მაქვს შთაბეჭდილება, რომ გახარია გაურბის კითხვებზე პასუხის გაცემას - ის რამდენიმე კვირით არის წასული საქართველოდან. ასე სამარცხვინოდ გაქცევას საგამოძიებო კომისიიდან, შეფასებაც არ სჭირდება, - ამის შესახებ პრემიერ - მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, "გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შს მინისტრის გიორგი გახარიას საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განმეორებით დაბარებასთან დაკავშირებით განაცხადა.
"მაქვს შთაბეჭდილება, რომ გახარია გაურბის კითხვებზე პასუხის გაცემას, ამის გამო ის დიალოგისთვის განსხვავებულ ფორმას ითხოვს. მგონია, რომ მის ინტერესებში უნდა იყოს კომისიის სხდომაზე მისვლა და კითხვებზე პასუხის გაცემა, თუ მართალია. რა თქმა უნდა, მე სხვა აზრი მაქვს. მე ვიცი, რომ წერილის თანახმად, ის რამდენიმე კვირით არის წასული საქართველოდან. ეს ღიმილის მომგვრელია. ასე სამარცხვინოდ გაქცევას საგამოძიებო კომისიიდან, შეფასებაც არ სჭირდება. მას რომ ჰქონდეს კითხვებზე პასუხები, ამას არ გააკეთებდა.
რაც შეეხება ჩორჩანას საქმეს, აქაც გამოძიება უნდა დასრულდეს. ეს არის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის, სამართალდამცავი უწყებების საქმე. ჩემთვის, ზოგადად, სურათი დღესავით ნათელია - ეს იყო მინი მოდელი იმისა, რაც გააკეთა სააკაშვილმა 2008 წელს“, - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, გიორგი გახარია საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე მეორედ, 23 ივნისს ჩორჩანას საკითხზე სასაუბროდ დაიბარეს. როგორც "გახარია საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გიორგი გახარია საქართველოში არ იმყოფება და კომისიას მისი დისტანციურად ჩართვის თხოვნით მიმართა, რაზეც უარი მიიღო.