საქართველოში ახალგაზრდები უკეთეს მომავალს იმსახურებენ, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
"მე მათე დევიძის, სხვა მრავალი დაკავებული აქტივისტისა და პოლიტიკოსის შესახებ უკვე ვისაუბრე. ეს ძალიან სამწუხაროა, განსაკუთრებით ახალგაზრდების შემთხვევაში, 21 წლის ახალგაზრდა, ეს უბრალოდ ბავშვია.
ეს ნამდვილად გულდასაწყვეტია, საქართველოში ახალგაზრდები უკეთეს მომავალს იმსახურებენ. განსაკუთრებით ახალგაზრდები, რომლებიც ერთგული მოქალაქეები არიან და ძალიან ვწუხვარ, რომ საუკეთესო ახალგაზრდა და ჭკვიანი ადამიანები სწავლის, მუშაობისა და ქვეყნის განვითარებაში წვლილის შეტანის ნაცვლად, ცხოვრების საუკეთესო დროს ციხეში ატარებენ. ეს ნამდვილად გულდასაწყვეტია“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
ცნობისთვის, მათე დევიძე 19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას სხვებთან ერთად პოლიციელის დაუმორჩილებლობასა და წვრილმანი ხულიგნობის ჩადენას ედავებოდნენ, თუმცა 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, როცა ის იზოლატორიდან უნდა გაეშვათ, მუხლი შეუცვალეს. მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.