ავტორი:

"სიგანეში შევიცვალე... მშობიარობის შემდეგ ვერა და ვერ დავიკელი, დავიწყეთ წონასთან დაუნდობელი ბრძოლა" - რა შეცვალა ნინო მუმლაძის ცხოვრებაში დედობის პირველმა წელმა

"სიგანეში შევიცვალე... მშობიარობის შემდეგ ვერა და ვერ დავიკელი, დავიწყეთ წონასთან დაუნდობელი ბრძოლა" - რა შეცვალა ნინო მუმლაძის ცხოვრებაში დედობის პირველმა წელმა

მსახიობი ნინო მუმლაძე, დედობის ერთი წლის გამოცდილებას აჯამებს. ჟურნალ "სარკესთან" გულახდილ ინტერვიუში ნინო საუბრობს იმ მოულოდნელ სიხარულზე, გამოწვევებსა და ცვლილებებზე, რაც მას შემდეგ დაეწყო, რაც დედა გახდა. ინტერვიუში იგი ხაზს უსვამს, რომ დედობა სრულიად განსხვავებული გამოცდილებაა, რომელიც ყოველგვარ წინასწარ წარმოდგენას ცვლის და მხოლოდ პრაქტიკით ისწავლება

- უკვე ფეხის ადგმამდე მოვედით. როგორც კი ერთი წლის გახდა, დამოუკიდებლად გაიარა. ძალიან დიდი სიხარული ყოფილა, როდესაც შენი ბიჭი დამოუკიდებლად დგამს ნაბიჯებს, მაგრამ რომ მეგონა, გაივლის და აღარ დასჭირდება თვალყურის დევნება-მეთქი, პირიქით აღმოჩნდა. ყველგან დაძვრება და ყველაფერზე ადის.

ერთი იმას მივხვდი, რომ, რა ასაკშიც უნდა გააჩინო შვილი და რაც უნდა ცოდნა დაკვირვება გქონდეს, სანამ უშუალოდ შენ თვითონ არ გახდები დედა, ვერ მიხვდები რეალურად რასთან გაქვს საქმე. ეს ისეთი რამეა, რასაც პრაქტიკის გარდა ვერაფერი გასწავლის. დედობას აქვს, რა თქმა უნდა, თავისი სირთულეები, მაგრამ აქვს ისეთი დიდი ბედნიერება, რომ ყველაფერს გადაწონის. აქამდე როგორ ვიცხოვრე, არ ვიცი. ყოველთვის მიყვარდა ბავშვები, ყოველთვის მსიამოვნებდა მათთან ურთიერთობა, მაგრამ საკუთარი შვილი მაინც სულ სხვა ყოფილა.

- რას ატყობთ, როგორ შეიცვალეთ მას შემდეგ, რაც დედა ხართ?

- პირველ რიგში, სიგანეში შევიცვალე, მშობიარობის შემდეგ ვერა და ვერ დავიკელი. ახლა გადავწყვიტე, ისევ მივმართე ჩემს ენდოკრინოლოგს და დავიწყეთ წონასთან დაუნდობელი ბრძოლა. ორსულობის შემდეგ ქალები ან სუქდებიან, ან ხდებიან, მე კი ისეთი არ აღმოვჩნდი, გავმხდარიყავი. პირიქით, მიხარია ვჭამ, განვიცდი ვჭამ. ამიტომაც არ მიკვირს, რომ დედობის პირველმა წელმა გამასუქა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, მე ვიყავი ადამიანი, რომელიც თვლიდა, რომ დილით 11 საათამდე ვერავინ და ვერაფერი გააღვიძებდა. ახლა უკვე დილის 8 საათზე ისე წამოვხტები ლოგინიდან, გეგონება, მთელი ცხოვრება ამ რეჟიმზე ვარ. სანამ მშობელი არ გახდები, მანამდე ვერასოდეს იფიქრებ, რისი გადალახვა მოგიწევს და რა სიძლიერეს გამოიჩენ. საკუთარ შვილთან ურთიერთობა იმხელა ემოციაა, ყველაფრად ღირს.

- პოსტ მშობიარობის დეპრესიაც ხომ არ გამოიარეთ?

- ასე ოფიციალურად დეპრესიას ვერ დავარქმევდი, არც ექიმისთვის მიმიმართავს, მაგრამ სტრესული მომენტები მძაფრად იყო. მე გამიმართლა იმ თვალსაზრისით, რომ დედამ და დეიდამ ძალიან შემიწყვეს ხელი, მათ გარეშე ნამდვილად ვერ გავუმკლავდებოდი. სამსახურში რომ გავედი, მით უმეტეს, მშვიდად ვიყავი, რომ ბავშვს დედაჩემს ვუტოვებდი.

თვეების განმავლობაში პრაქტიკულად ღამეები არ მეძინა. ჩემი ოჯახიდან ხელშეწყობა რომ არ მქონოდა, ალბათ გავრეკავდი. სულ ჩემზე იყო ბავშვი მოწებებული, სულ ტიროდა, ერთი საათი ვაძინებდი და 15 წუთში იღვიძებდა. საბედნიეროდ, ეს პერიოდი მხოლოდ რამდენიმე თვე გაგრძელდა.

- გაგიჭირდათ პირველად თეატრში გასვლა?

- სხვათა შორის, ძალიან გამიჭირდა, რადგან ჯერ ხშირად ვაცნობიერებ, თუ რამხელა პასუხისმგებლობაა შვილის გაზრდა. ის არ არის არც სათამაშო და არც შენი კიდევ ლაქტაციაზე იყო. როგორც კი გავედი თეატრში, აღმოჩნდა, რომ ძალიან მოკლე დროში. უნდა დაგვედგა ახალი სპექტაკლი, ამიტომ დილიდან დაღამებამდე იქ მიწევდა ყოფნა. ბავშვთან მიჯაჭვულობის გამო ემოციურად ძალიან გამიჭირდა. მეც მიჭირდა და ბავშვსაც, ამიტომაც იყო, ღამე რომ ვბრუნდებოდი და მივუწვებოდი ლოგინში, იმის ნაცვლად, რომ დაეძინა, ჩემთან ურთიერთობა უნდოდა და ძალით იფხიზლებდა თავს. მთელი დღე ვმუშაობდი, ღამე არ მეძინა, ეს ყველაფერი ძალიან სტრესული იყო.

- როგორი ხასიათის არის რონი?

- ძალიან მოძრავი და ენერგიულია, სულ ბურთს დასდევს. პროფესიონალი ფეხბურთელივით მიზანმიმართულად ურტყამს ბურთს ფეხს.

- თეატრის სცენაზეც ხომ არ დადგა ფეხი უკვე?

- სცენაზე მხოლოდ ერთხელ, ფოტოსესია მოვუწყვე ერთი წლის იუბილესთან დაკავშირებით. შეიძლება ითქვას, სცენის მტვერი უკვე ჩაყლაპული აქვს.

- რაში გგავთ ყველაზე მეტად?

- პირველ რიგში, დაძინების პრობლემაში. აღმოჩნდა, რომ ბავშვობაში დედაჩემს მეც ძალიან ვტანჯავდი დაძინების დროს. უბრალოდ, რონი ჩემგან განსხვავებით არა მარტო არ იძინებს, არც ისვენებს, სულ მოძრაობაშია. გარეგნულად, ვერ ვიტყვი, დედის ან მამის ასლია-მეთქი. თავიდან, რომ დაიბადა, მამას უფრო ჰგავდა სახით. რაც წამოიზარდა, მე მემსგავსება. ჩემი ბავშვობის ფოტოებში ძალიან მგავს. ხანდახან დედაჩემსაც მაგონებს ხოლმე. მოკლედ, თავისი თავის ტიპია და ინდივიდუალურია. ჯიუტია, მაგრამ ჯიუტები ყველანი ვართ მის გარშემო.

- აღზრდის როგორი მეთოდები გაქვს?

- გაცნობიერებული მაქვს რომ ბიჭი მყავს და ყველანაირად უნდა ვეცადო, რომ დედიკოს ბიჭი არ იყოს. დედაჩემს ხშირად ვეჩხუბები ხოლმე, ნუ ზრუნავს გადამეტებულად. ის ტიპური ბებიაა, ვითომ ბავშვს სულ სცივა და სულ შია. როგორც კი დედა გავხდი,

რა წარმოდგენები მქონდა იმის შესახებ, თუ როგორი დედა შეიძლებოდა ვყოფილიყავი, აბსოლუტურად ამოყირავდა. მივხვდი, რომ ვერაფერს დაგეგმავ, მომავალში როგორ მოიქცევი. ყველა ბავშვი არის ინდივიდუალური. ერთადერთი ვიცი, მე ყოველთვის ხელს შევუწყობ, რომ მისი ინტერესები და ემოციები იყოს დაკმაყოფილებული. ბევრი ქალი თვლის, რომ არ არის საჭირო ბევრი შრომა და წვალება. საკმარისია, მდიდარ კაცზე გათხოვდე და ცხოვრება აიწყო. მე კი ეს აზრი თავში არასოდეს გამივლია. მინდა, რომ ჩემი შვილიც ასეთი მენტალობით გაიზარდოს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი ჰქონდეს.