა ინგლისში წავიდა. ისე გამოვიდა, რომ წავიდა და წავიდა. თითქმის 30 წელი არ მინახავს. საერთოდ არ ჩამოსულა.

ბიბი, დადა, სერგი და გოგი

- კონტაქტი გქონდათ?

- ადრეულ პერიოდში მეილით. სულ სიყვარულს მიგზავნიდა, თბილად მწერდა. იქ მხოლოდ მუსიკას აკეთებდა, სხვა მას არაფერი შეეძლო - ეს იყო მისი საყვარელი საქმე. ნამდვილი არტისტი იყო. გამორჩეული, მებრძოლი, პროტესტის გამომხატველი და პირში მთქმელი. მუსიკას ბრიტანელებთან ერთად აკეთებდა და ძალიან პოპულარული პროდიუსერი იყო.

- როდის დაბრუნდა?

- 2020 წლის 8 იანვარს და 2020 წლის იანვრის ბოლოს ნიუ-იორკიდან მე ჩამოვედი. რომ შევხვდი და ვნახე, ძალიან გაუხარდა. იმის მერე ინგლისში აღარ წასულა, სულ აქ იყო... მშობლები აღარ ჰყავს. ახლა მისი ჭირისუფალია ძმა - დიმა დადიანი. მოკლედ, ძალიან კეთილი, პირდაპირი, სამართლიანი, შრომისმოყვარე ფუტკარი წავიდა, დღე და ღამე მუშაობდა. წერდა და წერდა...

ჯერ კიდევ აქ რომ იყო, მარინა დეიდამ, დედამისმა ინგლისიდან დრამ-მანქანა ჩამოუტანა, მისი დაპროგრამება შეიძლებოდა და მასზე რაღაც სიმღერებს წერდა. სახლში ჰქონდა ჩამწერი სტუდია მოწყობილი. ყველა თავის მეგობარს ეხმარებოდა. უფასოდ რამდენს ჩააწერინა, მათ შორის, მეც. მოკლედ, ძალიან გული დაგვწყვიტა ყველას.

თავად მუსიკოსს საკუთარ ისტორიას ასე მოკლედ აქვს გადმოცემული:

"რადგან ზვიად გამსახურდია იყო ჩემი ნათლია, მე დამდევდა ყველა - მათ შორის, მხედრიონი. იარაღით დავდიოდი იმიტომ, რომ რამდენჯერმე მესროლეს, სახლი დამიწვეს. მერე ვთქვი, სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობს-მეთქი. ლონდონში წავედი. იქ არავინ მყავდა, - ასე პირდაპირ ჩემს მეუღლესთან ერთად ჩავედი... მერე დამირეკა ვინმე ჯეფმა, ფანტასტიკურმა ადამიანმა, ახლავე სტუდიას მოგცემ ლონდონშიო.

შენმა მეგობარმა მომასმენინა შენი მუსიკა, ძალიან მომეწონა და აჰა, შენ სტუდიაო. არის ასეთი დიდი მუსიკალური მიმდინარეობა, გრაიმ ჰქვია. ახალგაზრდებისთვის და კლუბებისთვისაა. ეგ მიმართულება ლონდონში ჩვენ დავიწყეთ... ასე უცებ აღმოვჩნდი ურბანულ გარემოში შუაგულ ლონდონში... ეს გაგრძელდა 30 წელი... ლონდონი შემიყვარდა. ისეთია, შეგიყვარდება, ძალიან საყვარელი ქალაქია. არის სწრაფ-სწრაფი, აქ ყველაფერი ნელ-ნელია. კარგია ეს კონტრასტი - სწრაფისგან ნელზე გადმოერთვები. ლონდონში სამი სტუდია ჩამოვაყალიბე, რომელიც დღემდე მუშაობს“.

  • AMBEBI.GE მწუხარებას გამოთქვამს დადა დადიანის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახსა და მუსიკალურ სამყაროს