90-იან წლებში საქართველოში ნამდვილი ბუმი დაიწყო: ბავშვებიც და მოზრდილებიც გატაცებით აგროვებდნენ „Love is…“ საღეჭი რეზინის სურათებიან ფურცლებს. ფოტოებზე მულტფილმის შეყვარებული წყვილი - ქერა გოგონა და შავგვრემანი ბიჭი იყო გამოსახული. ჩვენ მოგიყვებით, ვინ იყვნენ რომანტიკული ნახატების პროტოტიპები და რატომ აღმოჩნდა მათი სიყვარული ტრაგიკულად ხანმოკლე. ნიჭიერი მხატვრის, კიმის და მისი მეუღლის, რობერტოს ისტორიამ საღეჭი რეზინის ფურცლებზე ამაღელვებელი სიუჟეტები შემოგვინახა.
ახალზელანდიელი მხატვარი
ეს ისტორია 60-იანი წლების ბოლოს იწყება, როდესაც დასავლეთში ჰიპების კულტურა ყვაოდა. თავისუფლების იდეა სულ უფრო პოპულარული ხდებოდა: ჰიპები ნებისმიერი ომის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, პაციფიზმსა და სიყვარულს ქადაგებდნენ. მათი მიმდევარი იყო ახალზელანდიელი მხატვარი კიმ გროუვი. როგორც კი გოგონა 19 წლის გახდა, სამოგზაუროდ გაეშურა – მიზანი სიყვარულის ძიება იყო. რა თქმა უნდა, ხატავდა ყველაფერს, რაც გზად შეხვდებოდა.
რამდენიმე წლის შემდეგ, ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ სათხილამურო კლუბში, კიმი იტალიელ ინჟინერ რობერტო კაზალის შეხვდა. გოგონას მაშინვე შეუყვარდა სერიოზული და სიმპათიური ახალგაზრდა მამაკაცი. რობერტო კი თავიდან თითქმის ვერ ამჩნევდა მორიდებულ, წყნარ გოგონას. ისინი უბრალოდ მეგობრებად რჩებოდნენ.
რობერტომ იმის გაცნობიერება, რომ კიმი მისთვის უბრალო მეგობარზე მეტი იყო, მას შემდეგ დაიწყო, რაც მხატვარმა მისთვის მულტფილმის სიუჟეტების ხატვა დაიწყო, რომელსაც რესტორნის ხელსახოცებსა და საფოსტო ბარათებზე უტოვებდა.
ქერა გოგონა და შავგვრემანი ბიჭი – თავად კიმი და რობერტო – მის ნახატებში სხვადასხვა ყოფით სიტუაციაში ხვდებოდნენ, რასაც კიმი თავისი სიყვარულის გამოსახატად იყენებდა. თითოეულ ასეთ სურათს ჰქონდა წარწერა: „Love is…“ – „სიყვარული ეს არის…“
მალე მორიდებულმა გოგონამ რობერტოს გული დაიპყრო. მამაკაცი გულგრილი ვერ დარჩა მისი ნაზი და ასეთი უჩვეულო აღიარებების მიმართ. წყვილმა შეხვედრები დაიწყეს. რობერტო აღფრთოვანებული იყო საყვარელი ქალის ამაღელვებელი ნახატებით. კიმი კი სულაც არ თვლიდა თავს ნიჭიერად, ნახატები მხოლოდ საყვარელი ადამიანის გულის მოგებაში ეხმარებოდა.
რობერტო საყვარელ ბარათებს ფასდაუდებელ საჩუქრად მიიჩნევდა და ყველას ინახავდა. ერთ დღეს ნაცნობ ჟურნალისტს ესაუბრა და კიმის რამდენიმე ნახატი გაზეთ „ლოს-ანჯელეს თაიმსში“ დაიბეჭდა. კომიქსებმა საზოგადოება მოხიბლა. ახალზელანდიელ მხატვარზე მთელ ქვეყანაში ალაპარაკდნენ. კიმ გროუვი პოპულარული და წარმატებული გახდა: მისი ნახატები გამოჩნდა ჭიქებზე და ბლოკნოტებზე, კალენდრებსა და მაისურებზე, ამშვენებდა ხელსახოცებს, ღია ბარათებს. უშვებდნენ მაგნიტებს ცნობილი შეყვარებული წყვილის სახით.
გვირილების გვირგვინი
კიმის და რობერტოს ისტორია გრძელდებოდა და „Love is…“ კომიქსების თაყვანისმცემლებს შეეძლოთ თვალყური ედევნებინათ შეყვარებულების ცხოვრებაში მომხდარი ყველა მოვლენისთვის. რობერტომ მხატვარს ხელი სთხოვა და ის რა თქმა უნდა, დათანხმდა. ქორწილი ახალ ზელანდიაში გაიმართა.
დახატული ორეულები
შემდეგ ოჯახმა ძაღლი შეიძინა – და მულტფილმის პერსონაჟებიც ამიერიდან ოთხფეხა მეგობართან ერთად იყვნენ გამოსახულნი. წყვილს ორი ვაჟი შეეძინა, ცხოვრება უფრო რთული და დაძაბული გახდა, მაგრამ ამავე დროს – უფრო ბედნიერი. კიმი საგულდაგულოდ გადაჰქონდა ქაღალდზე ყველაფერი, რაც მათ თავს ხდებოდა: დახატული ბიჭი და გოგონა მასთან და რობერტოსთან ერთად მიდიოდნენ ცხოვრების გზაზე, იმეორებდნენ მათ ყოველ მოძრაობას, თითქოს ცალკე ცხოვრებით ცხოვრობდნენ.
რობერტო კაზალი არ წყვეტდა გაკვირვებასა და სიხარულს იმით, თუ რა ბედნიერება მოუტანა მას ბედმა მორიდებული ახალზელანდიელი ქერა ქალის სახით. ის სავსე იყო მისწრაფებით, დაეცვა და დაეფასებინა როგორც თავად კიმი, ასევე მისი ნიჭი. 1972 წელს რობერტომ შექმნა კომპანია „Minikim“ და დაიწყო კომიქსების „Love is…“ გამოცემა. ისინი სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენდნენ, მათ უკვე მსოფლიოს 50 ქვეყანაში ყიდულობდნენ.
საშინელი დიაგნოზი
შემდეგ კი შეყვარებული წყვილის ცხოვრებაში ბზარი გაჩნდა. რობერტოს კიბო აღმოაჩნდა, თანაც ბოლო სტადიაში. ექიმებმა ახალგაზრდა მამაკაცის გადარჩენა ოპერაციით სცადეს. მაგრამ ამან არ უშველა. რობერტო სულ უფრო ცუდად გრძნობდა თავს. კიმს კომიქსებისთვის დრო აღარ ჰქონდა. ის ღამეებს კლინიკაში ატარებდა, საყვარელი ადამიანის გვერდით, რომელიც მის თვალწინ ქრებოდა.
მაგრამ მხატვარს არ შეეძლო მულტფილმის ორეულების მიტოვება – მას ეგონა, რომ თუ დახატულ წყვილს ყველაფერი კარგად ექნებოდა, მაშინ რაღაც მისტიკური გზით მისი და რობერტოს ცხოვრებაც დალაგდებოდა, ყველაფერი დაბრუნდებოდა, ჯანმრთელობაც და სიხარულიც. კიმმა სთხოვა ინგლისელ ანიმატორ ბილ ესპრის, აეღო საკუთარ თავზე ახალი ნახატების შექმნა.
როდესაც გაირკვა, რომ რობერტოს გადარჩენა შეუძლებელი იყო, კიმმა საყვარელ ადამიანს კიდევ ერთი შვილი სთხოვა: მას სურდა, რომ ქმრის პატარა ასლი სამუდამოდ დარჩენილიყო მასთან. რობერტოს გენეტიკური მასალა გაყინეს, თავად კი აგრძელებდნენ სიცოცხლისთვის ბრძოლას.
სიყვარული, რომელმაც სიკვდილი დაამარცხა
მძიმე დარტყმისგან ძლივს გამოკეთებულმა კიმმა გადაწყვიტა გამოეყენებინა შესაძლებლობა, რაზეც მეუღლესთან ერთად წინასწარ იზრუნა. რობერტოს დაკრძალვიდან 16 თვის შემდეგ, მათი უმცროსი ვაჟი დაიბადა. კიმმა ბიჭს მილო დაარქვა და ახალი ნახატი დახატა – მასზე ეტლში მჯდომი ბავშვით იყო გამოსახული.
მათმა უმრავლესობამ, ვინც „Love is…“ კომიქსებს შეეჩვია, ამ ფაქტმა ძალიან გაახარათ. მაგრამ იყვნენ ისეთებიც, ვინც მის საქციელს გმობდა. ძირითადად, ესენი იყვნენ რელიგიური მოღვაწეები: მათი აზრით, გარდაცვლილი მამისგან ბავშვის დაბადება ეწინააღმდეგება ქრისტიანული მორალის ნორმებს. კიმ კაზალიმ ვატიკანის მსახურების კრიტიკას თავმდაბლად და მოკლედ უპასუხა:
„მილო აქ არის დედისა და მამის სიყვარულის წყალობით. თუ ვინმე ამას გმობს, ეს ნიშნავს, რომ სამყარომ პროპორციის გრძნობა დაკარგა. ქმარი რომ ცოცხალი ყოფილიყო, მილო ქორწინებაში ჩაისახებოდა. რას ცვლის რობერტოს სიკვდილი?“
მალე კიმი შვილებთან ერთად ავსტრალიაში გადავიდა. იქ ის ჯიშიანი ცხენების მოშენებით იყო დაკავებული 1998 წლამდე – სიკვდილამდე. შეყვარებულების ნახატებს ის აღარ ხატავდა – ამით ბილ ესპრი იყო დაკავებული, რადგან „Love is…“ კომიქსების პოპულარობა აგრძელებდა ზრდას.
თურქული საღეჭი რეზინები
საინტერესოა, რომ ბილ ესპრიმ დიდხანს არ იცოდა, რომ თურქეთში საღეჭი რეზინი გამოდიოდა, სახელწოდებით „Love is…“ კომიქსებიანი ფურცლებით. ეს მხოლოდ 2008 წელს გაირკვა. საავტორო უფლებებთან დაკავშირებული საკითხები რამდენიმე წლის განმავლობაში სასამართლო დავა მიმდინარეობდა. საბოლოოდ, ყველა პრობლემა მოგვარდა და ახლა საღეჭი რეზინის გამოშვება განახლდა – ოფიციალური საავტორო უფლებებით.
დღესაც შეგიძლიათ შეიძინოთ „Love is…“ კომიქსები, რომლებზეც ისევ ის მომხიბვლელი წყვილია გამოსახული. თუმცა მათი პროტოტიპები უკვე აღარ არიან ცოცხლები, ნახატების გმირები კვლავაც გვახსენებენ: სიყვარული ყველგანაა, რაც ჩვენ გარშემოა და უნდა დავაფასოთ ის ადამიანები, ვინც გვიყვარს.