შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, ტაილანდის 7 მოქალაქე დააკავეს და 10 ობიექტი დახურეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"გამოძიებით, ასევე, დგინდება, რომ აღნიშნული ობიექტების ადმინისტრატორები პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს კლიენტების მოძიებაშიც ეხმარებოდნენ, სანაცვლოდ კი ისინი ბრალდებულებს სექსუალური მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული ანაზღაურებიდან გარკვეულ თანხას უხდიდნენ.
ირკვევა, რომ აღნიშნული ობიექტების ძირითად შემოსავალს პროსტიტუციის ხელშეწყობა წარმოადგენდა.
პოლიციამ კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 7 ადმინისტრატორი დააკავა და 10 ობიექტი დახურა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას გულისხმობს“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.