უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე გურამ თუშიშვილი (+100 კგ) ფინალში რუს ინალ ტასოევთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა. ფინალურ შეხვედრამდე ქართველმა სპორტსმენმა ნახევარფინალში რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი, მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი თამერლან ბაშაევი სუფთა გდებით დაამარცხა.
სპორტსმენები საპრიზო ადგილებზე ლეგენდარულმა ფრანგმა ძიუდოისტმა ტედი რინერმა დააჯილდოვა. თუშიშვილმა მას ხელი არ ჩამოართვა – ბევრისთვის ეს ჟესტი ბოლო წლის დაძაბული ფონის ფონზე სიძლიერისა და პრინციპულობის გამოხატულებად იქცა.

შეგახსენებთ, გასულ ზაფხულს, პარიზის ოლიმპიურ თამაშების მეოთხედფინალში ქართველი რინერთან თანაბარ ბრძოლაში დამარცხდა, ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ ქართველ და ფრანგ ძიუდოისტს შორის ინციდენტი მოხდა, რის გამოც გურამ თუშიშვილმა 6-თვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

გურამი უკვე წლებია ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა მსოფლიო ძიუდოში. 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე მან საქართველოს ვერცხლის მედალი მოუტანა და ლაშა შავდათუაშვილისა და ვაჟა მარგველაშვილის შემდეგ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატება შემატა ქართულ გუნდს.
თუმცა, დიდ გამარჯვებამდე, თუშიშვილს არაერთი სირთულე გაუვლია. 18 წლის ასაკში მან მოიგო "დიდების საქართველო", თუმცა ევროპის ჩემპიონატამდე ტრავმა მიიღო. მიუხედავად ამისა გამგზავრებაზე უარი არ თქვა, მაგრამ ბრძოლა წააგო და ტრავმა იმდენად გაურთულდა, რომ მძიმე ოპერაცია გახდა საჭირო. ექიმებს ეჭვი ჰქონდათ, შეძლებდა თუ არა, კვლავ პროფესიონალურ სპორტში დაბრუნებას.
და მართლაც, დაუღალავი შრომის, შეუპოვრობისა და საკუთარი თავის რწმენის შედეგად მან მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა. დღეს კი მისი ვერცხლიც ოქროზე მეტად ბრწყინავს.
სპორტსმენის გვერდით – ბავშვობის სიყვარული
გურამ თუშიშვილი დაოჯახებულია. მისი მეუღლე, ფსიქოლოგი ანი პაიკიძე, სპორტსმენის ყველაზე დიდი მხარდამჭერია. წყვილს ქალიშვილი, სესილია ჰყავთ. გურამისა და ანის სიყვარულის ისტორია ბავშვობაში, კოჯორში დასასვენებლად ყოფნის დროს დაიწყო.

"ანი გაგებით ეკიდება ჩემს სპორტულ ცხოვრებას. შეკრებაზე თუ 2-3 კვირით გავდივარ, არანაირი პრობლემა არ გვაქვს. ურთიერთგაგება, მხარდაჭერა და სიმშვიდე – სწორედ ეს მეხმარება, რომ უცხო ქვეყანაში ვიყო მშვიდად და ოჯახზე არ ვინერვიულო,“ – ამბობს გურამი.
ფინალის შემდეგ ანი პაიკიძემ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა:
"შენი ვერცხლი ყოველთვის ოქროა! შენმა შრომამ, ძალისხმევამ და შეუპოვრობამ შედეგი გამოიღო – ღირსეული ადგილი და დიდი წარმატება! მრავალი გამარჯვება გელოდება მომავალში, გახდეს ეს მედალი კიდევ ერთი ნაბიჯი დიდი ოცნებებისკენ!“