ირლანდიაში მდებარე ძველ მარტოხელა დედების სახლში, რომელსაც წლების წინ მონაზვნები მართავდნენ, გათხრები დაიწყო. ადგილობრივი ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ორმოში შესაძლოა თითქმის 800 გარდაცვლილი ჩვილისა და ბავშვის ნეშტი იყოს დამარხული.
არსებობს ვარაუდი, რომ ჩვილების ნეშტი „ორმოს“ სახელით ცნობილ ჭაში ჩაყარეს, რომელიც ყოფილი ბავშვთა სახლის ტერიტორიაზე, მდებარეობს. ამის შესახებ Sky News-ს ადგილობრივმა ისტორიკოსმა კეტრინ კორლესმა განუცხადა.
კვლევის თანახმად, 1925 წლიდან 1961 წლამდე, სანამ სახლი დაიხურებოდა, იქ 798 ბავშვი გარდაიცვალა. ცნობილია, რომ მხოლოდ ორი გარდაცვლილი დაკრძალეს ახლომდებარე სასაფლაოზე. დანარჩენების ადგილმდებარეობა აქამდე არ იყო ცნობილი.
ახლა ვარაუდობენ, რომ დარჩენილი 796 ბავშვის ნეშტი, სავარაუდოდ, “ბონ სეკურის დედისა და ბავშვის სახლის“ ეზოში არსებულ ორმოშია დაკრძალული.
სახლი 1971 წელს დაანგრიეს და ამჟამად თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსია აგებული.
“ბონ სეკურის“ თავშესაფარი, დაუქორწინებელი დედებისა და მათი შვილების სამშობიარო სახლი იყო, რომელსაც კათოლიკე მონაზვნების რელიგიური ორდენი მართავდა. იქ დაუქორწინებელ ორსულ ქალებს მშობიარობისთვის აგზავნიდნენ და ერთი წლის განმავლობაში, ანაზღაურებადი შრომის სანაცვლოდ აცხოვრებდნენ.
როგორც მედია წერს, ხშირად, ქალებს ახალშობილებს ართმევდნენ და სანამ გააშვილებდნენ, მონაზვნები ზრდიდნენ. ეს ყველაფერი კი ხშირად ოჯახის ტანხმობის გარეშე ხდებოდა.
„ბონ სეკურში“ გაგზავნილი ქალები მშობიარობის შემდეგ ირლანდიის ცნობილ დაწესებულებებში, “მაგდალინელის სამრეცხაოებში“ იგზავნებოდნენ. მიიჩნეოდა, რომ ასეთი ქალები ე.წ. „დაცემული ქალები“ იყვნენ.
მაგდალინის ბოლო სამრეცხაო მხოლოდ 1990-იან წლებში დაიხურა.
“ბონ სეკურში“ მომხდარი ტრაგედიის მასშტაბები მხოლოდ 2014 წელს, კორლესის გამოძიების წყალობით გახდა ცნობილი. ახლა კი, ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ, გამომძიებელთა ჯგუფმა სასამართლო ექსპერტიზა დაიწყო.
ჩვილების ნეშტის იდენტიფიცირებას და ხელახლა დაკრძალვას სავარაუდოდ, ორ წლამდე დასჭირდება.