ავტორი:

"ბლეიზი ქართული გვარის არის და არა ქართული წარმოშობის... ჰყავს ორი შვილი, მამა მეცნიერი იყო" - რა უახლესი ცნობები მოიპოვა ქართველმა ისტორიკოსმა MI6-ის უფროსზე

"ბლეიზი ქართული გვარის არის და არა ქართული წარმოშობის... ჰყავს ორი შვილი, მამა მეცნიერი იყო" - რა უახლესი ცნობები მოიპოვა ქართველმა ისტორიკოსმა MI6-ის უფროსზე

გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის, მსოფლიოში MI6-ის სახელით ცნობილი სამსახურის უფროსად, ქართული წარმოშობის 47 წლის ბლეიზ მეტრეველი დაინიშნა. მეტრეველი პირველი ქალია, რომელიც ბრიტანეთის საგარეო დაზვერვას უხელმძღვანელებს.

  • ინფორმაცია MI6-ის უფროსად ბლეიზ მეტრეველის დანიშვნის შესახებ 15 ივნისს გამოქვეყნდა დიდი ბრიტანეთის მთავრობის საიტზე. პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ მეტრეველის "ისტორიული დანიშვნა" მოხდა იმ დროს, როცა სადაზვერვო სამსახურების მუშაობა მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს.
მეტრეველი წარმოადგენდა კემბრიჯს 2024 და 2025 წლების ქალთა ვეტერანთა ნავების რბოლაში

ბლეზ მეტრეველი, კარიერული დაზვერვის ოფიცერია, რომელიც სამსახურს 1999 წელს შეუერთდა. ის სერ რიჩარდ მურს დაზვერვის უფროსის თანამდებობაზე ოქტომბერში შეცვლის და დაზვერვის სამსახურის მე-18 უფროსი გახდება. მისი პროფესიული კარიერის დიდი ნაწილი უკავშირდება ოპერატიულ მუშაობას ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში. 47 წლის მეტრეველი ამჟამად MI6-ის Q დეპარტამენტის გენერალური დირექტორია, რომელიც ტექნოლოგიებსა და ინოვაციებზეა პასუხისმგებელი. მანამდე კი შიდა უსაფრთხოებისა და კონტრდაზვერვის სააგენტოში, დირექტორის დონის სხვა თანამდებობებს იკავებდა.

"მრავალი წლის მანძილზე ვმუშაობდი ბრიტანულ არქივებში, არაერთი ადამიანის იდენტობა დამიდგენია და როდესაც გავიგე ბრიტანეთის საგარეო დაზვერვას ქართული გვარის ადამიანი უხელმძღვანელებდა, დავინტერესდი და დავიწყე შესაბამის ბაზებში ძებნა" - გვეუბნება ცნობილი, ახალგაზრდა ისტორიკოსი ბექა კობახიძე, რომელმაც ბლეიზ მეტრეველის შესახებ მოიძია ცნობები...

ბექა კობახიძე

- ბლეიზ მეტრეველი 1977 წლის ივლისში დაიბადა, მას ტყუპისცალი ძმა ჰყავს. ასევე უფროსი და- ძმა. 1972 წელს დაბადებული ძმა, 1970 წელს დაბადებული და. ჩვენ ბლეიზის საქმიანობის შესახებ უკვე ვიცით, მისი უფროსი უფროსი ძმა - კოსტენ მეტრეველი არის HITECH ინდუსტრიაში საკმაოდ წარმატებული ბიზნესმენი. რაც შეეხება მშობლებს, მამამისი - კონსტანტინ მეტრეველია, რომელიც 1942 წელს დაიბადა უკრაინაში, ჩერნიგოვის ოლქის ქალაქ სნოვსკში.

მისი დაბადების მომენტისთვის ეს ტერიტორია გერმანული ოკუპაციის ქვეშ იყო. ეს მდებარეობს კიევიდან ჩრდილოეთით, ფაქტობრივად ბელორუსიის საზღვრისკენ, საიდანაც 2022 წელს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. როგორც ირკვევა კონსტანტინე მეტრეველის მიერ ბრიტანეთის მოქალაქეობის მიღების მოწმობა (Naturalization Certificate), გაცემული1966 წელს. აქ ძალიან საინტერესო რამ წერია: ის არის კონსტანტინე დობროვოლსკის ვაჟი, ოღონდ პოლონური წარმოშობის. არც რუსია, არც უკრაინელი, რადგან გვარი იწერება Dobrowolski, W-ს გამოყენებით.

  • ბებია და ბაბუა

ირკვევა, რომ წლების წინ ბლეიზის ბებიამ, მამის დედამ ბარბარა დობროვოლსკამ ბრიტანეთში გაიცნო ქართველი დავით მეტრეველი და 1947 წელს ცოლად გაჰყვა მას. ბარბარა გადავიდა მეტრეველის გვარზე, ასევე კონსტანტინეც (ბლეიზის მამა), მამობილის გვარზე გადავიდა. ბლეიზის მამა ამ დროს 4-5 წლის არის და ფაქტობრივად ქართველმა მამობილმა გაზარდა. ეს მამობილი 1909 წელს დაბადებული დავით მეტრეველია, რომელიც 1920-30-იან წლებში პოლონეთის არმიაში მსახურობს. პოლონეთიდან გადადის ლონდონში. გარდაიცვალა 1989 წელს, დაახლოებით 80 წლის ასაკში. ბლეიზიც მოესწრო ქართველ ბაბუა ნაცვალს, ის დაახლოებით 12 წლის იქნებოდა დავით მეტრეველის გარდაცვალების დროს.

  • მშობლები - მამა მეცნიერი

რაც შეეხება ბლეიზის მშობლებს, მამამისი, რომელიც მეტრეველის გვერდზეა გადასული, ახლაც ცოცხალია. 1942 წელს დაბადებული კონსტანტინ მეტრეველი ძალიან წარმატებული მეცნიერია, ექიმი, პროფესორია. როგორც ვიცით, ბევრ წელი ჰონკონგში მუშაობდა. ბლეიზიც გარკვეულწილად იქ გაიზარდა. ბლეიზის დედა ასევე პოლონური წარმოშობისაა - ანა ბორკოვსკა. როგორც ჩანს მშობლები გაშორდნენ, ან დედა გარდაიცვალა და მამას კონსტანტინეს 2005 წლიდან ცოლად ბრიტანელი - ფიონა ბრუკი ჰყავს.

ბლეიზის ჰყავს ორი შვილი და მისი შვილები ბლეიზის გვარზე არიან. 2000 წელს დაბადებული კონორ მეტრეველი და 2005 წელს დაბადებული - საშა ფლორენს მეტრეველი.