საერთაშორისო მესენჯერ Telegram-ის დამფუძნებელმა პაველ დუროვმა განაცხადა, რომ მისი თითქმის 14 მილიარდი დოლარის ქონების მემკვიდრე გახდება ის 100-ზე მეტი ბავშვი, რომელთა მამაც თავად არის.
"ყველა მათგანი ჩემი შვილია და ყველას ერთი და იგივე უფლებები აქვს! არ მინდა, რომ ჩემი გარდაცვალების შემდეგ ერთმანეთს გადაეკიდონ", - განაცხადა დუროვმა ფრანგულ გამოცემა Le Point-თან ინტერვიუში.
დუროვმა თქვა ისიც, რომ ოფიციალურად ჰყავს ექვსი შვილი სამი სხვადასხვა ქალისგან. თუმცა დაამატა, რომ იმ კლინიკაში, სადაც 15 წლის წინ სპერმა ჩააბარა მეგობრის დასახმარებლად, მას უთხრეს, რომ ამ სპერმის საშუალებით 12 ქვეყანაში 100-ზე მეტი ბავშვი ჩაისახა.
ტექნო-ბიზნესმენი, რომელმაც რუსეთი დატოვა, ასევე აცხადებს, რომ მის შვილებს მემკვიდრეობაზე წვდომა 30 წლის განმავლობაში არ ექნებათ.
"მინდა, რომ მათ იცხოვრონ, როგორც ჩვეულებრივმა ადამიანებმა, თავად შექმნან საკუთარი ცხოვრება, ისწავლონ საკუთარ თავის იმედად არსებობა და არ იყვნენ დამოკიდებული საბანკო ანგარიშზე", - ამბობს ინტერვიუში დუროვი.
BBC-მ კომენტარისთვის თავად დუროვს მიმართა. 40 წლის მილიარდერმა გამოცემას უპასუხა, რომ უკვე შეადგინა ანდერძი, რადგან მისი საქმიანობა რისკებთან არის დაკავშირებული. "თავისუფლების დაცვა ბევრ მტერს გიჩენს, მათ შორის ძალიან ძლიერ ქვეყნებსაც", - ამბობს ის.
დუროვის მიერ შექმნილ Telegram-ს, ყოველთვიურად მილიარდზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.
დუროვმა კვლავ უარყო ყველა ბრალდება, რომელიც მის მიმართ საფრანგეთშია წარდგენილი: გასულ წელს იგი დააკავეს ეჭვის საფუძველზე, რომ არადაკმაყოფილებლად ხორციელდებოდა მოდერაცია მესენჯერში, რაც შესაძლებელს ხდიდა გამოეყენებინათ ის კრიმინალური მიზნებისთვის.
დუროვი აცხადებს, რომ თანამშრომლობს სამართალდამცავ ორგანოებთან ნარკოტიკების გავრცელების, ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის შემცველი მასალებისა და თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლაში. თავად მესენჯერიც უარყოფს ბრალდებას, რომ მოდერაცია არასათანადოა.
ინტერვიუში Le Point-თან, დუროვმა ეს ბრალდებები "სრულად აბსურდულად“ შეაფასა.
"ის ფაქტი, რომ კრიმინალები ჩვენს აპლიკაციას იყენებენ სხვა ბევრ პლატფორმასთან ერთად, არ ხდის მის ადმინისტრატორებს დამნაშავეებად", - თქვა მან.
დუროვი რუსეთშია დაბადებული და დუბაიში ცხოვრობს, სადაც განლაგებულია Telegram-ის სათავო ოფისიც, თუმცა საფრანგეთში დაკავების შემდეგ, მას ამ ქვეყანაში დარჩენა უწევს. დუროვს აქვს საფრანგეთისა და არაბთა გაერთიანებული საემიროების ორმაგი მოქალაქეობა.