უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე, შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრებმა ფინალში სამხრეთ კორეის ნაკრები 4:1 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ძიუდოს გუნდური ჩემპიონატი შერეული გუნდით ტარდება (სამი მამაკაცი, სამი ქალი), საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონობა პირველად მოიპოვა (ქართველი ძიუდოისტები ორჯერ ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ), მანამდე ზედიზედ შვიდჯერ იაპონიის ნაკრებმა პირველობა არავის დაუთმო.
შეგახსენებთ, რომ მერვედფინალში ქართველმა ძიუდოისტებმა ჩინეთის ნაკრები 4:1 დაამარცხეს, მეოთხედფინალში იტალიას 4:0 მოუგეს, ნახევარფინალში კი მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს, იაპონიას 4:2 სძლიეს.
"ვულოცავ ჩვენს გუნდს, ვულოცავ მთელ საქართველოს და ყველას, ვინც პესიმისტურად იყო განწყობილი და ჩვენი არ სჯეროდა" - ეს სიტყვები გამარჯვების შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა თქვა.
"ბედნიერები ვართ. გუშინაც მძიმე ბრძოლები მომიწია, დღესაც არ იყო მარტივი, მაგრამ როდესაც ამ გოგო-ბიჭებს ვუყურებდი, უფრო დიდი მოტივაცია მეძლეოდა. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ გუნდის გულშემატკივარი გაგვეხარებინა" - თქვა გუნდის კაპიტანმა გურამ თუშიშვილმა.
"პირველ რიგში მადლობა უფალს. ზოგჯერ უფალი განახებს რა შეგიძლია და რა გჭირდება, რომ შენ იყო მაგრად. ძიუდო ისეთი სპორტია ხდება ხოლმე გაუთვალისწინებელი მარცხი, მაგრამ მენტალურად ძლიერად უნდა დარჩე. მადლობა ღმერთს, რომ ქართველებად დაგვბადა და შეგვაძლებინა ისეთი რაღაც, რაც არავის არ აქვს არასდროს გაკეთებული" - თქვა ლაშა ბექაურმა.
გამარჯვების ზეიმს ქართული ცეკვის გარეშე არ ჩაუვლი. ნაკრების წევრებმა აჭარულიც იცეკვეს.
ცნობისთვის, დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე, ინდივიდუალურ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოთხი მედალია - ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა, ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ) ვიცე-ჩემპიონები გახდნენ, ლუკა მაისურაძემ (90 კგ) კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.