ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაცია (AEOI) გმობს ამერიკის "საშინელ თავდასხმას“ ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე. ორგანიზაცია ასევე აკრიტიკებს საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს (IAEA) "გულგრილობისა და თანამონაწილეობის“ გამო.
AEOI მოუწოდებს მსოფლიო საზოგადოებას, დაგმონ თავდასხმები და "მხარი დაუჭირონ ირანის კანონიერ პოზიციას“.
გარდა ამისა, ირანის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა ადგილობრივ მედიასთან დაადასტურა, რომ ფორდოუს ნაწილი მტრის საჰაერო დარტყმის ქვეშ მოექცა, "თუმცა სერიოზულად არ დაზიანებულა".
"ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრმა, ირანის მშვიდობიან ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმით უხეშად დაარღვია გაეროს ქარტია, საერთაშორისო სამართალი და ბირთვული იარაღის გავრცელების შესახებ შეთანხმება. დღეს დილით მომხდარი მოვლენები აღმაშფოთებელია და სამუდამო შედეგებს მოიტანს.
გაეროს თითოეული წევრი შეშფოთებული უნდა იყოს ამ უკიდურესად საშიში, უკანონო და დანაშაულებრივი ქმედების გამო. გაეროს ქარტიისა და მისი დებულებების შესაბამისად, რომლებიც თავდაცვის მიზნით ლეგიტიმური რეაგირების საშუალებას იძლევა, ირანი იტოვებს ყველა ვარიანტს თავისი სუვერენიტეტის, ინტერესებისა და ხალხის დასაცავად", - წერს საგარეო საქმეთა მინისტრი.
სხვა ოფიციალური კომენტარები უმაღლეს დონეზე ირანში ამ დრომდე არ გაკეთებულა.
შეტევა განხორციელდა ფორდოუზე, ისპაჰანსა და ნატანზიზე, რომლებიც ირანის ბირთვული ამბიციების ცენტრებს წარმოადგენენ.დონალდ ტრამპა ოპერაციას წარმატებული უწოდა.
"დავასრულეთ ძალიან წარმატებული თავდასხმა ირანში, სამ ბირთვულ ობიექტზე, მათ შორის ფორდოზე, ნატანზსა და ისპაჰანში", - დაწერა ტრამპმა.
მან მიულოცა ამერიკელ მებრძოლებს.
"მსოფლიოში არ არსებობს სხვა არმია, რომელიც ამის გაკეთებას შეძლებდა. ახლა მშვიდობის დროა!“, - წერს ტრამპი.