იმ ინფორმაციების მიხედვით, რომლებიც სხვადასხვა წყარომ გაავრცელა მას შემდეგ, რაც ისრაელმა ირანზე იერიში დაიწყო, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ოპერაცია რეალურად არ დაწყებულა 13 ივნისის ღამით ისრაელის ბომბდამშენების აფრენით - არამედ ეს დაიწყო ბევრად უფრო ადრე, ირანის ტერიტორიაზე მასშტაბური სადაზვერვო საქმიანობით.
"მოსადის" ტრიუმფი - რა როლი შეასრულა ისრაელის სახელგანთქმულმა დაზვერვამ ირანზე იერიშის მომზადებაში?" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას BBC-ის რუსულენოვანი სამსახური. მასალა მომზადებულია BBC-ის სპარსული სამსახურის მასალაზე დაყრდნობით. ორიგინალი ფარსიზე ხელმისაწვდომია აქ.
ირანის ხელისუფლებასა და უსაფრთხოების სტრუქტურებს ადრეც მიაჩნდათ, რომ ისრაელის შეღწევა ირანის ტერიტორიაზე სავსებით შესაძლებელი იყო, თუმცა ისრაელის სადაზვერვო სამსახურის, "მოსადის“ მოქმედების მასშტაბებმა და როლმა ბოლო კვირის მოვლენებში ყველა მოლოდინს გადააჭარბა.
ისრაელი იშვიათად აკეთებს კომენტარს თავისი სპეცსამსახურების საქმიანობაზე, მაგრამ ცხადია, რომ ირანზე თავდასხმის დაგეგმვაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა დონის სადაზვერვო სტრუქტურები. როგორც ჩანს, "მოსადმა“ გადამწყვეტი როლი ითამაშა სამიზნეების განსაზღვრაში და ოპერაციის მთლიანი ხელმძღვანელობის განხორციელებაში ირანის ტერიტორიაზე.
მედიის მრავალრიცხოვანი მასალები, რომლებიც ეფუძნება არაოფიციალურ წყაროებსა და ისრაელის ოფიციალური პირების კომენტარებს, მიანიშნებს, რომ თავდასხმები ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, რაკეტების საწყობებზე, სარდლობების პუნქტებზე, ასევე მიზნობრივი ლიკვიდაციები ირანის შიგნით, არის ფარული ოპერაციების შედეგი, რომლებიც დიდი ხანია მიმდინარეობს ირანის ტერიტორიაზე.
ისრაელის თავდასხმებმა არა მხოლოდ სამხედრო და ბირთვულ ობიექტებს მიაყენეს მძიმე ზიანი, არამედ გამოავლინეს ირანის სადაზვერვო შესაძლებლობების შეზღუდულობა და გამოიწვიეს დიდი დაბნეულობა ისლამური რესპუბლიკის ლიდერებში.
ირანის "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ კიბერუსაფრთხოების სექციის ბოლო განცხადებებიც სწორედ ამ კრიზისის მასშტაბებს ადასტურებს. ქვეყნის უმაღლეს ხელმძღვანელობას პირდაპირ აეკრძალა ინტერნეტთან დაკავშირებული ნებისმიერი მოწყობილობის - ტელეფონების, ლეპტოპების, სმარტ-საათებისა და სხვა ტექნიკის გამოყენება.
მსგავსი გაფრთხილება გავრცელდა მოსახლეობაშიც - მათ სთხოვეს მინიმუმამდე დაიყვანონ ნებისმიერი გაჯეტის გამოყენება. ეს მხოლოდ პრევენციული ზომა არ არის - ეს ასევე ადასტურებს, თუ რამდენად ღრმად შეღწეულია ისრაელის სპეცსამსახური ირანის სტრუქტურებში და რამდენად დაშინებულია ირანის დაზვერვა საკუთარი მოწყვლადობით.
ცნობები ამის თაობაზე თუ დადასტურდება, ეს ნიშნავს, რომ ისრაელმა არამხოლოდ მოიპოვა უაღრესად საიდუმლო ინფორმაცია, არამედ ირანის ტერიტორიაზეც კი შეძლო სამხედრო ინფრასტრუქტურის შექმნა.
ამ საქმიანობას საფუძვლად უდევს ადგილობრივი აგენტების ქსელი, სავაჭრო საფარები, ლოჯისტიკური სქემები და უახლესი ტექნოლოგიები, რამაც შესაძლებელი გახადა ბოლო დღეების შეტევების ეფექტიანად განხორციელება.
გამოცემა Warzone-ის ანალიტიკური ანგარიშისა და სხვა წყაროების თანახმად, ისრაელმა შეძლო დრონებისა და რაკეტების ნაწილის ირანში კონტრაბანდული გზებით გადატანა - სატვირთო მანქანებით ერაყიდან, სავაჭრო გადაზიდვებით და ზოგჯერ მგზავრთა ბარგითაც კი.
შეტანილი კომპონენტებში შედიოდა: ელექტრონული დეტონატორები, დახვეწილი ოპტიკური კამერები, ლითიუმის ბატარეები, მსუბუქი ძრავები, GPS-ის სისტემები და დაცული საკომუნიკაციო აღჭურვილობა.
ეს ყველაფერი შემდეგ ერთიანდებოდა და გარდაიქმნებოდა შეტევით სისტემებად ბაზებზე, რომლებიც, გავრცელებული ცნობით, "მოსადმა“ ბოლო წლებში, ირანში სხვადასხვა ადგილას შექმნა .
მაგალითად, ირანის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ქალაქ რეიში აღმოჩნდა სამსართულიანი შენობა, რომელიც გამოიყენებოდა კამიკაძე დრონების დასამზადებლად და შესანახად.
ჟურნალისტების თქმით, იქ ნახეს დრონების ნაწილები, ელექტრონული კონტროლიორები, სპეციალური 3D პრინტერი - სავარაუდოდ, დრონის დეტალების დასაბეჭდად.
2025 წლის 16 ივნისს ირანის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა საიდ მონტაზერ ალ-მაჰდიმ განაცხადა, რომ ქალაქ რეიში "მოსადის“ 2 აგენტი დააკავეს, რომელთაგან ამოიღეს 200 კილოგრამზე მეტი ასაფეთქებელი ნივთიერება, ასევე 23 დრონისთვის განკუთვნილი კომპონენტები, გამშვები მოწყობილობები და ერთი Nissan-ის მანქანა.
ისპაჰანში, სადაც მდებარეობს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბირთვული ობიექტი, პოლიციის ხელმძღვანელის მოადგილემ განაცხადა, რომ აღმოაჩინეს სახელოსნო, სადაც ინახებოდა დრონებისა და მიკრო თვითმფრინავების ნაწილები.
არსებული ცნობებით, ტექნიკის ნაწილი 3D ბეჭდვით იქმნებოდა.
BBC-ს არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაამოწმოს ეს მონაცემები. თუმცა წარსულშიც ყოფილა შემთხვევები, როცა ირანმა ცრუ ბრალდებებით დააკავა საკუთარი მოქალაქეები და მოგვიანებით იძულებული გახდა ეღიარებინა მათი უდანაშაულობა.
ისრაელის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად ირანში ჩაშენებული დისტანციურად მართვადი მსუბუქი სარაკეტო სისტემები სახელდება. ამ სისტემების დახმარებით, რაკეტების გაშვება უშუალოდ ირანის შიგნიდან, ოპერატორების გარეშე ხდებოდა.
ირანულმა მედიამ გაავრცელა ფოტოები რაკეტა Spike-ის ფრაგმენტებით - ეს სისტემა ისრაელშია წარმოებული და აღჭურვილია დისტანციური მართვის მექანიზმებით. Press TV-მ საკუთარ "ტელეგრამ არხში" დაწერა, რომ ეს სისტემები ინტერნეტით იმართებოდა.
კამერებით და თანამგზავრული ანტენებით აღჭურვილი სისტემები დაყენებული იყო სამფეხა პლატფორმებზე, რაც რაკეტის მართვას რეალურ დროში შესაძლებელს ხდიდა. Spike-ს შეუძლია 25 კმ-ზე მეტ მანძილზე მიზნის დაზიანება, ასევე მიზნის შეცვლა ფრენისას.
ოპერაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ირანის საჰაერო თავდაცვითი სისტემების განეიტრალება მანამ, ვიდრე მასობრივი თავდასხმების ტალღა დაიწყებოდა.
ამისთვის ისრაელმა გამოიყენა დრონები, ლოკალურად განლაგებული რაკეტები და რადიოელექტრონული ბრძოლის მეთოდი, რაც მიზნად ისახავდა რადარების "დაბრმავებას“, საწყობების განადგურებას და უსაფრთხო საჰაერო დერეფნების შექმნას.
სპეციალიზებული სამხედრო საიტების ცნობით, ოპერაციის პირველ საათებში ერთდროულად იმოქმედა რამდენიმე ჯგუფმა.
სამიზნე გახდა რადიოლოკაციური სადგურები. არსებული ინფორმაციით, ზოგიერთ რაიონში ანტენების დაზიანებისა და ოპტიკურ-ბოჭკოვანი კავშირის ხაზების განადგურების შედეგად, დაირღვა კავშირი ირანის საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფებსა და სარდლობის ცენტრს შორის.
ისრაელის მედიის ცნობით, თავდასხმების პირველ დღეს, უსაფრთხოების სამსახურების წყაროებზე დაყრდნობით ითქვა, რომ "მოსადის“ სპეციალური დანაყოფების მებრძოლებმა შეძლეს ირანის ტერიტორიაზე შეღწევა და მაღალი სიზუსტის მართვადი რაკეტების განთავსება ირანული საჰაერო თავდაცვის სისტემების მახლობლად.
ისრაელურმა გაზეთმა Yedioth Ahronoth-მა ასევე დაწერა, რომ ეს კომბინირებული თავდასხმები მიზანმიმართული იყო არა მხოლოდ საჰაერო თავდაცვის სისტემების "დაბრმავებაზე“, არამედ ირანის სარაკეტო შესაძლებლობების განადგურებაზეც. შესაბამისად, როგორც ჩანს, ისრაელმა პირველი დარტყმა მიაყენა არა გამანადგურებელი თვითმფრინავების მეშვეობით, არამედ იმ საშუალებებით, რომლებიც ფარულად იყო განთავსებული ირანის ტერიტორიაზე.
ზოგადად, ისრაელი იშვიათად ავრცელებს ინფორმაციას უცხო ქვეყნებში ჩატარებული თავისი სადაზვერვო ან დივერსიული ოპერაციების შესახებ და არც ადასტურებს და არც უარყოფს მედიაში გავრცელებულ ცნობებს. თუმცა ბოლო წლების განმავლობაში ქვეყნის რამდენიმე მაღალჩინოსანმა საჯაროდ აღიარა ისრაელის სპეცსამსახურების მონაწილეობა ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ რიგ ოპერაციებში.
ოპერაციის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენდა ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსისა და არმიის სარდლების ლიკვიდაცია, რაც მიზნად ისახავდა სამხედრო მმართველობის პარალიზებას, ბრძანებების გაცემის შეწყვეტას და რეაგირების შეფერხებას.
პირველივე საათებში განხორციელდა დარტყმები სარდლების ოფისებსა და საცხოვრებელ ადგილებზე, მათ შორის Spike-ის სისტემების გამოყენებით. მსგავსი თავდასხმები სამხედრო თანამდებობის პირებზე გაგრძელდა მომდევნო დღეებშიც.
აშშ-ის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე სპეციალიზებული ანალიტიკური ცენტრი Hudson Institute თავის ანგარიშში ასკვნის, რომ ისრაელის დაზვერვითი და ოპერატიული შეღწევა ირანში შესაძლებელი გახდა "მრავალწლიანი უწყვეტი მზადების, სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვებისა და მოწინააღმდეგეზე მისივე ტერიტორიიდან რეალურ დროში დაკვირვების, ასევე ღრმა ოპერატიული ინფილტრაციის“ შედეგად.
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ "მოსადის“ მიერ ჩატარებული ოპერაციები, როგორც ჩანს, მოიცავდა ღრმა და წინასწარ დაგეგმილ პოლივექტორულ ქმედებებს - დაწყებული დაზვერვიდან, დასრულებული რეალური ლიკვიდაციით. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ისრაელის მიერ შიგნიდან ჩატარებული შეტევები, რომელთა სირთულე და კოორდინაცია უპრეცედენტოა, გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილი იყო და არა მხოლოდ მოკლევადიანი ტაქტიკური რეაქცია.
ისრაელის ოპერაციებმა შეარყია ირანის სამხედრო და დაზვერვითი სისტემა არა მხოლოდ ტექნიკურად, არამედ ფსიქოლოგიურადაც, რაც უფრო მტკივნეულია ავტორიტარული რეჟიმებისთვის, რომელთათვისაც კონტროლის დაკარგვის პრეცედენტი შეიძლება აღმოჩნდეს ბევრად უფრო საშიში, ვიდრე ფიზიკური ზიანი...
იხილეთ ასევე: