თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები - რა გამოჩნდა ირანის ფორდოს ბირთვულ ობიექტზე აშშ-ის საჰაერო დარტყმებამდე

თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები - რა გამოჩნდა ირანის ფორდოს ბირთვულ ობიექტზე აშშ-ის საჰაერო დარტყმებამდე

აშშ-ს თავდაცვის კონტრაქტორმა კომპანია "Maxar Technologies"-მა თანამგზავრის გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებიც ირანის ფორდოს ბირთვულ ობიექტს ასახავს აშშ-ის საჰაერო დარტყმებამდე.

აშშ-ის თავდასხმამდე ორი დღით ადრე, Maxar-ის სატელიტურმა ფოტოებმა ირანის ფორდოს ბირთვულ ობიექტთან საეჭვოდ გაზრდილი სატვირთო მანქანების კოლონა აჩვენა, რომლებიც მოძრაობდნენ.

ხუთშაბათს და პარასკევს გადაღებულ ფოტოებზე ჩანს მიწისქვეშა სამხედრო კომპლექსის შესასვლელთან ახლოს, სატვირთო მანქანების აქტივობა.

19 ივნისს, მიწისქვეშა სამხედრო კომპლექსისკენ მიმავალ გზაზე დაფიქსირდა 16 სატვირთო მანქანა. არსებობს ვარაუდი, რომ ირანმა ფორდოდან წინასწარ გაიტანა და უსაფრთხო ადგილას გადამალა გამდიდრებული ბირთვული საწვავი.

ფორდოს ობიექტი ირანის დედაქალაქ თეირანის სამხრეთით, მთის ქვეშ 90 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს და ბეტონის ფენებითაა გამაგრებული. როგორც მოგეხსენებათ, ნატანზისა და ისპაჰანის ბირთვულ ობიექტებთან ერთად, შაბათს აშშ-ის საჰაერო დარტყმების სამიზნე ფორდოც გახდა.

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმა "გასაოცარ სამხედრო წარმატებად" შეაფასა, რომელმაც "მთლიანად გაანადგურა ირანის ძირითადი ბირთვული ობიექტები".

კვირა დილის მონაცემებით, თავდასხმების შემდეგ, საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოსა და ირანის ბირთვული უსაფრთხოების ცენტრის განცხადებების მიხედვით, რადიაცია ან დაბინძურება რეგიონებში არ შეინიშნება.

Maxar Technologies-მა აშშ-ის თავდასხმის შემდეგ გადაღებული ფოტო კადრიც გაასაჯაროვა. 22 ივნისს გადაღებულ მაღალი გარჩევადობის სურათზე ჩანს ექვსი ახალი კრატერი - ესენი სავარაუდოდ, აშშ-ის საბრძოლო მასალის შეღწევის წერტილებია - ასევე ნაცრისფერი მტვერი და ნამსხვრევები, რომლებიც დარტყმების შედეგად მთის ფერდობზეა მიმოფანტული.

წყარო: cnbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა